კოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, თბილისისა და მესტიის რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმი შევიდა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება კოალიციის მედია-ცენტრში რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"ჩვენი ინფორმაციით, მესტიის ყველა საარჩევნო უბანზე პოლიცია და შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული. ის ასევე შევიდა გლდანში, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე უბნებზე, ამავე რაიონის მე-2 მიკრორაიონში 173-ე სკოლაში, მე-3 მიკრორაიონის მე-40 უბანში და 160-ე და 167-ე სკოლებში. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმი შევიდა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრები ითხოვენ შველას. ამასთან, 10 შეიარაღებული სპეცრაზმელის შესვლის ფაქტი დაფიქსირდა ხაშურის 44-ე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტები, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ უწყებათაშორის კომისიას უკვე მიაწოდეს. "ამასთან, მიმდინარეობს ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნა, რათა ის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს გადავუგზავნოთ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.