9 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმე ეკა ზღულაძეს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიება ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად დადოს შედეგი.
"ამ დროისთვის გამოძიების შესახებ ვერაფერს ვერ ვიტყვი. საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. ეს საქმე მინისტრის პირად კონტროლზეა აყვანილი და ცდილობენ სწრაფად იყოს შედეგი", - განაცხადა მახარაძემ.
მისივე თქმით, მან არ იცის, არის თუ არა წაყენებული ვინმეს მიმართ ბრალი ან ვინმე თუ არის ეჭვმიტანილი.
გურჯაანის რაიონში სოფელ კოლაგში 9 თვის ბარბარე რაფალიანცი წუხელ ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები, ნათესავებთან ერთად, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი დაძინებიდან დაახლოებით ერთ საათში ოთახში ვეღარ ნახეს და წყლიან ქვევრში იპოვეს. ბავშვის ოჯახი სტუმრად თათია მექერიშვილის დასთან იყო.