"ვაშინგტონ პოსტი" - მკვეთრად პოლარიზებული არჩევნები საქართველოში

"ვაშინგტონ პოსტი" - მკვეთრად პოლარიზებული არჩევნები საქართველოში

ექსტრაორდინალური რამ ხდება დღეს რეგიონში, სადაც ავტოკრატია ნორმად არის ქცეული - ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი არჩევნები, - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში წერს გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი ჯექსონ დილი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება. სტატიის სახელწოდებაა - "მკვეთრად პოლარიზებული არჩევნები საქართველოში".

"2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული, მგზნებარე ბუნების სააკაშვილმა და მის გარშემო შემოკრებილმა ახალგაზრდა რეფორმატორების მცირე წრემ შექმნეს ჯგუფი, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დომინირებდა ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს მისწრაფებებმა დასავლეთისა და ნატო-სკენ ქვეყანას ამერიკის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა. მაგრამ ამჯერად, გარკვეულწილად საკუთარივე შეცდომების ხარჯზე, სააკაშვილის პარტია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელმაც მოახერხა, გარშემო შემოეკრება ოპოზიციური ძალები, მათ სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა. ივანიშვილმა, საქართველოს ამ ახალმა მესიამ, ათობით მილიონი დოლარი დააბანდა საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ვაშინგტონის გადმოსახედიდან თანაბრად იყო მიმართული, როგორც არჩევნებში გამარჯვებისაკენ, ისე სააკაშვილისა და არსებული სისტემის დისკრედიტაციისკენ", - წერს ავტორი.

ჯექსონ დილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" შესუსტება, განსაკუთრებით სკანდალური ვიდეოს გავრცელების მერე, სადაც ასახულია პატიმრების წამება, თეორიულად შეიძლება დადებითად შევაფასოთ: "ეს ქმნის იმის შეგრძნებას, რომ ისმება პასუხისმგებლობის საკითხი მთავრობისა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით ებრძოდა კორუფციას და მოახდინა ქვეყნის მოდერნიზაცია, ვერ შეძლო ასეთივე წარმატებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. მომავალი კონსტიტუციური რეფორმების გათვალისწინებით, სადაც პრეზიდენტის მრავალ უფლებამოსილებას პარლამენტი შეითავსებს, ქვეყანაში შეიქმნება სიტუაცია, სადაც მმართველ პარტიას მოუწევს დაუპირისპირდეს ძლიერ, ლეგალურ და დამოუკიდებელ ოპოზიციურ ძალებს. ეს კი მკვეთრად განასხვავებდა საქართველოს სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისაგან, რუსეთის ჩათვლით".

პრობლემა, ავტორის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი მხარე ამ კონფლიქტში არ აპირებს, მთლიანად დემოკრატიული თამაშის წესებით ითამაშოს. სააკაშვილმა ოპონენტის დასასუსტებლად მას მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო შემდეგ ჯერ ივანიშვილის კუთვნილ ბანკზე, ხოლო მერე თვითონ ივანიშვილზე ფინანსური ზეწოლა მოახდინა - საბოლოოდ ეს უკანასკნელი 45 მილიონი დოლარით დააჯარიმეს საარჩევნო კამპანიაში არასანქცირებული ფინანსების გამოყენების გამო. ამას ივანიშვილმა ექსცენტრული კამპანიით უპასუხა, მათ შორის სატელევიზიო არხის შესყიდვითა და ვაშინგტონში ლობისტებზე თვეში, სავარუდოდ, 600 მილიონი დოლარის დახარჯვით.

ყოველივე ამან გამოიწვია სიტუაცია, რომელზე დაყრდნობითაც საერთაშორისო დამკვირვებლები, და თვითონ ჯექსონ დილიც, შიშობენ, რომ "არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ივანიშვილი საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და მორიგი სახალხო რევოლუციის მოწყობას შეეცდება. მიუხედავად ამისა, კვირას ივანიშვილმა საკუთარ სასახლეში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა რომ თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო-ს ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი (NDI), არჩევნებში მთავრობის გამარჯვებას კანონიერად მიიჩნევენ, იგი დაეთანხმება მათ გადაწყვეტილებას".

"საქართველო უკიდურესად პოლარიზებული არჩევნების წინაშე დგას, რომელშიც ორივე მხარე ერთმანეთს არჩევნების გაყალბებისა და მანკიერი დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს. ეს ყველაფერი სავარაუდოდ, პუტინის წისქვილზეც დაასხამს წყალს. ყველაზე საშინელი სცენარი, რაც ალბათ სააკაშვილის გუნდის გონებაში ტრიალებს, სწორედ პუტინთანაა დაკავშირებული - პუტინი, რომელიც არჩევნების შემდგომ არეულობას საბაბად გამოიყენებს, ქვეყანაში არმიით შემოიჭრება რათა ბოლო მოუღოს რეჟიმს, რომლის პროდასავლური პოლიტიკა მისთვის მიუღებელია. მაგრამ ჯერჯერობით ამერიკის გავლენა ქვეყანაში მაინც მძლავრია და ორივე დაპირისპირებული მხარე ეძებს ვაშინგტონის კეთილგანწყობას. ამ უკანასკნელს კი სურს, საქართველოში მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, რომლის შედეგებსაც ყველა მხარე დაეთანხმება. თუკი რომელიმე მათგანი გადაწყვეტს ამ მითითებების წინააღმდეგ წავიდეს, ობამას ადმინისტრაციის დროულ რეაგირებას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება", - წერს სტატიის ავტორი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა