პირველმა ემოციებმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ სანამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზეიმში ათენებდნენ, "ნაციონალები" და ცესკო კალკულატორებით ხელში "შრომობდნენ".
დილას კი, ცესკოს შეფმა ხარატიშვილმა განაცხადა, ჩვენ საიტს "ცუდმა ბიჭებმა" შეუტიეს და ზოგიერთი მონაცემის გამოქვეყნება იმიტომ ყოვნდებაო; ამავე დროს "ნაცმოს" რუპორებმა (ჩიორა თაქთაქიშვილმა და ორიოდე სხვამაც) დამაჯერებელი ტონით განაცხადეს, - პროპორციულში კი დავმარცხდით, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებს დიდი უპირატესობით ვიგებთ და საბოლოოდ უმრავლესობა პარლამენტში ისევ ჩვენ ვიქნებითო.
რა ხდება სინამდვილეში? ვინ მოიგო არჩევნები და რა "სიურპრიზი" შეიძლება შემოგვთავაზოს "ცესკო-"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსმა"?
ვარიანტების დათვლას ექსპერტ კახი კახიშვილთან ერთად შევეცადეთ:
- ბატონო კახი, "ქართულ ოცნებას" ცოტა ადრე ხომ არ უხარია?
- "საიტის გაფუჭება" რომ დროის მოგების ფანდია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ახლა იმაზე მსჯელობენ, რამდენპროცენტიანი უპირატესობა "გაუფორმონ" ივანიშვილის ბლოკს. ჩემი მონაცემებით, ის 10 თუ 12 პროცენტიც, რომელსაც აღიარებენ, უკვე გაყალბების შედეგია, თორემ სინამდვილეში სხვაობა ორჯერ მეტიც იყო.
ეს უპირატესობა (10-12 %) შესაძლოა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავიც იყოს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორიოდე მანდატის სხვაობას იძლევა.
- პროპორციული არჩევნებით ხომ 77 მანდატი ნაწილდება. 10-12% ორიოდე რატომ ჩამოდის?