ფიცს ვდებ, რომ ამ სიბინძურეებისთვის კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტს.
მისი თქმით, "ნაძირალა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას განაჩენს მართალი საზოგადოება გამოუტანს". "ღვთისა და ერის წინაშე ვამბობ, რომ ლუკა კურტანიძე მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოსა და მის სახელმწიფოებრიობას. მთელი ჩემი სიცოცხლე ერსა და სამშობლოს ვემსახურები. ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება და ფიცს ვდებ, რომ ამ სიბინძურეებისთვის ესენი კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. "კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემეს გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8-ე საარჩევნო უბანში მოხდა. ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში