მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რატომ არ ვუყვარვარ ძველი ელიტის წარმომადგენლებს - იმიტომ, რომ ჩვენ მათ ჩამოვართვით პრივილეგიები

მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რატომ არ ვუყვარვარ ძველი ელიტის წარმომადგენლებს - იმიტომ, რომ ჩვენ მათ ჩამოვართვით პრივილეგიები

მათთვის, ვინც ხალხის რაოდენობას ითვლის და ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, გადახედოს ამ მოედანს და ნახოს, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი არჩევანი საქართველოს ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში არ ჰქონია. "ჩვენ, როგორც არასოდეს, ვართ ახლოს მიზანთან - ვიცხოვროთ ევროპულად და გავთავისუფლდეთ წარსულის მარწუხებიდან. გუშინ გაიმართა თბილისში ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც ოდესმე გამართულა და იქ წავიკითხე ევროპის სინდისის, ბერნარ კუშნერის წერილი, რომელიც ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო არის დემოკრატიის მაგალითი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობას ძალიან კონკრეტული არჩევანი აქვს გასაკეთებელი. "მალე ჩვენი პასპორტებით გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ნატოს წევრობის რეალური კანდიდატები ვხდებით - გვირჩევნია ეს თუ ის, რომ მუხლებზე დაჩოქილი მივუხოხდეთ მტერს, დავთანხმდეთ ოკუპაციის დაკანონებაზე, ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო უკან დავბრუნდეთ და დამპყრობლის წესებით ვიცხოვროთ, რომელსაც თვითონ ადგილობრივებიც გაურბიან?! ასეთი ზუსტი არჩევანი იშვიათად გაუკეთებიათ. ყოფილა პერიოდები, როცა ლიდერებს უღალატიათ და შეკვრიან დამპყრობლებს. ეს არის პერიოდი, როცა ამას წყვეტენ არა ცალკეული მოღალატეები, არამედ - ერი. გვინდა ცხოვრება მომავლით თუ წარსულით, ამას გადაწყვეტს არა ის რუსული ტანკები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე დაჯლიგინებენ, არამედ - საქართველოს საზოგადოება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში სახეზე იყო რუსული მეთოდებით ბრძოლა. "ყველა ადამიანი რეაგირებს ემოციურად იმაზე, რასაც ეკრანზე ხედავს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გამჭრიახობას. მეორედ მოვედი გურიაში იმიტომ, რომ დაინახონ - ვერანაირი ფული, შანტაჟი და ემოციებზე თამაში ვერ აგვაღებინებს ხელს უფლებაზე, გადავარჩინოთ საქართველო და მყარად დავაყენოთ ფეხზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ყველაფერი წყდებოდა ერთ ქუჩაზე - თბილისის ცენტრში, რაც დღეს შეიცვალა. "ყველა უნივერსიტეტი, ყველა საავადმყოფო, ცეკას მდივნები, მაშინდელი პარლამენტის წევრები და მთელი ფული ამ ქუჩის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ რა ხდებოდა დანარჩენ თბილისში ან საქართველოში, არ აინტერესებდათ. ვიცი, რატომ არ ვუყვარვარ ძველი ელიტის წარმომადგენლებს - იმიტომ, რომ ჩვენ მათ ჩამოვართვით პრივილეგიები. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, როგორ აუთოებდნენ ხალხს, კანონიერი ქურდები ბოგინობდნენ და ის ხალხი, ვინც ამას ეგუებოდა, დღეს მორალს კითხულობს. ისინი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ, რომ ეს მთავრობა მოაშორონ. არ ვუყვარვართ იმიტომ, რომ ჩვენ მათი ძალაუფლება გადავუნაწილეთ ხალხს და არ მისცეთ საშუალება, წაგართვან", - მიმართა პრეზიდენტმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა