მინდა შევახსენო გამარჯვებულ ძალას, ბატონ ივანიშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ტარდება და იმედი მაქვს, ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები.
ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპოზიციური ძალა განაგრძობს დემოკრატიის ღირებულებების დაცვას, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნების" ლიდერის დღევანდელი განცხადებები გააკრიტიკა, რომელიც მისი შეფასებით შესაძლოა გამარჯვების ეიფორიის ბრალიც იყოს.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ივანიშვილი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, თუმცა თუ ვინმეს კრიზისის შექმნა და კონსტიტუციური წყობილების მოშლა უნდა ეს სახიფათო არჩევანია.
ბოკერიას განცხადებით, იმის მიუხედავად, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მოსწონს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, მას პატივი უნდა სცეს ვინაიდან სწორედ ამ კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა. მისივე თქმით, ერთის მხრივ, როგორც მნიშვნელოვანია ამომრჩევლის უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივისცემა, ასევე იმ პროცედურების პატივისცემა, რომლებიც ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბებას აქვს.
"საუბარი იმაზე, რომ ვიღაც არ მიიღებს, რომ პრეზიდენტის მიერ იქნას წარდგენილი, არის გაუგებარი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიცაა. ქართულმა საზოგადოებამ დაამკვიდრა მეთოდი, რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს ის ძალა, რომელსაც მხარს უჭერს უმრავლესობა. ასეთი ამ წუთას არის "ქართული ოცნება". კეთილი ინებონ ეს პასუხისმგებლობა აიღონ როგორც წესია და არ შეუქმნან ქვეყანას პრობლემა", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ამასთან როგორც ბოკერიამ განაცხადა, დღევანდელი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ საერთოდ არ დაამტკიცოს პარლამენტში უმრავლესობით შესული ახალი პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი, თუმცა ის პატივს სცემს ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს და პროცესის გაწელვას არ აპირებს.
"ჯერ ახალი კონსტიტუცია ძალაში შესული არ არის, სადაც მთავრობის დაკომპლექტების საკითხს მთლიანად პარლამენტი წყვეტს და პრეზიდენტის როლი მხოლოდ ფორმალურია. თუმცა ამომრჩევლის შეურაცხყოფა იქნებოდა რომ არსებული კონსტიტუციით საქართველოს პრესიდენტს პროცესის გაწელვა დაეწყო. რეალურად ამის შესაძლებლობა არსებობს. პრესიდენტს შეეძლო წარედგინა სხვა მთავრობა, რომელსაც მხარს არ დაუჭერდა პარლამენტი, შემდეგ 6 თვე ვერ ინიშნება არჩევნები და იქნებოდა ვითარება, რომ დღევანდელი მთავრობა მოვალეობის შემსრულებელად დარჩებოდა თუმცა ეს ასე არ ხდება", - აცხადებს გიგა ბოკერია.