დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"

დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"

ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა ამას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა .

მისი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული. "ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამას ველოდით, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, ეს თვეების განმავლობაში ნათელი და ცხადი იყო, მიუხედავად იმ უსამართლო გარემოსი, რაშიც ჩვენ გვიწევდა ყოფნა. მიუხედავად ამისა ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა. ჩვენი მონაცემებით, "ქართული ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული, თუმცა საბოლოო პროცენტებზე და ადგილების რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე აზრით, ზეიმის მიუხედავად კოალიციამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, რადგან ვიდრე შედეგები ქაღალდზე არ გადავა, ბრძოლა დასრულებულად არ ითვლება. "ხელისუფლებას ჰქონდა არჩევნების მოპარვის მცდელობა, მაგრამ არჩევნების მასშტაბური გაყალბების საშუალება მას საბოლოოდ ხალხის გადაწყვეტილებამ არ მისცა. ხალხის აზრის წინააღმდეგ წასვლა არც ერთ ძალას არ შეუძლია. შეიძლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა სააკაშვილის ბაგეთაგან გაჟღერებულიყო სიტყვები, რომ ის დამარცხდა, თუმცა ეს მოხდა და მოხდა იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც სააკაშვილია, საზოგადოების აზრის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია", - დასძინა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიცია მართავს ქვეყანას და ის ამისთვის მზად არის. "ჩვენი პრიორიტეტი იქნება ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანება და იმის დემონსტრირება, რომ ის, ვინც სხვა პარტიას მისცა ხმა, დაჩაგრული არ იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა