თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა

თინა ბურჯალიანი - ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა

ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაგზავნა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა.

ბურჯალიანის თქმით, მასალების გაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, ქართული მხარე ბელგიელ კოლეგებთან თანამშრომლობას განაგრძობს და მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას მიაწვდის.

"პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე.

ვლადიმერ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად", - აღნიშნა თინა ბურჯალიანმა.

მისივე ინფორმაციით, რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ ქვეყნის დატოვება მოახერხა და ამჟამად ბელგიის სამეფოში იმყოფება, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის N8 საპყრობილისა და ქუთაისის N2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობების პირები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა