ქედის საარჩევნო ოლქში, სოფელ კოლოტაურის ხოხნას 23-ე უბანზე, რომელიც ორსართულიან შენობაშია განთავსებული, გამოცემის ჟურნალისტებმა ვიდეო და ფოტოკადრებით დააფიქსირეს, რომ უბანზე, საარჩევნო კაბინის თავზე იატაკში ხვრელია ამოჭრილი. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ინფორმაცია გამოცემა "აჭარა პ.ს"-მა მიაწოდა.
უბანზე მყოფი მოქალაქეები გამოცემის ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულმა ხმების მიცემის სანაცვლოდ ფული დაარიგა. ხოლო თუ ვინ შეასრულებდა დავალებას ფულის სანაცვლოდ, ამას სწორედ ამ ხვრელიდან აკონტროლებდა. გამოცემის წარმომადგენელ ჯემალ მეგრელიძის თქმით, ამ ფაქტის გამჟღავნება იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც ფული აიღო, კაბინაში მმართველ პარტიას მხარი აღარ დაუჭირა და სოფლის რწმუნებულმა მას ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა.