"ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ არჩევნებში ნაციონალების კანდიდატი პავლე კუბლაშვილი დაამარცხა...
- ქალბატონო ელისო, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირი დაამარცხეთ...
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ახლახან დამირეკა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა ტყიბულში პალიკო კუბლაშვილმა და მომილოცა გამარჯვება. ეს იმ დოკუმენტის ტოლფასია, რომელსაც საოლქო კომისიიდან ველოდები. მე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს 1050 ხმით ვაჯობე, ეს განსხვავება კანდიდატებს შორის ამ პატარა რაიონისთვის ნამდვილად არ არის ცოტა. ეს გამარჯვება მოიპოვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც, მიუხედავად სოციალური გაჭირვებისა, აქვთ მომავლის იმედი და ერთგულად იდგნენ ჩემს გვერდით. ეს შეძლეს ჩემმა მშობლიურმა ტყიბულელებმა, რომლებმაც ირწმუნეს ჩემი გულწრფელობის და იმედი აქვთ, რომ მათ ელისო ჩაფიძე არასდროს მოატყუებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ბინძურ პროვოკაციებს მიწყობდა, ხალხმა გააკეთა გმირული არჩევანი. მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი მხარდაჭერის გამო გაუძლეს ხელისუფლების წნეხს.
- თქვენი კონკურენტი იყო ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენელი პალიკო კუბლაშვილი, რამ განაპირობა თქვენი გამარჯვება?
- ჩემს გამარჯვებას სამ ფაქტორს ვუკავშირებ. პირველი: ბიძინა ივანიშვილის სახელსა და ავტორიტეტს. მეორე: მეც სწორედ ისეთი უბრალო ვარ, როგორიც ჩემი ტყიბულელი ამომრჩეველი. ვარ მეშახტის და პედაგოგის შვილი და იციან, რომ მათგან არაფრით განვსხვავდები. მესამე: დაინახეს ჩემი გულწრფელობა, რასაც დავპირდი მათ წინასაარჩევნოდ, ყველაფერს შევუსრულებ. ჩემი ამომრჩევლის წინაშე მაკისრია დიდი ვალდებულება და ვიცი, რომ ამას პირნათლად შევასრულებ და ჩემს რაიონს, რომელიც გაჭირვებისგან სულს ღაფავს, გამოვიყვანთ გასაჭირიდან. "ქართული ოცნება" ჩვენს ამომრჩეველს რასაც დავპირდით, შევუსრულებთ!
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)