თორნიკე შენგელია შეყვარებულია

თორნიკე შენგელია შეყვარებულია

20 წლის თორნიკე შენგელია, გარდა იმისა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების აქტიური წევრია, თავისი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა - ის "ბრუკლინ ნეთსის" მოთამაშე გახდა. NBA-ში მის გადასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართველ ქომაგებს შორის. თორნიკეს სახელს გასული თამაშების განმავლობაში გულშემატკივრებისგან ხშირად გაიგებდით. შენგელია განსაკუთრებულად გოგონა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია, თუმცა კალათბურთელმა გაგვიმხილა, რომ მისი გული უკვე დაკავებულია.

- სულ თავიდან დავიწყოთ, შე­ნი გატაცებიდან, როცა ცხოვრება კალათბურთს დაუკავშირე...

- კალათბურთის თამაში თბილისში არ დამიწყია. მამაჩემიც კალათბურთელი გახლდათ, უნგრეთში თამაშობდა. ორი თვე სწორედ იქ დავდიოდი სპორტის ამ სახეობაზე. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ვარჯიშს სერიოზულად მოვკიდე ხელი. 15 წლამდე საქართველოში ვთამაშობდი. შემდეგ ვალენსიაში სინჯებზე გავემგზავრე. ბათუმში საკალათბურთო "კემპი" გაიმართა. გამარჯვებული ვალენსიაში უნდა გამგზავრებულიყო. ღმერთის წყალობით, ამ ბანაკში გავიმარჯვე და მე გავემგზავრე. სამი წელიწადი იქ დავრჩი.

- იქ ვარჯიში აქაურისგან რით განსხვავდებოდა?

- ძალიან დიდი განსხვავება იყო - პირველ რიგში, პირობების თვალსაზრისით. ძალიან კომფორტული საცხოვრებელი გვქონდა, ასევე მოქმედებდა დღის რეჟიმი, გვიმოწმებდნენ, რას ვჭამდით ყოველდღიურად, კვების რაციონსაც თავად ადგენდნენ. ვიყავით დიეტაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნაკლები უნდა გვეჭამა. უბრალოდ, ერთ დღეს, ვთქვათ, თევზი უნდა გეჭამა, მეორე დღეს ხორცი და ა.შ. არაფერს ვამბობ ვარჯიშის პირობებზე, დარბაზზე... იქ მივხვდი, რომ კალათბურთი ნამდვილად მაინტერესებდა და ჩემი პროფესია ეს უნდა ყოფილიყო.

შემდეგ გავემგზავრე ბელგიაში. წელს "ბრუკლინ ნეთსის" წევრი გავხდი.

- ამ წარმატების შესახებ დაწვ­რილებით მოგვიყევი.

- ეს კარგი ნაბიჯია არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ ზოგადად, ამ სპორტის წარმომადგენლისთვის. ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ NBA-ში მეთამაშა. ამისთვის ვვარჯიშობდი ძალიან ბევრს. საერთოდ, თუკი თავიდანვე მიზანი არ გაქვს და არ ოცნებობ, წარმატებას ვერ მიაღწევ. თუკი არ იცი, რისთვის შრომობ, ამას რა აზრი აქვს. ძალიან ბევრი ვიშრომე... თუკი გინდა, ვინმეზე მაგარი და უკეთესი იყო, იმათზე მეტი უნდა ივარჯიშო.

- "ბრუკლინ ნეთსმა" თავად შეგარჩია?

- როდესაც ევროპაში თამაშობ, გაკვირდებიან. იმართება 18-წლამდელთა ევროპის ტურნირები. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც გაკვირდებიან და გარჩევენ. ისე მოხდა, რომ იქ წავედი.

- ამაზე ასე გაწონას­წორებულად ლაპარაკობ?

- ახლა იმ ემოციებით ვეღარ გადმოვცემ. აზრზე ვერ მო­ვდიოდი სიხარულისგან. ზუსტი დღე კი არა, ისიც არ მახსოვს, შერჩევის დროს რა ხდებოდა. 60 მოთამაშეს შორის ვიყავი, რომლებსაც არჩევდნენ. კარგა ხანს ვიჯექი იქ, რადგან 54-ე ნომერი მქონდა. როცა მოახლოვდა ჩემი რიგი, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, ძალიან დიდი სიხარული განვიცადე.

- თორნიკე, გარდა იმისა, რომ დიდ გამოცდილებას მიიღებ, ალბათ ანაზღაურებაც კარგი იქნება.

- ვერ ვიტყვი, რომ ანაზღაურებაზე გართულება მაქვს, მაგრამ მაინტერესებს. საბოლოო ჯამში, რაც მეტ თანხას გიხდიან, იმას ნიშნავს, რომ მეტად ფასობ. ყველა ამისკენ მიიწევს და მათ შორის მეც, თუმცა სანამ რაღაც ეტაპამდე მიხვალ, შენთვის ანაზღაურებას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. დამწყები როცა ხარ, ფულზე არ უნდა იფიქრო. როცა სპორტზე ხარ ორიენტირებული, მერე ფული თავისით მოდის.

ბავშვობაში რომ ვოცნებობდი "ენბიეიში" მოხვედრაზე, მაშინ ანაზღაურებაზე არ მიფიქრია, თუმცა თავისთავად ყველა მოთამაშე იქ მაღალანაზღაურებადია. მინდოდა, საქართველო მესახელებინა.

- შენმა ოჯახმა როგორ მიიღო?

- ძალიან ემოციურად. სხვათა შორის, დედაც კალათბურთელი გახლდათ. მამა ამერიკაში იყო, როცა ჩემი ამბავი გადაწყდა. ეს არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის იყო სასიხარულო, ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია.

- რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს...

- ეს მაისური რომ მაცვია, დიდი პასუხისმგებლობაა. ინდივიდუალური რაღაცები გვერდზე უნდა გადადო, როცა ქვეყნის ნაკრებში ხარ. ჩემი ბავშვობის მეორე ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო.

- ყველა ოცნება აგსრულებია.

- სხვებიც მაქვს (იღიმის).

- წლევანდელ ნაკრებთან დაკავშირებით, როცა შესარჩევი ციკლი იყო, ქებასთან ერთად მუდმივად ტრიალებდა კრიტიკული მოსაზრებებიც - ბიჭები ცალ-ცალკე კარგები არიან, მაგრამ თამაშის ბოლოს რაღაც ემართებათო.

- არ გვჭირდება სხვისი თქმა, თვითონაც ვიცით, რომ ბოლოს რაღაც გვემართებოდა. ეს კალათბურთია. ზოგჯერ ჩვენი მეტოქეები ისეთ ძნელ ბურთებს აგდებდნენ... ჩვენს ჯგუფში არ იყო ისეთი გუნდი, ორი თავით მაღლა რომ ვმდგარიყავით. ყველა მათგანი ძლიერი და გამოცდილი ნაკრები იყო. ჩვენი მოწინააღმდეგეები უნდა დავაფასოთ. უნდა გქონდეს შემართებაც, რომ შენ ძლიერი ხარ. ჩვენზე მეტად თამაშის მოგება არავის უნდა, მაგრამ ხდება ხოლმე ისეც, რომ წავაგებთ...

რასაკვირველია, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ხანდახან ისეთი რაღაცებიც იწერება, რომ შესაძლოა, უხეშად რომ ვთქვათ - "დაიგრუზო". ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი არ წავიკითხო. გარედან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. იმასაც ვერ გაამტყუნებ, ვინც გაკრიტიკებს. ისინიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალით არ ვაგებთ (იღიმება).

არ ვიცი, რას დავაბრალო ის, რაც რამდენიმე თამაშში ბოლოს ხდებოდა. შესაძლოა, დაღლილობას ან იღბალს.

- მეორე მხრივ, ბევრი დადებითიც ისმის თქვენ მიმართ, რაც დიდი სტიმული იქნება თქვენთვის.

- რა თქმა უნდა. გულშემატკივრებისგან დიდ სითბოს ვგრძნობთ. მოწინააღმდეგე გუნდიც რომ ხედავს ამას, ესეც დიდი სტიმულია ჩვენთვის. ქომაგი დიდ როლს თამაშობს. არა მხოლოდ სახლში, გასვლით თამაშზეც ვიცით, რომ მთელი საქართველო გვგულშემატკივრობს.

- ამ შესარჩევ ციკლში რომელი თამაში იყო ყველაზე სუსტი?

- ალბათ ბოსნიას დავასახელებ. ჰოლანდიასთან და ბოსნიასთან წავაგეთ. ამ უკანასკნელთან ისეთი თამაში იყო, ან ერთი გუნდი მოიგებდა, ან მეორე.

- წაგების დროს როგორ განიტვირთები?

- ძალიან ბევრი ფიქრი ამაზე არ ღირს. წინ რომ თამაში გაქვს და შენ წარსულზე ფიქრობ, კარგად ვერ მოემზადები. იმ ღამეს ვფიქრობთ ხოლმე, რა შეცდომები დავუშვით და შემდეგ შეხვედრებზე მათ გამოსწორებას ვცდილობთ.

- ნაკრებში გამორჩეული მეგობარი გყავს?

- არა, ერთი ოჯახი ვართ, არა მხოლოდ მოთამაშეები, მწვრთნელები, ექიმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელი იქნება ისეთი მოთამაშის გვერდით თამაში, რომელსაც მოედნის გარეთ არ ელაპარაკები. პირადად მე არ მქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ჩემს გუნდში სხვა ორ მოთამაშეს ჰქონია დაძაბული დამოკიდებულება ერთმანეთთან და ეს შეხვედრაზე ასახულა.

- პოპულარობას გრძნობ თბილისში?

- ხანდახან მცნობენ. მოდიან ხოლმე, გვილოცავენ. რა თქმა უნდა, უცხო ადამიანი რომ მოდის და სიყვარულს გამოხატავს, ეს სიამოვნებას განიჭებს. დალოცვილად ვგრძნობ თავს. არ ხდება ხშირად, უცხო ადამიანს იმიტომ უყვარდე, შენს საქმეს რომ აკეთებ.

- სიმაღლის კომპლექსი არ გაქვს?

- ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი, მაგრამ არასდროს მქონია სიმაღლის კომპლექსი. ადრე თბილისში ცოტა ჭირდა ჩემი ზომის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვა, რაც საზღვარგარეთ ვარ, აღარ მიჭირს.

- ჩაცმა გიყვარს?

- მიყვარს!.. იმიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია. თან, როცა ხალხი გიყურებს და ყურადღებას გაქცევს. კარგი ბრენდის სამოსი უნდა მომეწონოს, რომ ვიყიდო. მაინცდამაინც ბრენდის გამო არ ამოვარჩევ ტანსაცმელს.

- კალათბურთის გარდა რით ხარ დაკავებული, როცა თავისუფალი დრო გაქვს?

- ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო. ფრენების დროს, თავისუფალ საათებში მიყვარს წიგნის კითხვა. ბოლოს "ჯინსების თაობა" წავიკითხე. აქამდე არ მქონდა წაკითხული.

ძალიან დიდი სიამოვნებით ვინადირებდი და ვითევზავებდი, ამის დრო რომ მქონდეს. თავისუფალ დროს იმაში ვხარჯავ, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები მოვიკითხო, რომლებიც ძალიან მენატრებიან. იქაურ მეგობრებთან ერთად იშვიათად დავდივარ რესტორნებში. საერთოდ, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. მეორე დღეს რომ ვარჯიში გაქვს, წინა დღეს კლუბში ვერ გაერთობი. ალკოჰოლი საერთოდ არ შეიძლება. არ მაქვს ალკოჰოლზე გართულება. არ ვსვამ. მგონია, რომ არც ერთ სპორტსმენს არ უყვარს. თუმცა ზოგიერთი დიდი მოთამაშე ეწევა და სვამს. უცხოელებზე ვამბობ. თუკი ხელს არ უშლით, მოსწიონ და დალიონ. ჩემი აზრით, ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია.

- თაყვანისმცემლებზე მინდოდა მეკითხა - გწერენ და გირეკავენ გოგონები?

- ჩემი ტელეფონის ნომერს არ ვარიგებ, ასე რომ, არ მირეკავენ. მწერენ "ფეისბუქზე". თუკი შევდივარ, აუცილებლად ვპასუხობ ყველას, ვინც თამაშების შემდეგ მილოცავს ხოლმე. საერთოდ, სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არ ვარ და იშვიათად შევდივარ. ნერვები მეშლება, სულ იქ რომ არიან ხოლმე. მგონია, ჩვეულებრივი ურთიერთობები უფრო კარგია, ვიდრე ვირტუალური.

- შეყვარებული ხარ?

- (თვალები უციმციმებს) არის გოგონა, რომელიც მიყვარს, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა ვრცლად ლაპარაკი. დრო რომ დადგება, აუცილებლად გაიგებთ. არ დაგიმალავთ.

- როგორი გოგონა მოგწონს?

- როგორიც მყავს, ისეთი (იცინის).

- როგორც სპორტსმენს, გიცნობდა?

- არა. შესაძლოა, მიცნობდა კიდეც, მაგრამ...

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ, ოდნავ (იცინის), ნაწილობრივ, ხანდახან... რომანტიკა ინდივიდუალურია. არ მიფიქრია, ჩემთვის რა არის რომანტიკა.

- ალბათ სიურპრიზი გაგიკეთებია, ჩამოსულხარ ისე, რომ არ სცოდნია შენს შეყვარებულს.

- ჯერ ახალი დაწყებულია ჩვენი ურთიერთობა და ამიტომ მსგავსი სიურპრიზი არ ყოფილა.

- ოჯახის წევრები ცოლის მოყვანას ხომ არ გთხოვენ?

- არა, არასდროს უთქვამთ და არ დავუჩქარებივარ. მათ აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მე უნდა გადავწყვიტო.

- საკუთარი თავით ამაყობ?

- ამპარტავანი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა იმან შემცვალოს, რომ "ენბიეიში" ვთამაშობ და ზევიდან ვუყურო სხვებს. ზუსტად იგივე მენტალიტეტი მაქვს, რაც აქამდე მქონდა. ვის და რატომ უნდა "ვემარიაჟო"? ვერ ვხვდები ამის აზრს. ვის უნდა შევახარბო ჩემი წარმატება? ადამიანს იმის მიხედვით არ ვაფასებ, სად სწავლობს, მუშაობს ან სად თამაშობს. ამის გაკონტროლებისთვის ძალდატანება არ მჭირდება. თავისით გამომდის ასე.

- მომავალზე გიფიქრია, წლების შემდეგ როგორი იქნები?

- ამაზე არ მიფიქრია. ვნახოთ, რა იქნება. თავადაც მაინტერესებს. რაღაცები უნდა დაგეგმო, მაგრამ ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება. ალბათ წლების შემდეგ დაოჯახებული ვიქნები და შვილები მეყოლება.

- გენდომება, რომ შენი შვილი კალათბურთელი იყოს?

- კი და შევეცდები, რომ სპორტის ეს სახეობა შევაყვარო. ხელს შევუწყობ ამაშიც და თუკი სხვა პროფესიას აირჩევს, სხვა რამეშიც. გოგონა თუ იქნება, ვფიქრობ, რომ სხვა პროფესია უნდა აირჩიოს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"