"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"

"დილაობით, შემოწმებისას, გვაიძულებდნენ გავშიშვლებულიყავით, შემდეგ კი შეუბრალებლად გვცემდნენ"

რეზინისა და რკინის ხელკეტი, სიგარეტი, ცოცხი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ. ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში ნაჩვენები კადრები იყო იმის დასტური, რაზეც ადამიანის უფლებათა დამცველები და პრესა დიდი ხანია საუბრობდნენ, ნანახმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. პენიტენციურ სისტემაში, კერძოდ კი, გლდანის მე-8 საპყრობილეში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ ლაპარაკი იყო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება ზოგადად საქართველოს ციხეებში.

ასეთივე მდგომარეობაა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"დილაობ­ით, შემოწმებისას, გვაი­ძუ­ლებდნენ გა­ვშიშვლე­ბულიყავით, რის შემდეგაც, ვიდრე არ მობე­ზრდებოდათ, შეუბრალებლად გვცემ­დნენ. რამ­დ­ენიმე საათს გვამ­ყოფებდნენ ხელებდაწყობილს და თუ რომელიმე დავიღლებოდით, კოლექტიურად გვსჯ­იდნენ და ცივ წყალს გვასხამდნენ", - ამბობს პატიმარი გიორგი გ.

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1464 პატიმარია, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ თანამშრომლები უხეშად და დამამცირებლად ექცევიან. ბევრი პატიმარი უარს ამბობს კანონით გათვალისწინებული ვადით, ერთი საათით გასეირნებაზე, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატიმარი მეორეს მიესალმება, გასეირნება წყდება და მათ აბრუნებენ საკნებში. პატიმრები აცხადებენ, რომ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარ­ტოო საკანში გადაყვანის ნაც­ვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მათი უმრავლესობა ე.წ "ბოქსებში" გადაჰყავთ. "ბოქსი" 2-3 კვმ ფართობის საკანია, სადაც არ დგას მაგიდა, სკამი, საწოლი, დასჯილი პატიმრები კი 3-იდან 24 საათამდე ფეხშიშველი, საცვლებისამარა დგანან, რადგან ადმინისტრაციის თანამშრომლები იატაკზე წყალს ასხამენ, პატიმრებს წამოწოლის საშუალება რომ მოუსპონ. მდგომარეობის გაუარესება 2011 წლის ივლისიდან დაიწყო, რასაც პატიმრების უმრავლესობა დირექტორის შეცვლას უკავშირებს.

დაწესებულებაში გამეფებულ შიშ­ზე მეტყველებს ისიც, რომ პატიმრების თქმით, ისინი უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც კი ერიდებიან სამედიცინო დახმარების მოთხოვნას. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმრებმა იმ პირობით გაბედეს მასთან გასაუბრება, თუ არ დაასახელებდნენ მათ ვინაობას და მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებდნენ. პატიმარი გიორგი ს.: "საკნის ჩხრეკის შემდეგ გამომიყვანეს საკნიდან, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა, შემდეგ კი სპეცრაზმელებს უბრძანეს ჩავეყვანე "ბოქსში". იქ ყოფნისას მაიძულებდნენ, დავმდგარიყავი მუხლებზე".

გოგიტა ზ: "ჩემს საკანში შემოვიდა სპეცრაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, ცემით გამატარეს ციხის კორიდორში, დამიწყეს წამება, რა დროსაც გონება დავკარგე, გონზე მოსასვლელად დამასხეს ცივი წყალი. შემდეგ კი "ბოქსში" ჩამიყვანეს, სადაც 7 საათი მამყოფეს გაშიშვლებული".

სახალხო დამცველის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბასილაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე მათ რამდენჯერმე მიმართეს პრობაციის სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

"სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, აქ ლაპარაკი იყო ფიზიკურ ძალადობასა და პატიმართა ღირსების შემლახველ სხვა ფაქტებზე. მე რამდენჯერმე ვიყავი ციხეში და მინდა აღვნიშნო, რომ ამჯერად პატიმრებზე ფიზიკური ძალადობა აღარ ხორცილედება. გათავისუფლებულია მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, თუმცა ეს ადამიანი დიდი ხნის წინათ უნდა ყოფილიყო თანამდებობიდან მოხსნილი", - აცხადებს სახალხო დამცველის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბასილაძე.

P.S.სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის გამინისტრების შემდეგ, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორობის მოვალეობის შემს­რულებლად დავით ვაშაკიძე დაინიშნა, ალბათ, მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნება ციხის ადმინისტარციას პატიმრებთან.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ