107 პატიმარი ციხის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო 78 პატიმარი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს

107 პატიმარი ციხის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო 78 პატიმარი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს

20 სექტემბრიდან 107 პატიმარი სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო 78 პატიმარი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 8 პატიმარს გაუკეთდა სხვადასხვა სახის ოპერაცია, მათ შორის გულის შუნტირება, სახსრის პროთეზირება და სხვა.

"სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება პატიმართა ჯანდაცვის საკითხებს. აღნიშნული საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენა პირდაპირ კავშირშია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებასთან. წარსულში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიღების დროს, ძირითადად არადანიშნულებისამებრ ხდებოდა საკარანტინე ნაწილში პატიმართა განთავსება. სამინისტრო აუცილებელად მიიჩნევს, კარანტინს გავლის დროს მოხდეს დაწესებულებაში შესული ახალი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა გადამდები დაავადებების სისტემაში გავრცელება", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, დაავადებების გამწვავების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. მათი განმარტებით, განვილილი პერიოდი ცხადყოფს, რომ პატიმართა ჯანმრთელობის მიმართ არასათანადო ყურადღება ხშირად ხდებოდა სხვა უფრო რთული დაავადებების განვითარების საფუძველი.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ყველა დაწესებულების ხელმძღვანელსა და სამედიცინო პერსონალს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ პატიმართა მიმართვებს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, გაუწიონ მათ სათანადო სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში დააყენონ პატიმართა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი.

ამავდროულად, სამინისტრო ყველა სათანადო მედიკამენტსა და სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეიძენს.

"20 სექტემბრიდან აქტიურად ამოქმედდა ავადმოყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული პერიოდიდან სასჯელი გადაუვადდა 20-მდე მსჯავრდებულს. სამინისტროს მიერ ციხის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა შეუქცევადი ხასიათისაა, რაც გააუმჯობებსებს, როგორც ზოგადად პატიმართა ჯანდაცვის მდგომარეობას, ასევე მაქსიმალურად შეამცირებს ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ