ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს

ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს

კომპრომატების ომი - ასე შეიძლება ორი სიტყვით იმ სიტუაციის შეფასება, რაც წინა კვირას ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ტელემაყურებელი და ინტერნეტმომხმარებელი მორიგი სიბინძურის ნახვის შიშით ტელეეკრანს და კომპიუტერს ვერ უყურებს.

რას შეცვლის ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის კომპრომატები, რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდება. ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებით ირინა სარიშვილს მივმართეთ, რომელსაც, ყველა "სიკეთესთან" ერთად, ციხეში ყოფნის დიდი გამოცდილებაც აქვს.

- ჩემთვის ციხის კადრებში ახალი არაფერი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ნანახს სხვა ეფექტი აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფერზე რეაქცია დავაგვიანეთ. არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ხელისუფლებას წინა წლებში, როცა პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდა ხალხს. ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, ან საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, ან უნდა დაინახოს, კინო უნდა ნახოს, რომ აღშფოთდეს. ამ ფირებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტად მიმაჩნია. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ენა მოუტრიალდება და განსხვავებულ შეფასებას მისცემს, თუმცა მოიძებნა ერთი-ორი, ადამიანი როგორ ვუწოდო, არც ვიცი, ალბათ უფრო წარმონაქმნი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

- ერთი-ორი არა, ბევრი იყო ასეთი, სამწუხაროდ.

- მე ტელევიზიით რაც ვნახე, იმაზე ვაკეთებ კომენტარს. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების პრობლემასთანაც.

- რას გულისხმობთ?

- ეს არის ნეიტრალური პოზიცია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობის ზღვარს მიღმაა. თუმცა ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად შეაწუხებდა. თუმცა ზოგადად "სხვისი ჭირი" სოციალურად დამძიმებული ადამიანისთვის ნაკლებად გასაგებია. მათზე ცუდის თქმა არ მინდა. საქმე ისაა, რომ თავისი თავი, თავისი მშიერი შვილი გასჭირვებიათ. პრობლემებში ისე აქვთ თავი ჩარგული, რომ პატიმრების ბედ-იღბალზე ფიქრს ვეღარც ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკოსების ხელშია. აღშფოთება, აღტკინება და სხვა რეცეპტორები, რომლებიც ამ გრძნობას ემსახურება, მუდმივად ზეაწეულ მდგომარეობაში ვერ იქნება. ჩაივლის აღშფოთება და დარჩება შიში. ოღონდ ეს არ იქნება ლაჩრის შიში. ადამიანი შეიძლება წავიდეს სიკვდილზე, გასწიროს თავი, შეუშვიროს გული ტყვიას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სცდება ადამიანის შესაძლებლობის, ამტანობის ფარგლებს. სოლიდარობა საზოგადოებაში ძალიან დაბალ დონეზეა და ერთადერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, სადაც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად მასობრივი სოლიდარობა გავიხსენოთ, არის სწორედ ეს ბოლო შემთხვევა.

- თქვენ ციხეში ყოფნის დიდი გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ, პარალელები გაავლოთ, მაშინდელსა და დღევანდელ ციხეს შორის?

- შედარებაც არ შეიძლება. ციხესაც რომ თავი დავანებოთ, დარბევებშიც ხომ მოვყოლილვარ. ადამიანები იყვნენ ისინიც და ჩვენც. სხვანაირები ვიყავით. მახსოვს, თანამდებობის პირებიც კი, მინისტრები, მათი მოადგილეები, დასარბევად რომ მოდიოდნენ და მაჯაში ხელს მკიდებდნენ, ხელი არ მინდა გატკინოო, მეუბნებოდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფაც კი აზრად არ მოგვსვლია. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა შიმშილობა გამოვაცხადე, რომან გვენცაძე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ძალიან გამხდარი ვიყავი და ყველაზე მეტად მე ვეცოდებოდი. გავიდა ერთი დღე, ორი, სამი. მერე მოვიდა და მეხვეწებოდა, ირინა, ოღონდ ერთი ცალი ბუტერბროდი შეჭამე, ცუდად გახდები, არავის ვეტყვიო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. არავინ იყო ის ჩემი, უბრალოდ, ადამიანი იყო. იმ მომენტში ეჭვიც არ შემპარვია მის გულწრფელობაში, მაგრამ მაგას როგორ ვიკადრებდი. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ვპასუხობდი, ამას როგორ მაკადრებთ-მეთქი.

- ციხის ამბები მაინც უფრო საინტერესოა...

- ციხეში არაერთხელ მოვხვედრილვარ, თუმცა იქ წლები არ გამიტარებია. ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არასდროს ყოფილა ღირსების შემლახველი. საკუთარ თავაზე ასეთ ფაქტს ვერ გავიხსენებ. იყო სიტუაცია, როცა ბიჭები შავ პურს მიგროვებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ციხის საჭმელს ვერ ვჭამდი. ამას მარტო პატიმრები კი არა, ციხის თანამშრომლები აკეთებდნენ. 9 აპრილის მერე სპეცმიმღებში რომ გადამიყვანეს, ტელევიზორის ყურება მინდოდა ძალიან...

- სპეცმიმღები რა არის?

- ეს არის მიწისქვეშ მოთავსებული უზარმაზარი საკნები, სადაც თვე-ნახევარი მარტო ვიყავი ვირთხებთან ერთად. საწოლიც კი არ იყო, ტუალეტს კარი არ ჰქონდა. იქ ყველა მამაკაცი იყო, ტუალეტში რომ გავყავდი, ანგარიშს მიწევდნენ, შორს გადიოდნენ და ზურგით დგებოდნენ. იქაც კი, ასეთ პირობებში, სამ-სამკაციანი ცვლა იყო და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კარგად მოგექცეოდა... ტელევიზორის ამბავს გიყვებოდით, მოკლედ, ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა გარეთ და ტელევიზორის ყურება მინდოდა. ერთ-ერთმა ციხის თანამშრომელმა ხელში მტვრის ტილო მომცა და მითხრა, ადი უფროსის კაბინეტში და მტვერი გადაწმინდე, ვითომ დამლაგებელი ხარ, ტელევიზორია ჩართული და უყურებო. ასეც მოვიქეცი. მაშინ ჯერ კიდევ რუსები იყვნენ ციხის სათავეში და არავის მოსვლია აზრად, რომ პატიმარი ვიყავი... შემოჰქონდათ სიგარეტი, გაზეთები. საჭმელი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, რომ იქ საჭმლის ჭამა და ხელის დაბანაც კი შეუძლებელი იყო, ყველა ციხის თანამშრომელი, ვისთანაც კი შეხება მქონია, ძალიან კარგად მახსენდება.

- იმ პერიოდის ციხეებში ყველაზე მძიმე ძალადობის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- ისეთი საკნები, სადაც მამათმავლებთან შეაგდებდნენ ხოლმე პატიმრებს, ყველგან არსებობდა, მაგრამ ეს იყო "ჩამშვებების" დასჯის ფორმა და ამას პატიმრები აკეთებდნენ. არასდროს მსმენია ასე ღიად თანამშრომელს დაეწყო ანგარიშსწორება, მით უმეტეს ამ ფორმით. ჩვენ რაც ვნახეთ, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა ამ ყველაფრის შემდეგ?

- ეს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, მოსვლის დღიდან არ არის ადეკვატური. რომელ ადეკვატურობაზე მელაპარაკებით, როცა პრეზიდენტი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ მტრის თვითმფრინავებით გადაჭედილ ცაზე ღრუბლებს ეფარებოდა მისი ვერტმფრენი და ღრუბელ-ღრუბელ გავიდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა. ადეკვატურები შეიძლება იყვნენ შედარებით უფრო მოძრავი ტვინის მქონე მისივე მთავრობის წევრები.

- გახსენდებათ ვინმე ასეთი?

- თუნდაც ვანო მერაბიშვილი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავისი ჰაბიტუსითა და მეტყველებით ტოვებდა შთაბეჭდილებას.

- თუმცა ახლა მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შეხვედრა მახსენდება ამომრჩეველთან, სადაც ასეთი ფრაზა თქვა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ...

- მერაბიშვილი თავის ნათქვამს ყოველთვის ასრულებს, სამწუხაროდ... მთავარი ისაა, რომ ახლა ჩვენი მდგომარეობა საშიშია. ეს ხელისუფლება ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. როგორც გიჟი უნდა იყოს შემოსაზღვრული, რადგან შეიძლება გამვლელს საფრთხე შეუქმნას, დაახლოებით ამ დონეზეა ეს საფრთხე მისული. ყველამ კარგად იცის, რომ საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას და ვერანაირ წინსვლას ამ თვალსაზრისით მათში ვერ ვხედავ, მაგრამ მინდა თუ არა, ორპოლუსიანია ისევ ეს არჩევნები. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ეტაპზევე არ დაიწყოს საშინელი შურისძიება, რეპრესიები, სადაც აღარავინ გაარჩევს ნაცნობსა და უცნობს, უნდა დამარცხდეს ეს ხელისუფლება და ვისაც მისი დამარცხება შეუძლია, თუნდაც ხელოვნური პირობებით, არის ბიძინა ივანიშვილი.

- კომპრომატების ომი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებამაც არაერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. თუ უყურეთ რომელიმე მათგანს და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ ხელისუფლების მხრიდან ცილისწამება, როცა ექვსი წლის წინ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრეს ჩემი გარემოცვიდან. იპოვეს ცრუ მოწმეები, ზოგს ფული გადაუხადეს, ზოგი დააშინეს. 9 წელი მიუსაჯეს უმრავლესობას. მე არ დამაპატიმრეს, ალბათ არ აწყობდათ. დაგვაბრალეს ის, რაც არათუ არ ჩაგვიდენია, არამედ იმ დღეს ერთმანეთი არც კი გვინახავს. საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ არანაირი ვიდეო და აუდიომასალა ჩვენზე არ გავრცელებულა. რამ შეუშალათ ხელი დამონტაჟებაში, ვერ გეტყვით. ერთი-ორი სატელეფონო საუბარი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემთან, რომელიც ვერაფერს ამტკიცებდა. ეს იყო სატელეფონო საუბარი, როგორ მესალმება იგორ გიორგაძე და მე როგორ ვერ ვიცანი მისი ხმა. აქ შეწყდა ჩვენი "დანაშაულებრივი" საუბარი. კიდევ ერთი საუბარი გავრცელდა, სადაც კონკრეტული რეგიონის ხელმძღვანელობა მაბარებდა ანგარიშს, ამა თუ იმ რეგიონიდან რამდენი ადამიანი მოდიოდა აქციაზე. როგორც ჩანს, ტექნიკა წინ წავიდა. დღეს უკვე ვიდეომასალები შემოგვთავაზეს... არ მჯერა ამ ხელისუფლების. ისეთ მოწმენდილ ცაზე ისეთი ბრალდება ვნახე საკუთარ თავზე, არაფერი მჯერა, რასაც ესენი ამბობენ. თან აგონიაში არიან, ფათხა-ფუთხით აკეთებენ რაღაცებს, თავი მოიჭრეს, ვის საწინააღმდეგოდ დებენ უკვე მასალებს, თვითონაც ვერ გაუგიათ. მაგრამ ახლა მთავარი სხვა რამეა. ფაქტია, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ეს ბოლოდროინდელი მრავალათასიანი შეხვედრები, რომელზეც თბილისიდან დაარბენინებენ ხალხს, მათ სწორედ ამისთვის სჭირდებათ. ამით აჩვენებს დასავლეთს, რომ მხარდამჭერები ჰყავს. ვინც ამ ხელისუფლების მომხრეებად დარბის დღეს შეხვედრებზე, უნდა დაფიქრდეს, რა პროცესში იღებს მონაწილეობას. არც ერთ მათგანს არ ეგონოს, რომ რაც ციხის კადრებში ნახა, რომელიმე ოჯახს ასცდება. ამ ხელისუფლებამ თავისიანი და სხვისიანი არ იცის. ისინი იყენებენ ადამიანებს და როცა მათი ღირებულება ხელისუფლებისთვის აღარაფერს წარმოადგენს, ვხედავთ, რასაც უშვრება მათ. ამიტომ დღეს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ კომპრომატების ომს. დამერწმუნეთ, ეს აღარ შეცვლის ადამიანების დამოკიდებულებას. ვინც ხელისუფლების მხარეზეა, ამდენი ხნის განმავლობაში თუ ვერ გაახილეს თვალი, მათი თვალის ახელას აღარ უნდა ველოდოთ. ასევე ეჭვი მეპარება, რომელიმე ოპოზიციის მომხრემ ხელისუფლების კომპრომატებს უსმინოს. მთავარი ისაა, რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მას მერე, რაც ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.

- დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნები გაყალბდება?

- რა შეიცვალა ბოლო არჩევნებიდან დღემდე? "ცესკოს" შემადგენლობა იგივეა, საარჩევნო კანონმდებლობა უარესისკენ შეიცვალა და არ შეცვლილა ხელისუფლება.

- ოპოზიციური არხები ჩაირთო...

- კი ბატონო, მაგრამ ამან სამთავრობო არხების მარგინალიზაცია გამოიწვია. დაბალანსება კი არ მოხდა, ორ უკიდურეს ნაწილად გაიყო მედია... არა მხოლოდ ინტუიციით, არამედ გარკვეული ინფორმაციითაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალურ პირობებში კოალიცია, პირველ ადგილზე უნდა გავიდეს, იმის მიუხედავად, მომწონს მე "რესპუბლიკელები" თუ არ მომწონს, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ღრუბელს ამოფარებული მიშა სააკაშვილი ან მისი რომელიმე ხელისუფალი, თუნდაც ახალაია, რომელიც რაინდივით გადადგა და ყველაფერი შერჩა, ან მთავრობის დანარჩენი სავლეები უცებ გადაიქცევიან პავლეებად და გამოაცხადებენ, რომ გაიმარჯვა სხვამ და არა მათ. ამიტომ მაინც ყველაზე ცუდი უნდა წარმოვიდგინოთ, თან ყველაზე რეალური. გაყალბების შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი პროცენტით არ უნდა დაიხიოს ოპოზიციამ უკან. არც ერთი ხმა არ უნდა დათმოს, რაც უნდა შანტაჟი წამოვიდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიწყება სამოქალაქო ომი. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა აფხაზათის ფაქტორიც გამოიყენოს. მას რუსები ბევრჯერ მიხმარებიან და დღესაც დიდი სიამოვნებით მიეხმარებიან, რადგან რუსეთს ურჩევნია საქართველოს გადარეული პრეზიდენტი მართავდეს, ვიდრე დაბალანსებული და გაწონასწორებული. აგვისტოს ომის მერე ვინ მოიგო და ვინ წააგო, ყველამ კარგად ვნახეთ. მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს. ამისთვის მზად უნდა იყოს, ყველა შეცდომა უნდა გაითვალისწინოს, რაც აქამდე ოპოზიციამ დაუშვა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაშფოთებს, ისაა, რომ ბიძინა ივანიშევილს 2-5 ოქტომბრამდე საქართველოში ყოფნის ვადა გასდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა დატოვოს საქართველოს ფარგლები და შემდეგ ახალი საბუთებით დაბრუნდეს უკან. ვინაიდან მასთან პირდაპირ შეხვედრა არ ხერხდება, რათა რუსეთის აგენტობა არავინ დააბრალოს, მინდა მას თქვენი საშუალებით ვკითხო, აქვს თუ არა გაცნობიერებული ეს პრობლემა. თუ უარი თქვა საქართველოს დატოვებაზე, რა გზით რჩება საქართველოში და თუ ვერ ამბობს უარს და მიდის, რა გზით აპირებს დაბრუნებას.

- თქვენ აპირებთ წასვლას არჩევნებზე?

- რა თქმა უნდა. რა არჩევანს გავაკეთებ, ვერ გეტყვით, ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლებას ხმას არ მივცემ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ