პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ

პატიმრები თანამედროვე ჯურღმულის შესახებ

ორი ანონიმი ექსპატიმრის მონათხრობით, მათთან ერთად "გავიარეთ გზა" საპატიმროში ფეხის შედგმიდან - გათავისუფლებამდე. მაგრამ ჩვენი დაზაფრული საზოგადოება იცნობს ბევრ ადამიანს, რომელსაც ეს გზაც აქვს გავლილი და არანაკლებ დიდ საშინელებებს შესწრებია ან თავს გადახდენია.

სამი პატიმარი, რომლებსაც დავუკავშირდით, ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ მათი მწარე თავგადასავალი ერთიმეორეს ჰგავს. უპირველესად იმით, რომ ამხელს მანკიერ სისტემას, რომელმაც ადამიანს ადამიანად ყოფნის უფლება წაართვა, ამასთან - პატიმარსაც და მის ზედამხედველსაც. ამიტომ არის დანაშაულებრივი და ე.ი. უკანონო, რადგან კანონიერი სასჯელაღსრულების სისტემა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ რა დანაშაულისთვის მოხვდა გისოსებს მიღმა, ორივე მხარის მოქალაქეობრივ უფლებებს იცავს...

ჩვენი რესპონდენტები სასჯელაღსრულების სისტემაში დაბუდებულ სიმახინჯესაც ამხელენ და მაღალი თანამდებობის პირების სხვა დანაშაულებრივ ქმედებებსაც და გვიყვებიან ისეთ ამბებს, რომლის შესახებაც აქამდე დუმილს ამჯობინებდნენ...

ლილი გელაშვილი, თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი:

- შარშან, 11 ოქტომბერს, შვილი სკოლაში მიჰყავდა, როცა ნაცნობმა პოლიციელებმა განყოფილებაში გაყოლა სთხოვეს. იქ მისულს, 236-ე მუხლით - იარაღის უკანონო ტარება-შეძენისთვის წაუყენეს ბრალი. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეკოწიწებული ბრალდება იყო.

- რა როლი ჰქონდა თამაზ თამაზაშვილს "ქართულ ოცნებაში"?

- არანაირი როლი არ ჰქონია. მაშინ პარტიაც კი არ იყო ჩამოყალიბებული. მაგრამ თამაზაშვილი ივანიშვილის უახლოესი ადამიანის, ფონდ "ქართუს" პრეზიდენტის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. მისი შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია. რაც მთავარია, ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც წარსულში, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო, კახეთში დიდი ავტორიტეტი აქვს. მართალია, იგი ხელისუფლებას კრიმინალების მფარველად გამოჰყავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ კაცის გარეთ ყოფნა დიდ პრობლემას შეუქმნიდა "ნაციონალურ მოძრაობას": იცოდნენ, რომ ეს ადამიანი "ქართული ოცნების" გვერდით იქნებოდა... დაკავებისას ხელისუფლებას კიდევ სხვა გათვლა ჰქონდა (იმ პერიოდში ამაზე არ ვლაპარაკობდით): იმასაც ფიქრობდნენ, რომ გენერალ-მაიორი, ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ... კარგად გვახსოვს, როგორ გამოიყენეს 26 მაისის მოვლენების დროს ერთ-ერთი გენერლის დაკავება - თითქოს გადატრიალების მცდელობას უწევდა ორგანიზებას. სქემა აქაც იგივე იყო - აუცილებელი იყო, თამაზაშვილისგან იარაღის არსენალი ამოეღოთ, რომ ჰქონოდათ იმის თქმის საფუძველი, შეიარაღებული გადატრიალება მზადდებაო. მაგრამ ამ სქემას ამუშავება არ ეწერა, რადგან პირველი დღიდანვე ბიძინა ივანიშვილმა ქუჩის აქციებზე უარი თქვა. თამაზაშვილი კი ციხეში დარჩა.

- ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნოდა?

- წლების მანძილზე ორგანოში მუშაობდა. როდესაც მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, სეიფში გაფორმებული იარაღები აღმოაჩინეს. ტარების უფლებაც ჰქონდა, მაგრამ არ ატარებდა. მათი მტკიცებით კი თურმე მანქანაში გაუფორმებელ-დაზიანებული "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ჰქონდა. არანაირი იარაღი ჩადებული და შესაბამისად, ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისას არც ჩხრეკა ჩატარებულა, მაგრამ შემდეგ დადეს ოქმები, სადაც წერია, თითქოს მანქანიდან ამოიღეს. ჯერ მასთან ასეთი ლაპარაკი იყო: დაჰკავშირებოდა სიძეს და მოეთხოვა, ივანიშვილისგან წამოსულიყო და მის წინააღმდეგ განცხადება გაეკეთებინა. ამაზე რომ ვერ დაითანხმეს, მერე შვილის დაჭერით დაემუქრნენ. ბოლოს კი პოლიციის შენობაში მაგიდაზე შეფუთული ნივთი დაუდეს და უთხრეს, - ეს ავტომატი შენიაო. ექსპერტიზამ თქვა, რომ ამოღებული იარაღი ავტომატური სროლისთვის უვარგისია, მისი ერთჯერადი გასროლა მხოლოდ დაშლა-აწყობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს დედოფლისწყაროში, მის დაკეტილ სახლში. როდესაც შვილმა გაიგო, ჩხრეკას ატარებდნენ, გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, - გზაში ვარ, მოვალ და კარს გაგიღებთო, - მაგრამ არ დაელოდნენ და სახლში შეძვრნენ. არც ერთი მეზობელი დამსწრეს სტატუსით არ მიუყვანიათ და ითქვა, თითქოს სახლიდან კიდევ ამოიღეს სხვადასხვა იარაღი. სასამართლოზე მოწმეებად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოიყვანეს, თითქოს ჩხრეკას ისინი ესწრებოდნენ. მათი დაკითხვები კურიოზული იყო. დაზეპირებული ჰქონდათ ჩხრეკის ოქმი, კითხვის დასმისთანავე იბნეოდნენ და ცხადი ხდებოდა, რომ ისინი იქ საერთოდ არ ყოფილან.

- სოფლის სახლიდან რა ამოიღეს?

- ავტომატი და რევოლვერი ჩაუდეს. ბინიდან ამოიღეს ასევე ორი უძველესი იარაღი. ბატონი თამაზი ადასტურებს, რომ ეს ორი იარაღი მისი ოჯახის რელიკვიაა. ექსპერტიზის დასკვნით, გასროლისთვის ორივე უვარგისია, რადგან ძალიან ძველია, ერთ-ერთი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაქონია (თურმე თამაზაშვილის პაპას ჩოლოყაშვილმა აჩუქა). ეს სასროლად უვარგისი იარაღი სახლში, ბუხრის თავზე იდო... წარდგენილ ბრალდებებში თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იარაღის ტარების მანია რომ ჰქონოდა, მინიმუმ რევოლვერი ექნებოდა, თან ის, რომლის ტარების უფლებაც ჰქონდა და არა - გაფუჭებული ავტომატი. 15 მოწმე დაიკითხა და ყველას ჩვენება სასამართლოს ნორმალურად რომ შეეფასებინა, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა, რადგან ერთმანეთს გამორიცხავდა მათი ჩვენებები. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც გვთავაზობდა. პირობა ასეთი იყო: ბრალის აღიარება, 4 წელი რეალური სასჯელი და კიდევ - პირობითი სასჯელი. თამაზაშვილმა ამაზე კატეგორიული უარი თქვა და ბოლოს მოსამართლე არევაძემ პროკურატურის შეთავაზებაზე ნაკლები სასჯელი გამოიტანა. მინიმუმები შეუკრიბა და თამაზაშვილს 3 წელი და 6 თვე შეეფარდა.

- ახლა მის მიმართ ახალი ბრალდებაც გაისმა: ციხის თანამშრომლების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ამაზე რას ამბობს?

- პატიმრისთვის იმ სამარცხვინო კადრების მიბმასაც ცდილობენ, რომელიც ოთხ კედელშუაა გამოკეტილი და გადაადგილების საშუალებაც არ აქვს. ამის შესახებ მან ინფორმაცია რადიოთი მოისმინა და ცუდად გახდა... ციხეში მათი ნების გარეშე ბუზიც რომ ვერ შეფრინდება, ეს ხომ ყველამ იცის!.. თანამშრომელი ციხის ტერიტორიაზე დააკავეს და მისი კაბინეტიდან 17.000 დოლარი ამოიღესო. ციხის თანამშრომელს თუ რაიმე თანხა უნდა აეღო, ციხეში რატომ აიღებდა, გარეთ არ გადიოდა?! თუ უფრო ადვილია, ციხეში პატიმართან შეიტანო ფული?! თურმე ჯერ თამაზაშვილისთვის უნდა გადაეცათ და მერე მას უნდა გადაეცა თანამშრომლისთვის!.. ან როგორ უნდა შეეტანათ ფული, როდესაც თამაზაშვილს მხოლოდ ადვოკატები ხვდებიან?.. ეს უკანონო განაჩენის გაგრძელებაა და იმ ცილისმწამებლური განცხადებების, რაც თამაზაშვილის მისამართით ჟღერს - ყოველ ნახევარ საათში ატრიალებენ კლიპს და კრიმინალებთან და ნარკობიზნესთან აკავშირებენ ბატონ თამაზს. როცა ამხელა ბრალდებას უყენებ, მაშინ ელემენტარულად, ამის განაჩენი მაინც უნდა არსებობდეს, ან გამოძიება მაინც უნდა ყოფილიყო ამაზე დაწყებული. ამის შესახებ თუ იცოდნენ, 8 წლის განმავლობაში რატომ არ დააკავეს თამაზაშვილი? რა უშლიდა ხელს ამაში სააკაშვილსა და მის გუნდს?! მაგრამ ასეთი დანაშაული არ არსებობს.

- ბრალი ოფიციალურად წაუყენეს?

- აცხადებენ, რომ თურმე რამდენიმე კვირაა, რაც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ თამაზაშვილთან არავინ შესულა და არ დაუკითხავთ. სად იყვნენ ამდენი ხანი?! იქნებ უდასტურებდა?... თუ გამოძიება დაწყებული იყო, არ უნდა შესულიყვნენ მასთან?!. ჰგონიათ, რომ საზოგადოება კიდევ დაიჯერებს ამ ტყუილს და ვერ გაარჩევს შავსა და თეთრს! თვითონ დაეკარგათ სიმართლის მარცვალი და ტყუილში ცხოვრობენ. თურმე ჩვენი პრეზიდენტი პატიმრების წამების გამო ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია. მისთვის მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს, როგორ გამოვიდა კადრები იქიდან, თუ ის, რა ხდებოდა ციხეებში და როგორ აწამებდნენ ადამიანებს?! როგორც ადვოკატი ვაცხადებ, ციხეში ერთი კვადრატული მეტრი ფართობიც არ არის, ვიდეოთვალით რომ არ კონტროლდებოდეს; დამატებით კამერა სრულებით არ იყო საჭირო, მაგრამ იმისთვის იწერდნენ, რომ პატიმრები დაეშანტაჟებინათ. ეს არის დაწუნებული კადრები, დანარჩენი ახალაიას აქვს სეიფშიო. ესეც ძალიან მეცნო: ყველა პატიმარი, როცა წერილს გვიგზავნის, აღწერს იმ მარაზმს, რაც ვნახეთ და იქვე უთითებს, - ვიდეოზე გვიღებდნენო.

- თამაზაშვილიც ნაცემია?

- არა, მაგრამ "კარანტინის" დაშლაში ისიც მოხვდა. რა პირობებში იყო, დეტალურად არ ვიცი, რადგან ამაზე არ ულაპარაკია, - იცის, რომ მისი ოჯახი ძალიან ნერვიულობს. ერთი პერიოდი ცუდად იყო, გულის შეტევა ჰქონდა და სამჯერ ელექტროშოკით გამოიყვანეს ექიმებმა მდგომარეობიდან. საკითხავია - ეს მხოლოდ ნერვიულობის შედეგი იყო თუ სხვა რამის. ფიზიკური შეხება არ ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა სახის პროვოკაციები მოუწყვეს. ცდილობდნენ, მასთან ტელეფონი შეეტანათ, რაზეც უარი თქვა. ამბობს, - დადგებოდნენ ჩემი საკნის წინ ციხის თანამშრომლები და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გინებას იწყებდნენ, ცდილობდნენ, პროვოკაციას წამოვგებოდიო... საკანში აგენტიც შეუგზავნეს, მაგრამ ისიც მალე გაშიფრა. მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პირადი პატიმარია თამაზ თამაზაშვილი და, დარწმუნებული ვარ, ყოველდღე იღებს მასზე ინფორმაციას: თუ მის მიმართ რაიმე პროვოკაცია განხორციელდება და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მთელი პასუხისმგებლობა მასა და მერაბიშვილს დაეკისრება. ხელისუფლება აგონიაშია და რეალური საფრთხე არსებობს, მაგრამ გუნდიდან ვიღაცას ხომ უნდა ეყოს გონიერება, რომ უკანონო ქმედება არ განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ კაცს მისჯილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული და გადასაყვანია კოლონიაში, დღემდე ისევ გლდანის ციხეში ჰყავთ. მითხრან, რატომ არ გადაჰყავთ, თუ მართლა მათი პირადი მძევალი არ არის...

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ