სირცხვილი და სისტემური მარცხი უკან შემობრუნებად უნდა ვაქციოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე , ამომრჩევლებთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, უგულავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილმა ძალადობის საშინელმა ფაქტებმა ყველა შეძრა.
"ამ ფაქტებმა ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა ეზოებში, სადარბაზოებში თუ საუბნო პოლიციებში. ჩვენ შევძელით ძალადობის აღმოფხვრა ყველგან, მაგრამ სისწრაფეში სადღაც რაღაც გამოგვეპარა და ყურადღება ვერ მივაქციეთ. მე თანავუგრძნობ დაზარალებულებს და მათ ოჯახებს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი წამების იარაღი - ჯვარი იქცა კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის მთავარ სიმბოლოდ. სწორედ ამ მაგალითით, ჩვენ ეს სირცხვილი, გნებავთ სისტემური მარცხი უნდა ვაქციოთ შემობრუნებად, კათარზისად გამჭვირვალე, სუფთა და ადამიანური მმართველობისკენ იმ იმედად, რომ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ დატოვებს ჩვენს სადარბაზოებს, ქუჩებსა და თუ ეზოებს. იმედად, რომ მომავალი უკეთესი იქნება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, დღევანდელი საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავდება 10 წლის წინანდელისგან, მათ შორის იმით, რომ მას წარსულში დაბრუნება აღარ სურს.
"დღეს ჩვენს ხალხს გაგონება არ სურს წარსულში დაბრუნების, რადგან იგრძნო განვითარების გემო. არჩევნები მოგვადგა კარს, თუმცა, ბევრ ადამიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმას, ბევრი ყოყმანობს, რადგან კომპრომატების ნიაღვარმა თავგზა აგვირია, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვებრძვით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარი, რისთვისაც ვიბრძვით, დაგვავიწყდა - ხალხი, მისი პრობლემები, როგორ უნდა ვებრძოლოთ უმუშევრობას, როგორ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ინვესტიცია. ეს არ არის მოკლე გზა, ჩვენ ამ გზას შევუდექით 2003 წლის ნოემბრიდან. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გავცეთ სწორი პასუხი – ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დახევის, ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ", - აღნიშნა უგულავამ.