მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში დიდხანს არ დარჩება, რადგან ყველა საფუძველი არსებობს მისი იმპიჩმენტისთვის, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" უახლოვდება საკონსტიტუციო უმრავლესობას და შესაძლოა ბარეირის გადალახვა, თუმცა ასეც რომ არ იყოს, ეს კატასტროფა არ იქნება.
"მთავარია, რომ მთავრობა ჩვენია, ხელისუფლება ჩვენია, სააკაშვილი კი ოპოზიციაშია. თუმცა, ის ოპოზიციაში დიდხანს არ დარჩება, რადგან ყველა საფუძველი გვაქვს იმპიჩმენტისთვის",-აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, ფსიქოლოგიურად "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან დიდი ხანი იყო ოპოზიციაში და ასევე ძალიან დიდი ხანი საუბრობდნენ "ქართულ ოცნებაზე", როგორც ხელისუფლებაზე, ახლა კი ეს რეალობაა.
"ზოგიერთი მათგანი გადავა ოპოზიციაში, ზოგი კი - ციხეში, ვისაც აქვს დანაშაული ის წავა ციხეში. არც ერთი ის ადამიანი, ვინც არჩევნებს აყალბებდა და დანაშაულს სჩადიოდა, დასუჯელი არ იქნება და ისინი პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემიან", - აღნიშნა სუბარმა.
აქცია ცესკოს შენობის წინ ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცესკო-სგან არჩევნების შედეგების დროულ გამოცხადებას ითხოვენ.