რუსუდან შარაძე: "გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი პირადად სააკაშვილია"

რუსუდან შარაძე: "გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი პირადად სააკაშვილია"

რამდენიმე დღის წინ პარტია "ერთიანი საქარ­თველოსთვის" ექსლიდერის, ირაკლი ოქ­რუაშვილის ყოფილი მძღოლი, ამჟამად პატიმარი გიორგი ჩიხლაძე ერთ თითქოსდა გახსნილ და გახმაურებულ მკვლელობაზე ალაპარაკდა. კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ჩემგან ირაკლი ოქრუაშვილზე ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა, მემუქრებოდა, ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძეო. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მხეცურად მოკლული აკადემიკოსის ქალიშვილის, რუსუდანისთვის იყო, რომელსაც ჟენევაში დავუკავშირდით.

რუსუდან შარაძე:

- ამ დღეს ველოდი 5 წლის, 4 თვისა და 2 დღის განმავლობაში, მაგრამ თუ სიმართლე ხელისუფლების შეცვლამდე გამჟღავნდებოდა, არ მეგონა. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, გავქვავდი. პატიმართა წამების კადრებმა თუ შოკში ჩამაგდო, ამ ამბავმა შოკიდან გამომიყვანა. მიუხედავად განცდილი უბედურებისა და გადატანილი ტანჯვისა, რაც მე და ჩემს ოჯახს თავს დაგვატყდა, ჩემი მიზანი არ არის შურისძიება, არავის სისხლი არ მწყურია, მხოლოდ სამართალი უნდა აღდგეს და მკვლელები გასამართლდნენ. აუცილებლად დავუკავშირდები ირაკლი ოქრუაშვილს და ყველას, ვინც შეიძლება რამე იცოდეს მამას მკვლელობის შესახებ. სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება, ისევე როგორც დამტკიცდა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი პირადად სააკაშვილია.

- რუსუდან, როგორ შეაფასებ ტელევიზიით გავრცელებულ კადრებს, რომ­ლებიც საქართველოს პენიტენციურ დაწე­სებულებაში პატიმართა სასტიკ წამებას ასახავს?

- ამ კადრებმა ჩემში ზიზღი და აგრესია გამოიწვია. კარგად გამოჩნდა, რისი მკადრებლები არიან სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. ამაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს! ასე თუ ისე, შევძელი მეყურებინა, როგორ გაუხვრიტეს შუბლი მამაჩემს ავაზაკებმა, მაგრამ ამ ამაზრზენი კადრების ბოლომდე ნახვა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. უბედურება ის არის, რომ გავრცელებული კადრები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მათ აქვთ ჩადენილი.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პატიმართა წამების ფაქტები მათთვის უცნობი იყო. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, პრეზიდენტიდან დაწყებული, ექსმინისტრ კალმახელიძით დამთავრებული, არის ცრუ. მსოფლიომ იხილა, ვინ არის სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიულ სამყაროში მას ვეღარავინ დაუჭერს მხარს. არ მეგულება ნორმალური ადამიანი, განურჩევლად წარმომავლობისა, რასისა თუ ადგილსამყოფელისა, შეძრული არ დარჩენილიყო ამ კადრების ხილვით.

მამაჩემის მკვლელობის პირველი წუთიდან ვამბობდი, რომ გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი სააკაშვილია, ხოლო გიორგი ბარათელი არის სრულიად უდანაშაულო და მისი სიცოცხლე საფრთხეშია, რისთვისაც ბევრი ეჭვის თვალით მიყურებდა. მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ, ბევრმა დაიბრმავა თვალი, ხოლო როდესაც ბარათელზე ავტეხე განგაში, როგორც გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმე, შესაძლოა, ის უკვე მოიშორეს-მეთქი, ხელისუფლებამ საშინელი ჭორები გამივრცელა, ჩემ მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები ხალხს ჭირისუფლის ბოდვად რომ ჩაეთვალა. ამ ხუთი წლის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გამჩენია ეჭვი, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გაიხსნება და მკვლელები გასამართლდებიან.

- ხშირად გითქვამთ, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული ბარათელი უდანაშაულოა, იმასაც ამბობდით, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ამჯერად თუ გაქვთ პატიმარზე რამე ინფორმაცია?

- მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის დასადგენად საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანცია მოიარა, სტრასბურის სასამართლოს მიმართა. რაც შეეხება ბოლო არაოფიციალურ ინფორმაციას, 2010 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის წევრებმა ეკა ხერხეულიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორთაჭალის "კრიტში" მოინახულეს გიორგი ბარათელი. მათი თქმით, პატიმარი კარგად იყო და ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ ჰქონდა. ა.წ. 19 სექტემბერს დიმიტრი ლორთქიფანიძეს სოციალურ ქსელში დავუდე ბარათელის ფოტო და ვთხოვე, კიდევ ერთხელ, საქვეყნოდ დაედასტურებინა, რომ მან ეს პიროვნება ნახა, მაგრამ ბატონი დიმიტრისგან დღემდე არაფერი ისმის. შეიძლება ის პასუხის ღირსად არ მთვლის, ისევე როგორც გურამ შარაძის დახვრეტას მიიჩნევს "ვიღაცის პირად საქმედ", მაგრამ მისი დუმილიც თავისებური პასუხია. რამდენიმე დღეში ციხის კარები გაიღება და, ღმერთმა ქნას, იქ გიორგი ბარათელი ვიხილოთ, ის მაშინვე მოყვება სიმართლეს. ბოდიშს მოვუხდი ეკა ხერხეულიძეს და დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეჭვი რომ შევიტანე მათ პატიოსნებაში, მაგრამ თუ გიორგი ბარათელი იქ არ აღმოჩნდება, მაშინ ამ პიროვნებებს გამოძიების წინაშე მოუწევთ გახსენება, ვინ მოინახულეს ორთაჭალის "კრიტში".

- რუსუდან, რამდენიმე დღეში საქართველოში არჩევნები ჩატარდება. თუ არის ჟენევაში საარჩევნო უბანი და როგორ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

- კრიმინალური ხელისუფლების ყველა მოქმედება ემსახურება არჩევნების გაყალბებას, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ მათ გამარჯვების შანსი აქვთ?! რა თქმა უნდა, ჩავალ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში და ხმას მივცემ "ქართულ ოცნებას".

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"