ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, უკვე დათვლილია ხმათა 97,03 %, რაც 3654 საარჩევნო უბნის შედეგებს მოიცავს . წინასწარი შედეგებით, ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 55% აქვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 40,27%, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 2,04%-ით, ხოლო "ლეიბორისტულ პარტიას" ხმათა 1,24% აქვს მიღებული. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი 1%-ის ქვემოთაა.
ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მარნეულის საარჩევნო ოლქის ერთი უბნის შედეგები შესაძლოა, არ დაითვალოს. ასევე, პრობლემატურად რჩება და კითხვის ქვეშ დგას თერჯოლის, თეთრიწყაროს და მარტვილის რიგი საარჩევნო უბნების დათვლის საკითხიც.
ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეიდან, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.
3766 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილ 3654 უბანს შორის 64 სპეცუბანია.