"ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "მსხვერპლი არაა და ყველაზე მთავარი ეს არის. არ არიან არც დაშავებულები. ჩვენ პირველი წუთები სწორედ თანაშრომლების ევაკუაციას მოვანდომეთ. როგორც მეხანძრეებმა გვითხრეს, დაახლოებით 20 წუთის წინ მოხდა ხანძრის ჩაქრობა. მინდა მადლობა ვუთხრა მეხანძრეთა კოლექტივს ოპერატიულობისა და თავგანწირვისთვის", - განაცხადა ლადო გურგენიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბანკის სასერვეროს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც "ლიბერთი ბანკის" ბანკომატები დღეს არ იფუნქციონირებს.
"მე გავეცი ბრძანება, რომ ჩვენმა ქსელმა ხვალ დილით მინიმალური შეფერხებით იმუშაოს. ამ წუთში სასერვეროს დენი არ მიეწოდება და დღეს ჩვენი ბანკომატები არ იმუშავებს. ასევე, თუ საჭირო გახდება, გამოვიყენებთ ეროვნული ბანკის ხელშეწყობას, რათა ჩვენი სერვისცენტები ავამუშაოთ. ჩვენი სერვისით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, კოლექტივი გააკეთებს ყველაფერს, რომ შეფერხება იყოს მინიმალური", - განმარტა გურგენიძემ.
მისივე თქმით, შენობა დაზღვეულია, თუმცა, ზიანის მასშტაბები ხვალ შუადღისთვის გახდება ცნობილი.