"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"

"ბაჩო ახალაია პატიმრებს მოკითხვას უთვლის ციხეში"

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გლდანის #8 საპყრობილე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხეში ჟურნალისტები, სასულიერო პირები და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები შეუშვა. დაინიშნა რიგგარეშე მოკლევადიანი პაემნები და სიტუაცია ასე თუ ისე დამშვიდდა. ერთ-ერთი პატიმრის მშობლისგან ასეთი რამეც მოვისმინე: "ჩემს შვილს რომ ვემშვიდობებოდი, ხუმრობით მხარზე ხელი წამოვარტყი. მაშინვე მოვარდა თვალებდაჭყეტილი ბადრაგი და შენიშვნა მომცა, - პატიმარს ხელით ნუ ეხებიო".

განსხვავებული სიტუაციაა რუსთავის #6 საპყრობილეში. თაკარა მზის ქვეშ გრძელ რიგში "პერედაჩებით" დგანან განსასჯელების მშობლები, ნათესავები. იქვე, გადახურულ მოსაცდელში გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობს. დროდადრო შვილი ეხმაურება ციხიდან და ეკითხება: "სტუდენტები არ მოდიან?"

- გუშინ ვნახე, შვილო, ჩემი ბიჭი, დღესაც შეგიშვებთო, მითხრეს, მაგრამ თვითონ აღარ შეუძლია ადგომა, რომ ჩამოვიდეს, ძალიან მძიმედ არის. მშრალ შიმშილზეა გადასული. ახლა ყველა პატიმრის ძირითადი პრობლემა ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ავად არიან მორალურად, ფსიქოლოგიურად, ჩანგრეული აქვთ გულ-მუცელი და არც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

- თქვენი შვილი რის გამო იხდის სასჯელს?

- მკვლელობა მოხდა, შვილო, შელაპარაკების ნიადაგზე, სამი ბიჭი იყო შემთხვევის ადგილზე და სამივემ დაიბრალა დანაშაული, დღეს სამივე სასჯელს იხდის. რეალურად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ გააკეთა ეს. სანამ გაასამართლებდნენ, კიდევ ერთი მკვლელობის დაბრალებას აიძულებდნენ. სანაცვლოდ კარგ პირობებს და ციხიდან მალე გაშვებას სთავაზობდნენ. იყო მუქარაც, რომ თუ არ დაიბრალებდა, როგორც კი ორთაჭალის ციხეში შევიდოდა, მოკლავდნენ. ამიტომ მოაწერა ხელი კასაციას. 12 ოქტომბერს უკვე იცოდა ჩემმა შვილმა, რომ 16 ოქტომბერს მზადდებოდა ერთ-ერთი პატიმრის, ვინმე დიასამიძის მკვლელობა, თუ არ ვცდები, ასლან აბაშიძის სიძე იყო, და თუ ამას არ დაიბრალებდა, მასაც მოკლავდნენ. არ ვიცი, როგორ მოტყუვდა, ალბათ წამებას ვერ გაუძლო, შვილო, და დაიბრალა. მალევე მიხვდა, რომ დიდი სისულელე ჩაიდინა და ალაპარაკდა. ეს, რა თქმა უნდა, არ აპატიეს. ყოველ ღამე სცემდნენ, აწამებდნენ. დღეს კონკრეტული თანამდებობის პირებს ადებს ხელს გოდერძი, ითხოვს, ჟურნალისტები შემოუშვით, რომ მოვყვე ყველაფერსო. ამიტომაც სცემეს კიდევ ერთხელ იმ ავადსახსენებელი კადრების მერე. მას მერე აქ ვარ, შვილო, და ფანჯრიდან ველაპარაკები ჩემს ცოცხალმკვდარ შვილს. გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ეტყობა მეტისმეტი მოუვიდათ. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ. სამართალს ვეძებ. ვეღარ ვცნობ შვილს, ჭკუიდან არის გადასული.

20 წლის იყო, რომ დაიჭირეს. 34 წელი შეუსრულდა. სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. არაფერი შეცვლილა ამ ციხეში, გარდა დირექტორისა. მთელი ციხე ითხოვს, ლალი მოროშკინა შემოუშვითო, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.ჰეპატიტი აქვს ჩემს შვილს. ციხის უფროსმა მითხრა, რომ შიმშილობს, ღვიძლი დაეშლება და მერე ჩვენ დაგვაბრალებთო. საღსალამათი დაიჭირეს, ქვასავით ბიჭი იყო, ყველა დაავადება აქ აჰკიდეს. არანაირი მკურნალობა არ უტარდება. რვა წელია, ექიმი არ შესულა ამ ციხეში. ერთხელ მომივიდა ინფორმაცია, ყელი გამოიჭრაო. ასეთ მეთოდს მაშინ მიმართავენ პატიმრები, როცა წამების ეშინიათ. როცა ამას აკეთებ, თავს განებებენ.

- რით გამოიჭრა ყელი?

- ყველაფერიც აქვს, მაკრატელიც და ყველა საჭირო ნივთი, იმისთვის, რომ გაჩუმებულიყო და არაფერი ეთქვა. დღესაც ეტყობა ნაიარევი.

სწორედ ამ დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიძახეთ. გარშემო შემოეხვივნენ სხვა პატიმრების მშობლები.

- ჩემმა შვილმა, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, ექიმი მოითხოვა. ამის გამო კარცერში ჩაიყვანეს. ოთხი დღე ჰყავდათ.

- ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება კარცერში?

- ცივ იატაკზე აწვენენ, სადაც წვეთავს წყალი. ასე ჰყავთ 20-30 დღე, ამიტომაა, რომ ყველას პროსტატიტი აქვს, სისხლს შარდავენ. ფსიქიკა ხომ საერთოდ მომსპარი აქვთ.

ამ დროს საუბარში კიდევ ერთი მშობელი ჩაერთო:

- გლდანის ციხეში ვიყავი გუშინ. მორგიდან გამოიტანეს ბიჭი, ცოცხალმკვდარი. მორგში ჰყოლიათ ცოცხალი და წყალი ჰქონიათ ზედ მიშვებული ხუთი დღე. ამ ამბების მერე გადაარჩინეს იმიტომ, რომ შეეშინდათ. ახლა უშვებენ თურმე ციხიდან, მაგრამ მის სიცოცხლეს რა ფასი აქვს. ბოთლი უდევს პარკში და იმით დადის, იმაში შარდავს.

ამ დროს ციხის დიდი ჭიშკარი გაიღო და მანქანა გამოვიდა. ოთხივე მინა ჩაწეული აქვს, მანქანიდან გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმის, რუსული სიმღერაა ჩართული. ოთხივე ფანჯრიდან მუქსათვალიანი, შავებში ჩაცმული მამაკაცები იყურებიან და თან ტანის მოძრაობას აყოლებენ სიმღერას. იქვე სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, კიკნაძის დედას პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. მანქანა სწრაფი სვლით ტოვებს ტერიტორიას, ამასობაში ციხიდან კიდევ ერთი თვალცრემლიანი დედა გამოდის.

- პატიმრის დედა ხართ?

- კი შვილო, ირმა ნინუა, რაიონიდან ვარ, დასავლეთიდან. ჩემი შვილი ლევან ხუხია ყაჩაღობისთვის დააკავეს 2008 წლის 9 აპრილს. 36 წელი მიუსაჯეს. ჩაიდინა ჩემმა შვილმა დანაშაული, არ ვიქნები მართალი, მისი უდანაშაულობა რომ ვამტკიცო, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ესენი სჩადიან. 2010 წელს მის სამედიცინო დასკვნაში შემდეგი დაავადებები ეწერა: ინსულტი, ტვინის შეგუბება, პროსტატიტი, დაზიანებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული აშლილობა. აი, ამ ზომამდე მიიყვანეს საღსალამათი ბავშვი. ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ფერის ტანისამოსს მთხოვდა. დედიკო, თეთრი ტანსაცმელი მინდაო, მეტყოდა, მეორე დღეს შავს მთხოვდა, მესამე დღეს - ლურჯს. ფსიქიკურად დამიავადეს შვილი. ჯერ მარტო ის არ კმარა, 21 წლის ბიჭს რომ დააკავებ და 36 წელს მიუსჯი, სად არის ქართული ჰუმანურობა? ძალიან კარგია ლამაზი ქუჩები და ლამაზი შენობები, მაგრამ არაფერია იმაზე კარგი, რომ ახალგაზრდას ელემენტარული საარსებო პირობები შეუქმნა. დღეს ოჯახში საჭმელს რომ ვჭამთ, იმის ფულს ერთი თვის მერე ვიხდით. არ მრცხვენია ამის აღიარების, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ასე ცხოვრობს. სად გაგონილა, 36 წელი მიუსაჯო 21 წლის ბიჭს და კიდევ ცემით მოკლა?! სად არის სამართალი. ექიმის დასკვნაში მიწერენ: გარეგნულად ნაკლებად მოწესრიგებულია, კონტაქტში არ შემოდის, დასმულ შეკითხვებზე არ პასუხობს, წევს ერთ პოზაში, თვალღია, პაციენტს უკეთია პამპერსი, ტუალეტში არ დადის, ინსტრუქციებს არ ასრულებს, და ბოლოს, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო. სირცხვილი არ არის? რომელი დედა წაიკითხავდა ასეთ სამედიცინო დასკვნას ემოციების გარეშე.

- თვითონ გიამბობდათ, რომ სცემდნენ?

- არა, თვითონ არაფერს ლაპარაკობს. მეოთხე წელია პარალიზებულია. ორჯერ გადაიტანა ტუბერკულოზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილი ჯონდი ბაღათურიამ სიკვდილს გადაარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, მოკვდებოდა. სამჯერ წაიყვანა და ფილტვებიდან 5-5 ლიტრი წყალი ამოუტუმბეს. ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. თმა გაცვენილი აქვს, რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ ეს ის ლევანია, ის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. იცით, როგორი იყო? არავის დაჩაგრავდა, პირიქით, თუ სადმე უსამართლობას ნახავდა, პირველი დაუდგებოდა წინ.

- შეწყალების კომისიისთვის თუ მიგიმართავთ?

- მივმართე, მაგრამ პასუხი ერთი და იგივეა, სანამ სასჯელის ნახევარს არ მოიხდის, არაფერი ეხება. მისჯილი 36 წლის ნახევარი ჩემმა შვილმა შეიძლება ვერც მოიხადოს. რომ თენდება, ღმერთს მადლობას ვწირავ, დილა რომ გამითენა, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, ჩემმა შვილმაც თუ გაათენა, თუ გაახილა თვალი... ოთხი შვილის დედა ვარ, 5 წელია არც ჭამა მახსოვს, არც სმა, არც ნათესავი, არც ახლობელი, ყველა კარი დავხურე. მარტო შვილის სიცოცხლეზე ვფიქრობ. ხომ ჩავაბარე კანონმდებლობას ჯანმრთელი, იმასაც ხომ ვაღიარებ, რომ შეცდა, დააშავა, მეც ჩამაბარეთ ჩემი დაავადმყოფებული, ლოგინს მიჯაჭვული შვილი. აკმარეთ ის 5 წელიწადი. დამიბრუნონ ჩემი შვილი, მე მოვუვლი, მე გამოვაჯანმრთელებ. ღმერთის იმედი მაქვს მარტო. (აქ ჩემი რესპონდენტი მუხლებზე ეცემა - ავტ.). მუხლმოდრეკილი ვევედრები ჩვენს უწმინდესს, მე მაპატიოს, როგორც ოთხი შვილის აღმზრდელ დედას, მისი შეცდომა. იქნებ შეცდომაც დავუშვი მის აღზრდაში, მაგრამ ესეც სოციალური გარემოებიდან იყო გამოწვეული. ვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ინვალიდი შვილი, რომ მოვუარო და დაუმადლებელი პური ვაჭამო.

დარეჯან ხაჭაპურიძე:

- ბექა ესებუას დედა გახლავართ. გუშინ დილით დამირეკეს, რომ ბავშვებმა თავი მიიბეს საწოლებზე კიდურებით, ნაცემები არიან და შიმშილობენ. არ ვიცით, როგორ ჩაიგდეს ტელეფონი ხელში, მაგრამ ერთ-ერთმა პატიმარმა დაგვირეკა მშობლებს.

- რის გამო დააკავეს თქვენი შვილი?

- ეზოში იჩხუბეს ბიჭებმა. სხვებს პატრონები გამოუჩნდნენ, ფული გადაიხადეს და გამოუშვეს. ჩემს შვილს 3-წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. 7 თვე აქვს დარჩენილი. მძიმედ არის, ძვლის დაშლა აქვს, გუშინ ვნახე. გულზე ხელის დაკრეფაღა აკლია და მიცვალებულს ჰგავს. ცარიელი თვალებია დარჩენილი. 21 წლისაა. გუშინს მერე თვალწინ მიდგას მისი სახე. ჯერ ქუთაისის ციხეში სცემდნენ, მერე გეგუთის კოლონიაში. იქიდან საცვლით გადმოიყვანეს, ფეხშიშველი. საზღვარგარეთ ვიყავი წასული, რომ ორი კაპიკი მომეგროვებინა და ციხეში ჩემი შვილისთვის საჭმელი მეჭმია და მემკურნალა. ეს კადრები რომ ვნახე, გული აღარ გამიჩერდა, წამოვედი. ერთს ვითხოვ მხოლოდ, ლალი მოროშკინა შეუშვან ციხეში და ჩემი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. სახლს გავყიდი და ვუმკურნალებ, ოღონდაც ჩაუტარონ გამოკვლევა, ნუ მომიკლავენ შვილს.

დალი არჩვაძე:

- გიორგი ჯელაძის დედა ვარ. რუსთავის ძველი ციხიდან ახალში გადასვლის დროს დამირეკა გიორგიმ და მითხრა, დედა, გვიშველეთ, ვინმეს გააგებინეთ, ბიჭებს ჩეხავენ, ახალაიამ ჯელაძე გამოაცხადა და გავყავარ, ტელევიზიებს მიაწოდეთ ინფორმაციაო. მაშინ ყველაფერი გავაკეთე, "იმედი" და "რუსთავი 2" გადმოსცემდა ამ ინფორმაციას. გიორგი ფაქტობრივად მკვდარი იყო, ნაწამები, გაუბედურებული. ორმო ჰქონიათ უკვე გათხრილი, რომ ცოცხლად ჩაემარხათ. ამ ყველაფერს მიმალავდნენ. ძალიან გვიან გავიგე. 2005 წლის დეკემბერში ხდებოდა ეს ყველაფერი. დღეს მიყვება გიორგი, როგორ ეუბნებოდა ვინმე ონიანი, პირი გააღე, იარაღი უნდა ჩაგიდო და გაგაგოროო. გონებას ვკარგავდი უკვე, რაციით გადმოსცეს ამ სადისტებს, ჯელაძეზე ამბავი ატყდა და დააბრუნეთო, მიყვებოდა ჩემი შვილი. გათიშული შემიყვანეს და "წითელმა ჯვარმა" გადამარჩინაო. ერთი თვე არავის გვიშვებდნენ მასთან, ადვოკატსაც კი. ერთი თვის შემდეგ, ქუთაისში რომ ჩავედი და ჩემი შვილი ვნახე... ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება. ვერ ვიცანი. ცარიელი ძვალი იყო დარჩენილი. ჭკუიდან გადავედი, ხომ არავინ გცემა-მეთქი, ვკითხე, რა სისულელეა, ავად ვიყავიო, მითხრა. მაშინ ხმამაღლა ასეთ ფაქტებზე ვერ ლაპარაკობდნენ.  ჰეპატიტი აჰკიდეს ციხეში. დიდი წამების მერე მივაღწიე იმას, რომ რუსთავში გადმოეყვანათ. ბევრი ვიბრძოლე, რომ ციხის საავადმყოფოში მაინც მოხვედრილიყო და მგონი მანდ შევცდი. საშინელებები გადაიტანა იქ, ბოლოს რომ ველაპარაკე, ღრიალებდა.

- რის გამოა დაკავებული თქვენი შვილი?

- უკანონო პატიმარია, მე მითხრეს, რომ ჩემი შვილი კოდუას პირადი პატიმარია. სანამ დააკავებდნენ, რაჭაში უშიშროებამ გაიტაცა. ნაცემი მოვიდა სახლში. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მალევე დააკავეს და ვიღაც ბიჭის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

- აღიარა დანაშაული?

- არა, რას ამბობთ! როცა რაღაცას აშავებ, პასუხისმგებლობასაც გრძნობ, რისთვის ვუძლებ ამ წამებას, არ ვიციო, მეუბნება. ჯგუფური ჩხუბი მოხდა რაიონში და ამას დაჰბრალდა ყველაფერი. 18 წელი მიუსაჯეს, მე-9 წელი დაიწყო. ჩემი შვილის ისტორია გადასარევად იცის შალვა რამიშვილმა, ერთად ისხდნენ ციხეში.

ლალი მოროშკინა:

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების მერე, 2 ოქტომბერს, ციხეებში სადამსჯელო რაზმების შეყვანას აპირებენ. ყველა იმ პატიმარს ჩაქოლავენ, რომლებმაც ხმა ამოიღეს და ინფორმაცია გარეთ გამოიტანეს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, 2 ოქტომბერს ჩვენი პატიმრები უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში დახოცავენ, ბუნტის მცდელობის მიზეზით. ჩვენ ათასობით ჩვენება გვაქვს. მინიმუმ ათი კაცია, ვისაც ეს ჩვენებები გვაქვს ხელთ და ამიტომ ნუ შეეცდებიან პატიმრების დახოცვას, ეს ყველაფერი მაინც გამჟღავნდება.

მოსაღამოვდა. რუსთავის მეექვსე იზოლატორს ვტოვებდი. თვალწინ მუხლებზე დამხობილი, თვალცრემლიანი და მოშიმშილე დედები მედგნენ. ერთი კითხვა არ მასვენებდა - როდის ექნება ამას დასასრული, როდის?!.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ