"არაკაცების საკანში უშვებდნენ იმ პატიმარს, ვისზეც იყო ზემოდან მიღებული "ზაკაზი" და ესენიც ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ"

"არაკაცების საკანში უშვებდნენ იმ პატიმარს, ვისზეც იყო ზემოდან მიღებული "ზაკაზი" და ესენიც ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ"

"თუ საზოგადოებას თავისი ცივილურობის დონის

დანახვა სურს, შეიხედოს საკუთარი ციხის კედლებში"

ფიოდორ დოსტოევსკი

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი ნებით თვალახვეულმა ქართველმა საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, შეიხედა ციხეში და იქ ნანახმა მთელი ქვეყანა შეძრა. გთავაზობთ მონაყოლს ყოფილი პატიმრისა, რომელმაც ბოლო რვა თვე გლდნის მე-8 საპყრობილეში გაატარა, დანარჩენი კი - ქსნის ციხეში. ამ ადამიანის გვარ-სახელს მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, თუმცა საეჭვოა, ჩვენს მკითხველს, რომელმაც პატიმართა წამების ამსახველი უსასტიკესი კადრები იხილა, ჩვენი რესპონდენტის მონათხრობში რაიმე არადამჯერებლად მოეჩვენოს.

- გლდანის ციხის ადგილობრივი თანამშრომლები - რიგითი კონტროლიორი, უმაღლესი ჩინის ოფიცერი თუ სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, ყველა ძალადობდა პატიმრებზე. ვიღაცები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ, ვიღაცები - ნაკლები. პატიმარს ვერ ნახავთ, ვინც გლდანში ყოფილა, ეს რომ არ თქვას. გლდანის ციხეში კარანტინის დაშლის კადრი ხომ ყველამ ვნახეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მაგ კადრებში ძალიან მსუბუქად ურტყამენ პატიმრებს. თქვენ არ იცით, ყოველ პარასკევს, ანუ როცა კარანტინი იშლება და საკნებში გადაჰყავთ პატიმრები, იქ რა ცოდვის ტრიალი იყო. ამ კადრებში ისე ჩანს, რომ ცემისას ხელკეტსაც არ ხმარობენ, არადა, ჩემი იქ ყოფნის დროს, ანუ დაახლოებით ერთი წლის წინ, მხოლოდ ხელკეტებით კი არა, წყლის გაყვანილობის პლასტმასის მილები რომაა, იმით გვცემდნენ. სისხლის გუბეები დგებოდა. ზედამხედველთა ამ სადამსჯელო დერეფანს გადიოდა ყველა, მათ გარდა, ვისაც ახლობელი ჰყავდა ციხის ადმიანისტრაციაში ან ზემოდან ჰქონდათ ბრძანება. კარანტინის ყოველ დაშლას აუცილებლად ესწრებოდა ვინმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.

- უკვე საკანში გადაყვანილი პატიმრის ცემის მიზეზი რა შეიძლება გამხდარიყო?

- ნებისმიერი რამ. მაგალითად, წამიერად ლოგინზე ჩამოჯდომა ან ჩვეულებრივი ტონალობით ლაპარაკი. უნდა გელაპარაკა ჩურჩულით. შეიძლება იმის გამო ეცემათ პატიმარი, მხარზე ბუზი რატომ გაზისო. იყვნენ თანამშრომლები, რომლებსაც როცა ავალებდნენ, მხოლოდ მაშინ გვცემდნენ, ზოგს უკვე ამის მოთხოვილება ჰქონდა, შესაბამისად, მიზეზიც არ სჭირდებოდათ. მათგან ერთ-ერთი, ვინც ყველასგან გამოირჩეოდა სისასტიკით, ლევან ბეშქენაძე, იგივე "ბეშქენა" იყო. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ეს კაცი მანიაკია, თუმცა, როგორც ვიცი, დაკავებული არ არის. ეს მკურნალიძე დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო, გლდანში კარანტინის დაშლისასაც მინახავს და ქსანში ყოფნისასაც. როგორც ამბობდნენ, ყველა სხვა ციხეში ნახავდით, როდესაც პატიმრები იყვნენ დასასჯელი და სიკვდილამდე საცემი. გამოქვეყნებულ კადრებში სხვებიც ვიცანი, მაგრამ მათი გვარი არ ვიცი. გლდანში ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მთავარი ჯალათი იყო ოლეგ ფაცაცია. ციხის უფროსი ხუჭუა მასთან შედარებით არაფერია. ხუჭუა დაინიშნა იანვარში, მისი მოსვლის შემდეგ ოდნავ შეიცვალა სიტუაცია წინა უფროსის, მუხაძის მმართველობის პერიოდთან შედარებით. ეს მუხაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, მის დროს პატიმრები "პრაგულკაზე" ვერ გავდიოდით დამატებითი შეურაცხყოფისა და ძალადობის შიშით. ამ "პრაგულკის" დროს ზედამხედველთა სისასტიკეს ახსნაც შეიძლება მოუძებნოს კაცმა. ვინც ღამის მორიგე იყო, მას უნდა გაეყვანა დილით "პრაგულკაზე" პატიმრები, მანამდე ვერ მიდიოდნენ შინ, ჰოდა, ღამენათევები, ათასი საზიზღრობის ჩამდენები, კიდევ უფრო ავდებოდნენ დილაობით. ამ საშინელ სამსახურში სადღაც 500-600 ლარ ხელფასს იღებდნენ, ამითაც იყვნენ გაბოროტებული. "ლარიოკში" რომ რაღაცას ვყიდულობდით, ის უკვირდათ, კამერიდან პატიმრებს სიგარეტს ჰპარავდნენ. მაგათ შორის ყველაზე ნორმალური იყო აი, ის, აკობია, დაკავებული რომაა. ეგ ე.წ. დეპეენკაში მუშაობდა, ლადო ბედუკაძის ხელქვეითი იყო... ბედუკაძესაც შევხვედრივარ ციხეში, ძალიან ადამიანურად იქცეოდა, დაჯდებოდა პატიმრებთან, ელაპარაკებოდა. მაგისგან შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მსმენია. მაგრამ ახლა იმასაც ვფიქრობ, იქნებ კამერა ჰქონდა დამაგრებული და კარგი ბიჭი რომ გამოჩენილიყო, იმიტომ იქცეოდა ასე-მეთქი. სხვათა შორის, ბევრი პატიმრისგან მომისმენია, რომ თავის დროზე თურმე არავის ჩამოუვარდებოდა პატიმრების წამებაში, მაგრამ მერე რაღაც ისეთი მოხდა მის ცხოვრებაში, რომ ასოთხმოცი გრადუსით შეიცვალა. თურმე დიდი ხნის განმავლობაში წვერმოშვებული დადიოდა, ეკლესიაში დაიწყო სიარული, მორწმუნე გახდა. ზედამხედველები დასცინოდნენ, რამ "გამოასირა" ეს ბედუკაძე, რას დაემგვანა, როგორ ელაპარაკება ამ "ჩმორებსო" (პატიმრებს გულისხმობდნენ). ვინც ცოტა ნორმალურად მოექცეოდა პატიმარს, "სირად" და "ჩმორად" მიიჩნევდნენ, მაგარ ბიჭობად ის ითვლებოდა, რაც უფრო სასტიკად აწამებდი ვინმეს.

- ამბობენ, რომ ასე მხოლოდ ქურდებს ექცეოდნენ...

- ჯერ ერთი, ე.წ. კანონიერი ქურდები გლდანის ციხეში არ არიან, ეგენი მე-7 იზოლატორში სხედან. მეორეც, იქ არ ხდება გამორჩევა, ყველას ასე ექცევიან, კარანტინის დაშლისას ყველას სცემენ, გარდა ამისა, ცდილობენ, პატიმართა ნაწილის "დავერბოვკებას", თანამშრომლობაზე ხე­ლის მოწერამდე საშინელ დღეში აგდებენ. აქაც ლატარიაა, რა პრინციპით არჩევენ ამისთვის პატიმარს, სრულიად გაუგებარია, თუმცა ხომ სცემდნენ არანორმალურად, აწამებდნენ, ხე­ლს აწერინებდნენ რაღაც ქაღალდებზე, მერე ჩამოჰყავდათ საკანში და დასცინოდნენ: "ბიჭო, როგორ გაბოზდიო". ღამის ოფიცრებს ასეთი გართობა ჰქონდათ: გასაღებების ასხმას გრძელ დერეფანში გააცურებდნენ იატაკზე და ვის საკანთანაც გაჩერდებოდა, შედიოდნენ და ხოცავდნენ პატიმრებს ცემით.

- საზოგადოების ყველაზე დიდი აღშფოთება გაუპატიურების კადრებმა გამოიწვია.

- ამ კადრებში იყო გაუპატიურება ცოცხით და ხელკეტით, მაგრამ ამის გარდა, ასევე ჰყავდათ ერთი ბრიგადა პატიმრებისა, რომლებიც მუშაობდნენ ციხის ადმინისტრაციაზე და იღებდნენ გარკვეულ პრივილეგიებს. ამ არაკაცების საკანში უშვებდნენ იმ პატიმარს, ვისზეც იყო ზემოდან მიღებული "ზაკაზი" და ესენიც პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს.

- რა ხდებოდა ქსანში?

- ქსანში ახალ მიყვან­ილ პატიმრებს, "ეტაპიდან" ჩამო­ყვა­ნისთანავე გვარიანად სცემდნენ. მაგრამ გლდანის შემდეგ ეგ უკვე არაფრად მიგვაჩნდა. ქსანში ცოტა ხანს მომიწია ყოფნამ და იქაც შევესწარი პატიმრების "დავერბოვკების" მცდელობას, როგორ აშინებდნენ, როგორ უტარებდნენ ყურთან ელექტროშოკს, სცემდნენ პლასტმასის ჯოხებით, ამის შემდეგ თუ მოუწერდი ხელს, ხომ კარგი, თუ არადა, განებებდნენ თავს, ბოლომდე არ "გაწვებოდნენ".

იქაც ამ საშინელების თავი­დათავი ციხის ადმინისტრაცია იყო, ციხის უფროსი შოთა თო­ლორდავა და რეჟიმის უფ­როსი ლევან ლეჟავა. თუ რომელიმე პატიმრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, როგორც წესი, ის ყველაზე ცუდ დღეშია. ასეთი მოპყრობის გამო ივლისის დასაწყისში ქსნის ციხეში სერიოზული არეულობა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო. მაშინ დაიწერა 700 პატიმრის ხელმოწერილი საჩივარი და გადაეცა სახალხო დამცველს, როგორ მოხდა, რომ ტუღუშისთვის საჩივრის გადაცემიდან მეორე დღესვე ყველა ამ პატიმარის სახელი და გვარი იცოდა ციხის უფროსობამ? სულ სათითაოდ დაიბარეს, ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი, ნაწილი "კრიტში" გაუშვეს, ნაწილს ადმინისტრაციული სასჯელი დაუმატეს, ნაწილს გვარიანად ურტყეს. ჩაკეტეს კამერები, ყველაფერი წაგვართვეს. კარგა ხანს არც რადიო გვაღირსეს და არც ტელევიზორი. ქსნის ციხე ნახევრად ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. კორპუსებსა და ფლიგელებს შორის გადასვლის უფლება არ გვქონდა, ასევე შეზღუდული იყო ჩვენი ეზოში გასვლაც, არადა, როგორც ჩანს, სრულიად უკანონოდ, წესით, ექვს საათამდე ციხის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება უნდა გვქონოდა. ამას იცით, საიდან ვასკვნი? როდესაც ციხეში სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენლები შემოდიოდნენ, ყველა კარი იღებოდა. თუ ეს აკრძალული იყო, რატომ აღებდნენ? ვერავინ დამაჯერებს, რომ ასე ერთბაშად დამთავრდება ის ჯოჯოხეთი, რასაც ხელისუფლება გლდანში და სხვაგანაც სჩადის. ტუღუში რომ გაიძახის, ყველა თანამშრომელი გავუშვით გლდანის ციხიდანო, თუ მართლა გაუშვეს, ასე უცებ მათ ადგილას ვინ მოიყვანეს?..

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა