რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი

რატომ დუმს პანკისის ამბებთან დაკავშირებით მექა ხანგოშვილი

"ჩეჩნეთის ომის მერე, ინგუშეთში ორი პატარა გოგონას დამწვარი გვამი ვნახე და მის მერე ამგვარი კადრების ყურებისას ცუდად ვხდები. ის, რაც გუშინ ვნახე, შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის. ბოლომდეც ვერ ვუყურე. ამიტომ ვფიქრობდი, შევძლებდი კი თქვენთან სხვა თემაზე საუბარს. ჩემზე ამბობენ, ძლიერი ქალიაო, მაგრამ გული სუსტი მაქვს. სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, როგორ უნდა შევაფასო ეს ყველაფერი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარმა მრჩეველმა, ქალბატონმა მექა ხანგოშვილმა.

სათნოებით დედას ჰგავს, პრინციპულობითა და სამართლიანობით - მამას. ძლიერია მაშინ, როცა საქმე მის ხალხს ეხება. არც იარაღის ეშინია და არც სისხლის. საქართველოში ყველას უყვარს.

დღეს ამ სასიამოვნო ქისტ ქალბატონს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- პედაგოგების ოჯახში ვიზრდებოდი. იმ პერიოდში რთული ბავშვობა არავის ჰქონდა. მახსოვს, გვიანობამდე არ ვიძინებდი. ბუნებით ემოციური ადამიანი ვარ და არ ვწვებოდი დასაძინებლად, სანამ დედა არ დაიძინებდა. მამა გვიან რომ ბრუნდებოდა, დედას ეჩხუბებოდა, ამ დრომდე რატომ არ სძინავს ბავშვსო. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი, ხასო ხანგოშვილი, მოქეიფე კაცი იყო, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ჩვენს ოჯახში სუფრა ხშირად იშლებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ტრადიციის მიხედვით, შვილები მშობლებთან ერთად არ უნდა დამსხდარიყვნენ სუფრასთან. ჩემს პატარა ძმას ბევრჯერ ჩამოსძინებია ფეხზე. ტრადიციული ოჯახი გვქონდა. მკაცრად გვზრდიდნენ მშობლები. მამაჩემის მოფერება დღემდე არ მახსოვს. დღესაც თუ რამეს იტყვის ჩვენზე დადებითს, მიკვირს.

- ტრადიციები ახსენეთ, კიდევ რა ოჯახური ტრადიციები გაქვთ ქისტებს?

- დღესაც მამაჩემი რომ გვეტყვის, მოდით დასხედით სუფრასთანო, იმდენად გვაქვს გამჯდარი ბავშვობიდან ეს ტრადიცია, ვერ ვსხდებით. მამასთან ერთად გემრიელად ვერ ვჭამ. ბავშვობიდან გვინერგავდნენ მშობლები, რომ არ შევხებოდით არამს, ანუ იმას, რაც ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ჩემი მშობლები 30 წელი აშენებდნენ დიდ სახლს დუისში, სადაც ჩვენ გავიზარდეთ და დღემდე არ არის ბოლომდე დამთავრებული. მამა თითს გაიშვერდა სახლისკენ და გვეუბნებოდა, ამ სახლის თითო აგური ჩვენი ოფლით არის მოპოვებული. სხვისი არაფერი გინდოდეთ, თქვენი შრომით მოიპოვეთ ის, რაც გჭირდებათო. პედაგოგების ხელფასზე ვცხოვრობდით, მატერიალურად ყოველთვის გვიჭირდა. დედაჩემი მაღალ კლასებს ასწავლიდა. მახსოვს, ერთხელ ერთი ქალი მოვიდა ჩვენთან. ტომარა ჰქონდა ზურგზე მოგდებული. საუბრიდან გავარკვიე, რომ მის შვილს დედა ასწავლიდა. არ ვიცი, ნიშნის მომატება უნდოდა ამ ქალს თუ სხვა მსგავსი რამ, მაგრამ იმ ტომარაში რომ წაბლი იყო, ეს ნამდვილად ვიცი. დუისი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მოშორებითაა ტყიდან, ამიტომ წაბლი ყოველთვის გვენატრებოდა. ეს ქალი ბირკიანიდან ჩამოვიდა, სადაც უფრო ხელმისაწვდომი იყო წაბლის მოგროვება. ერთი სული მქონდა, დედაჩემს წაბლი გამოერთმია იმ ქალისთვის. მესმოდა, როგორ ეხვეწებოდა ის ქალი, ამხელა ტომარას ნუ გამატან უკანო, მაგრამ... რაც შენს შვილს ეკუთვნის, არასდროს დაეკარგებაო, ეს სიტყვები დაადევნა უკან. სარვამარტო საჩუქრებსაც კი არ იღებდა დედა არავისგან, მხოლოდ მისალოც ბარათებს იღებდა ბავშვებისგან.

- ცოლ-ქმარს შორის რა ტრადიციები იყო?

- მე არ მინახავს, დედაჩემსა და მამაჩემს ერთ ოთახში დაეძინათ. დედას ყოველთვის ჩვენთან, შვილებთან ეძინა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე დიდები ვიყავით... დედა გვასწავლიდა, რომ მამა ოჯახის უფროსია და მისი სიტყვა ყოველთვის კანონია. ალბათ დედაჩემის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი დავუთმე ჩემს მეუღლეს. დედაჩემი ყოველთვის თმობდა, თუმცა პრინციპულიც იყო. ერთხელ მამაჩემმა ასეთი რამ თქვა, - ქალს აქვს უნარი, კარგი ქმარი ცუდ ადამიანად აქციოს და ცუდი ადამიანი გააკეთილშობილოსო. მამა აღიარებდა, რომ დედაჩემის როლი მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი იყო. მამა ძალიან მკაცრი კაცი იყო. გვიკრძალავდა მოკლე კაბის ჩაცმას, მანიკიურის გაკეთებას, მაკიაჟზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ის კი არა, "ჩოლკის" შეჭრაც გვეკრძალებოდა. ერთხელ ჩემმა უფროსმა დამ შეიჭრა "ჩოლკა" და თმის სამაგრებით მალავდა. მერე მისი მოჭრილი თმა უნახავს დედაჩემს და დიდი ამბავი მოჰყვა ამას. ერთი სიტყვით, ისე გაგვზარდეს მშობლებმა, არაფრის შიში აღარ ჰქონდათ. იმდენად გვენდობოდნენ, სტუდქალაქში მარტონი გამოგვიშვეს და მერე უცხოეთშიც კი გაგვიშვეს მაშინ, როცა არ იყო მიღებული ქალიშვილების მარტო გაშვება. მახსოვს, ერთხელ გოდერძი ჩოხელი შემხვდა სტუდქალაქთან. ჩვენებური ქისტი, მათე ციხესაშვილი ახლდა. ამ დროს თურმე გოდერძი ფილმს იღებდა ქისტებისა და ხევსურების ურთიერთობაზე. რომ მნახა, მათესთვის უთქვამს, ეს ის ქალია, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი, ქისტი ქალის სახე მჭირდება ფილმისთვისო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ან თვითონ მოდიოდა, ან სხვას აგზავნიდა გოდერძი, რომ ამ როლზე დავეთანხმებინე. დიდი არაფერი, თუნგით მხარზე წყაროდან უნდა ჩამოვსულიყავი, თან მაშინ 50 კგ-ით ნაკლები ვიყავი (იღიმება), ხევსურ კაცს უნდა დავენახე, რომელიც სისხლის ასაღებად მოდიოდა და ისე შევყვარებოდი, რომ სისხლის აღება გადაეფიქრებინა. იმასაც კი მეუბნებოდა, მამაშენს ვკითხავთ და მერე ხომ უარს აღარ იტყვიო. მამამდე არც მიმიტანია ეს ამბავი, ისე ვთქვი უარი. წლების მერე შემხვდა გოდერძი და მკითხა, არ ნანობთო. არა-მეთქი, ვუპასუხე. მგონი, რომ უნდა ინანოთ, იმის ასლიც არ ხართ დღეს, რაც მაშინ იყავით და ეს კადრები ისტორიას დარჩებოდაო.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მამა ფილოლოგი იყო. დედა - მათემატიკოსი. პოეზია და ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარდა, მაგრამ სკოლაშივე განსაკუთრებული ნიჭი მქონდა ტექნიკური საგნების მიმართ. ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი ქისტი ვიყავი, რომელმაც ამ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტი 1992 წელს დავამთავრე. მძიმე წლები იდგა საქართველოში. ჩემი და, მედინა, გროზნოში მუშობდა. მაშინ აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, ყოველ ნაბიჯზე გვაყვედრიდნენ ამ ომში ჩეჩნების მონაწილეობას. გარიდება იყო საუკეთესო გამოსავალი და გადავწყვიტე ჩეჩნეთში მეძია ბედი. იქ წელიწად-ნახევარი ბიოფიზიკის კათედრაზე ვიმუშავე ასისტენტად. პირველი ომი რომ დაიწყო, უკან დავბრუნდი. ჩემი და იქ დარჩა, მე ჩემი დისშვილი წამოვიყვანე და წამოვედი, ყველაფერი იქ დავტოვე და დავკარგე. რთული პერიოდი დაიწყო ჩვენს ოჯახში. ბევრი ახლობელი დაგვეღუპა. ორი წლის შემდეგ, აფხაზეთის ომის ფონზე, ანტიქისტური ისტერია დაიწყო. 1996-1997 წლებში რუსეთის იმპერიის მანქანა აქტიურად ამუშავდა, რომ ერების გათიშვის პოლიტიკა ეწარმოებინა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ფიზიკოსი ბევრი ჰყავს ამ ქვეყანას და მე ამ ორ ერს შორის მედიატორის როლი უნდა შემესრულებინა. დავიწყე კორესპონდენტად მუშაობა "დილის გაზეთში", "ახალ 7 დღეში". ვწერდი ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობებზე, ისტორიულ ძმობაზე. 1998 წლიდან 10 წელი ვიმუშავე "კავკასიურ სახლში". ეს იყო ურთულესი პერიოდი, ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო. ბევრი რამ გადავიტანე. სახლში ავტომატებით მივარდებოდნენ, მაშინებდნენ. ასეთ დროს, როცა საქმე ჩემს ხალხს, ჩემს ერს ეხება, ძალიან ძლიერი ვარ. ამ დროს არც ავტომატი მაშინებს და არც სისხლი. მახსოვს, ერთხელ, ჩეჩნეთის პარლამენტის 14 დეპუტატი მყავდა შეფარებული. მაშინ "კავკასიურ სახლში" რემონტი იყო. ვარკეთილში ხევსური ახლობლის ოთახნახევრიან ბინაში ვცხოვრობდი, მაგრამ ზოგჯერ 20 ადამიანსაც სძინებია ამ სახლში. მამიდაჩემთან გადავბარგდი და ჩემი საცხოვრებელი მათ დავუთმე. ღამით მე და მამიდაჩემი მათ პერანგებს ვაუთოებდით, დღისით კონფერენციებზე დავყვებოდი, მაგრამ ეს ფიზიკური შრომა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. დილით ვლოცულობდი, როცა ბრახუნი ატყდა კარზე. 5-6 ავტომატიანი დავინახე სათვალთვალო ხვრელიდან. გამოვაღე კარი, რა ხდება, რას მინგრევთ კარს-მეთქი, ვუყვირე. შემოცვივდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებად წარმიდგინეს თავი და მკითხეს, თქვენთან იმალებიან ჩეჩნებიო. დაიწყეს ჩხრეკა. ტახტს რომ თავი ახადეს, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, ჩეჩნები თქვენნაირი მხდალები არ არიან, ტახტში და კარადაში რომ დაიმალონ, რას კადრულობთ-მეთქი. ახლაც თქვენ თვალწინ ჩეჩენი მებრძოლი რომ მოვიდეს, შევიფარებ და ამას ვერ დამიშლით-მეთქი. წამიყვანეს პოლიციაში, 20 წუთი გამაჩერეს. მერე ბოდიში მომიხადეს და გამომიშვეს. ბევრი ასეთი შემთხვევა მახსენდება.

- რომელი იყო ყველაზე მძიმე დღე თქვენს ცხოვრებაში?

- ასეთი ბევრი მახსენდება. ეს იყო ბესლანის ტრაგედია, ნორდ-ოსტის ამბები... როცა ხედავ, შენს ერს ამდენ რამეს აბრალებენ და მათი დაცვა არ შეგიძლია. მძიმე იყო 2003 წლის 7 დეკემბერის დილა, როცა ყველა ჩეჩენი დიდ-პატარიანად წამოყარეს საწოლებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს. მძიმე იყო შევარდნაძის პერიოდი, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა 5 ჩეჩენი პირდაპირ დაბადების დღეზე მიართვა პუტინს. მახსოვს დღე, როცა თქვეს, რომ მომდევნო 8 ჩეჩენიც უნდა გადაეცათ. პანკისის ხეობიდან ჩამოსულ სხვა ჩეჩენ ქალებთან ერთად მთელი ღამე ვდარაჯობდი ციხის კართან ამ ბიჭებს. მძიმე დღეები იყო, როცა 2004 წელს ჯერ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 3 ბიჭი და მერე ჩუმად ჩააბარეს რუსებს. ჩვენ ვზეიმობდით ამ ფაქტს და მეორე დღეს ბიჭები თბილისიდან გაქრნენ. ორი კვირის ძებნის მერე აღმოვაჩინეთ, რომ სტავროპოლის რომელიღაც ციხეში აწამებდნენ მათ. ეს უფრო მუხანათობა იყო, ვიდრე პირდაპირ გადაცემა. ჯერ გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან და შემდეგ ჩუმად გადასცეს. მძიმე არ იყოს ის, რაც ახლახან პანკისში მოხდა?! სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ ყველამ იცოდეს, მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ჩემი ხალხი დგას! სადაც სიმართლეა!

- იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობთ?

- რა თქმა უნდა! მე ამ უწყებაში იმიტომ ვმუშაობ, რომ ჩემი ხალხის ინტერესები დავიცვა. დღესვე რომ დამჭირდეს ამ სამსახურის დატოვება, წარბს არ შევიხრი. რას ლაპარაკობთ, ჩემს ღირსებაზე მაღლა რა უნდა დადგეს?! ჩემს ხალხზე მაღლა, ვისი გულისთვისაც მთელი ჩემი ცხოვრება სასწორზე მაქვს შეგდებული, რას დავაყენებ?! ახლა თუ ვდუმვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ინტერესს ვიცავ, თუმცა კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩემს ხალხზე მაღლა, ღმერთის გარდა, არაფერი დგას. ჩემს სინდისთან და ჩემს ხალხთან მართალი უნდა ვიყო, სამსახური კი არა, ჩემი სიცოცხლე რომ შეეწიროს ამას.

- მოსახლეობაში გარკვეულწილად მოსალოდნელი შურისძიების შიში არსებობს...

- ჩეჩნები საოცარი მენტალიტეტის ხალხია. რაც რუსებმა ჩეჩნებს გაუკეთეს, მსგავსი არაფერი გამიგონია და მინახავს. მიუხედავად ამისა, მე არ შემხვედრია ჩეჩენი, რომელიც რუს ხალხს აძაგებდეს. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კრემლისა და ხელისუფლების დაგეგმილი იყო. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩეჩენი ხალხი ხელს არ აღმართავს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.

- თემას გადავუხვიეთ, მაგრამ ვფიქრობ, ღირდა... ქალბატონო მექა, ასეთ ტრადიციებზე აღზრდილი ქალბატონი, ალბათ დიდხანს ფიქრობდით, სანამ ოჯახს შექმნიდით...

- გათხოვება ტაბუდადებული თემა იყო ოჯახში. ამის შესახებ მშობლებთან და მით უმეტეს მამასთან არ ვსაუბრობდით. თუმცა ყოველთვის გვესმოდა მამისგან, რომ გათხოვება წესისა და ადათის თანახმად უნდა მომხდარიყო, მშობლების ნებართვით. ისე მოხდა, რომ ჩემი და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გავათხოვეთ. ისეთმა კაცმა ითხოვა, ვისთანაც ვალში ვიყავით, მათი დანიშნული ქალი ჩვენ მოვიტაცეთ. ამიტომ მამაჩემი თავს ვალდებულად გრძნობდა და დათანხმდა. მახსოვს, როგორ ტიროდა ჩემი და ქორწილში. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და კარგი სიძე შეგვხვდა. ამ გამოცდილების მერე მამაჩემი ამბობდა, ჩემი შვილის სურვილის წინააღმდეგ არ წავალო. მეც ამით ვისარგებლე და 33 წლის ასაკამდე გასათხოვარი დავრჩი. ჩვენი სკოლის დირექტორს ძალიან ვუყვარდი და თავისი შვილისთვის ვუნდოდი, მაგრამ უარი ვთქვი. ერთადერთი პირობა, რასაც მამა ქალიშვილებს გვიყენებდა, ასეთი იყო, ვაინახზე უნდა გავთხოვილიყავით. ვაინახები არიან ჩეჩნები, ინგუშები და ქისტები. მისი ეს დარიგება რომ არ მქონოდა ჩაბეჭდილი ტვინში, ალბათ ქართველი შემიყვარდებოდა და სიმართლე გითხრათ, უფრო მარტივი ცხოვრებაც მექნებოდა.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ერთ-ერთი ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი, ჯოხარ დუდაევის ახლო ნათესავი, ომარ იდიგოვი. ორი ქალიშვილი მყავს. პირველი ბავშვი რომ დამეღუპა, ვფიქრობდი, ეტყობა, ღმერთმა ის ცხრათვიანი დედობრივი განცდა მაკმარა და შვილები აღარ მეყოლება, ყველა სიკეთე მე რატომ უნდა მქონდეს, ამდენ ხალხს რომ ვუყვარვარ, ქუჩაში ამხელა სიყვარულს რომ ვგრძნობ, ესეც დიდი ბედნიერებაა- მეთქი. სხვათა შორის, ადრე ოჯახზეც არ ვფიქრობდი. საბედნიეროდ, იმის მიუხედავად, რომ ალბათ არ დამიმსახურებია, ღმერთმა ეს საჩუქარი გამიკეთა. მარიამი 5 წლის არის, მალიქა - 2 წლის.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ. უკან რომ დაბრუნებულიყავით, შეცვლიდით რაიმეს?

- რა თქმა უნდა, არის ნაბიჯები, რომლებიც სწორად არ გადავდგი და რომელთა გამოსწორებაც შეიძლება, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც არ მინდა. იმდენი რამ მაქვს გადატანილი, იმდენი მძიმე დღეები და გაჭირვება მინახავს, უკან მიხედვისაც კი მეშინია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"