ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა

ჰილარი კლინტონმა 1-ელ ოქტომბერს ისტორიული დღე უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, ეს ისტორიული დღეა ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

"მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა აწარმოოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად", - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

როგორც კლინტონმა აღნიშნა, ახლა, როცა ქართველმა ხალხმა უკვე თქვა თავისი სათქმელი, შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან და, აგრეთვე, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად და საქართველოს ხალხისათვის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა