კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში, კახი კალაძე მინიმუმ 70%-ით გამარჯვებას ელოდება.
როგორც კახი კალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა დღეს, მიუხედავად არნახული ზეწოლისა და დაშინებისა, მუქარის მცდელობებისა, სამტრედიაში 50 საარჩევნო უბანზე იყო მოქალაქეების საკმაოდ დიდი აქტივობა და მათი უმეტესობა მხარს უჭერს სწორედ "ქართულ ოცნებას".
როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, დღის განმავლობაში ისმოდა მუქარები კომისიის წევრების მიმართ, უშუალოდ ამომრჩევლების მიმართ და ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელებთან ერთან მონაწილეობას იღებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც და უშუალოდ პოლიციის უფროსები ახორციელებდნენ ზეწოლას მოქალაქეებისა და "ქართული ოცნების" დამკვირვებლების მიმართ.
როგორც კალაძე აცხადებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არსებობს საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ შეეცადონ გაყალბებას და ეს მცდელობები სავარაუდოდ იქნება ხმების დათვლის პროცესში და სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ თავად მივიდნენ უბნებთან და თავად დაიცვან საკუთარი ხმა, კერძოდ კი არ დაუშვან ის, რომ მოხდეს საარჩევნო უბნებზე ყუთების შეტანა, გაცვლა, ან მსგავსი ფაქტები, რაც შემდგომ გამოყენებული იქნება ხმების გაყალბებისთვის.
კახი კალაძე ამ დრომდე სამტრედიაში თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება და "ქართული ოცნების" შტაბში თავის მხარდამჭერებთან ერთად წინასწარი შედეგების გამოცხადებას დაელოდება.