გვანცა ყუფარაძე ქალთა ციხეებში არსებული კორუფციის შესახებ ალაპარაკდა

გვანცა ყუფარაძე ქალთა ციხეებში არსებული კორუფციის შესახებ ალაპარაკდა

"სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა და ამ სისტემისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ამის აღიარება", - ეს სიტყვები გვანცა ყუფარაძემ ინტერვიუს დაწყებამდე მითხრა. გოგონამ, რომელმაც ციხე 2011 წლის 11 ნოემბერს დატოვა, იქ ხუთი წელი გაატარა და ამჯერად პრობაციონერია. გვანცას საქმე ბოლო დროს ყველაზე რეზონანსული გახლდათ. მას კლასელი ბიჭისთვის ოცდაათი ჭრილობის მიყენება ედებოდა ბრალად. რეალურად კი გვანცა ამ ამბის მოწმე გახლდათ. ამბობს, რომ დაზარალებული მაშინ თავად გადაარჩინა და ყოველდღე საავადმყოფოში მშობლებთან ერთად აკითხავდა. უამრავი სტატია დაიწერა ამ თემაზე, როგორ გაწირეს სკოლის მოსწავლე გოგონა ციხისთვის. გვანცა მომავალი იურისტია და ციხეში გატარებული წლების გახსენება ვთხოვეთ.

- ყოველთვის ველოდი ხელსაყრელ დროს, როდის ვისაუბრებდი ამაზე. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ისინი ამას არავის აპატიებენ. მათი არ მეშინია, მაგრამ ადრე ვხვდებოდი, რომ აზრი არ ექნებოდა ამის თქმას. არაერთხელ მოუსმენია საზოგადოებას არგუმენტირებული ფაქტები პატიმრების წამების შესახებ, ფოტოსურათები გავრცელებულა, სახალხო დამცველის დასკვნები, მაგრამ ამ საკითხებს კომიკურად აქცევდნენ და ცინიზმით ხვდებოდნენ. მათ შორის საპარლამენტო სესიაზეც. როდესაც ვიგრძენი, რომ მცირედი შანსი მაინც მქონდა, საზოგადოებას სწორი დასკვნა გაეკეთებინა, თავს ვერ მივცემდი გაჩუმების უფლებას. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ის კადრები, რაც ვიდეოჩანაწერების სახით გავრცელდა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად იქ ხდებოდა.

- გვანცა, გაუპატიურების ფაქტებზეც გსმენია?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც სისტემაში არიან ისეთი სადისტები, რომ მამაკაცს ამას უკეთებენ, არ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ქალსაც ასე მოექცნენ?

- ამ ქალბატონებსაც იმიტომ აწამებდნენ, რომ აღიარება მოეპოვებინათ?

- თუ უბრძანებდნენ, რასაკვირველია, მაგრამ ხელმძღვანელობის ინტერესში მაინც კორუფციული სქემა შედიოდა. დაწესებულების დირექტორი გახლდათ მედეა ალანია.

- მე მახსოვს ამ ქალბატონის ინტერვიუები, სადაც ამბობდა, რომ ძალიან უყვარდათ პატიმრებს.

- არ ვიცი, ქალბატონი მედეა შეიძლება ფიქრობდეს, რომ მეც ძალიან მიყვარდა. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც იუსტიციის პოლკოვნიკი გახლავთ და ოცდაათ წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს, ეს ყველაფერი გამოეპაროს. ეს იყო სისტემატური ყოველდღიური ციხის და ზონის ცხოვრება.

- გვანცა, რა პრინციპით ძალადობდნენ პატიმრებზე?

- გააჩნია რა კუთხით განვიხილავთ. უდოსა და შეწყალების ბერკეტები გადანაწილებული ჰქონდათ. უდო მათთვის მარტივად გასაკეთებელი საქმე იყო და იაფი ღირდა კომისიაში ჩასმა. რაც შეეხება შეწყალებას, ათასობით ლარი ღირდა და დიდი კორუფციული სქემა ჰქონდათ აგებული. ასევე აკრძალული ნივთებიც შემოჰქონდათ. მაგალითად, მობილური ტელეფონი... ჩამოფასებულ ტელეფონს ყიდულობდნენ და ციხეში ორმაგად ყიდდნენ.

- ქალთა ციხის ბადრაგზე რისი მოყოლა შეგიძლია?

- იქ ღირსეული ადამიანების მცირე პროცენტი იყო, მაგრამ ტერორს განიცდიდნენ. როდესაც უკანონო ფაქტს ხედავდნენ, ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო, რომ სამსახური დაეტოვებინათ, რისი გაკეთებაც ამ სისტემაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, იურისტისთვის. მათ ისეთ დახასიათებას აძლევენ, მომავალს უბლოკავენ, რომ სპეციალობით ვეღარ გააგრძელონ მუშაობა.

- წამების ფაქტებისა და გაუპატიურების შესახებ თავად პატიმრები ჰყვებოდნენ?

- პატიმრები ბევრად უფრო მწვავე თემებზეც საუბრობდნენ და შოკის მომგვრელ ამბებსაც ჰყვებოდნენ, უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაშიც ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ.

- თავად თუ შესწრებიხარ პატიმრის ცემის ფაქტს?

- დიახ, დაწყებული ახალგაზრდა გოგონებიდან, 40-50 წელს გადაცილებული ქალბატონებიც მინახავს.

- გვანცა, შენ გარშემო იყვნენ უკანონოდ დაჭერილი პატიმრები?

- მეამაყება, რომ ქართველი ვარ, მაგრამ მრცხვენია, რომ ასეთი პოლიტიკური რეჟიმის დაქვემდებარებაში ვარ. იქ არიან ადამიანები, რომელთა გამოც მრცხვენია, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. იქ არიან გარკვეული მაღალჩინოსნების პირადი პატიმრები, უსამართლოდ დაკავებულები. ასევე ადამიანები, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ სასჯელი დანაშაულის შესაბამისი არ არის. რაც შეეხება მათ, ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მაგრამ არავის აქვს უფლება, მათზე ასეთი ძალადობა განახორციელონ. მაშინ იყოს დახვრეტა, როგორც საბჭოური და ნაცისტური რეჟიმის დროს. თუ წამებაა, იმის ნება მაინც მისცენ ადამიანებს, აირჩიონ - რომელი ურჩევნიათ.

- გვანცა, ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე მინისტრი გამოიცვალა. რომლის დროს იყო უფრო ნორმალური სიტუაცია ციხეში?

- დიახ, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი და შემდეგ ხათუნა კალმახელიძე. ეს ყველაფერი დაწყებულია ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, შემდეგ განვითარდა და ბოლოს შენარჩუნდა. როდესაც ზოგიერთი თანამშრომელი ამბობდა, რომ უკანონობა ხდებოდა, ზემდგომები ამას ცინიზმით ეკიდებოდნენ. არავინ რეაგირებდა და პირიქით, ემუქრებოდნენ. თუ გაიკითხავთ, ნახავთ, რომ რამდენიმე თანამშრომელი შემდგომ პატიმარი გახდა. ხალხი ბრძენია, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, თუ ისინი მართლა თავისი საქმის კარგი მცოდნენი იყვნენ და ადამიანური თვისებები ჰქონდათ, რატომ იტანდნენ ამასო. მაშინ კონტრარგუმენტი მაქვს, რატომ არ ამბობდა ამ ყველაფერს თითოეული პატიმარი. ყველა მაშინ ამბობს, როცა შეუძლია. ამ ადამიანებს ბევრად უფრო მეტი სიკეთე აქვთ იქ გაკეთებული, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად საუბრით შევძლებთ.

- ამ შემთხვევაში ზოგიერთ ბადრაგს გულისხმობთ?

- არა მარტო მათ, იქ არიან ბადრაგები, ოპერმუშაკები, ოფიცრები.

- ციხეში თუ მოდიოდა ხათუნა კალმახელიძე და თუ გესაუბრებოდათ პატიმრებს?

- დიახ, ის იყო მინისტრი, რომელიც ბაჩო ახალიას შემდეგ ყველაზე ხშირად დადიოდა. ბატონი ბაჩო უფრო არაოფიციალურად სტუმრობდა საპყრობილეს, საკუთარი სურვილების და მიზნების გამო და ქალბატონ ხათუნას რაც შეეხება, უფრო ოფიციალური იყო მისი სტუმრობა. როგორც ჩანს, მას პირადი ინტერესი არ ჰქონდა, ვინმე ეწამებინა.

- არ უყვებოდით ციხეში არსებულ პრობლემებზე?

- მინისტრთან საუბარი არ შეიძლება, ეს დაუწერელი კანონი იყო. წინასწარ ხდებოდა პატიმრების შერჩევა და დაშინება. ისინი წინა რიგებში უნდა დამდგარიყვნენ. შემოვიდოდა, გადაიღებდნენ და თუ ჟურნალისტებიც ახლდნენ, ძირითადად ისინი დეპარტამენტის ოპერატორები იყვნენ და შემდგომ გადაღებულ მასალას ისე ამონტაჟებდნენ, როგორც აწყობდათ. ძალიან გამბედავი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ გაებედა და მისთვის ერთი ფრაზა მაინც ეთქვა, ძვირად დაუჯდებოდა ეს ყვ­ელაფერი. თუმცა იყვ­ნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავდნენ, მაგრამ მომენტალურად არიდებდნენ ამ ადამიანებს.

- გვანცა, ბოლო დროს ციხეებში მაღაზიები გაიხსნა, სადაც შეგეძლოთ, სასურველი საკვები შეგეძინათ...

- დიახ, პლასტიკური ბარათებით ვყიდულობდით. ზუსტი გამოთვლა მაინც ეკონომისტების კომპეტენციაში შედის, მაგრამ დაახლოებით 15%-იანი სხვაობაა გარეთ არსებულ ფასებთან. როდესაც მაღაზია გახსნეს, ლიმიტი დააწესეს ამანათების შეტანაზე. ხშირად მსმენია მინისტრის ნააზრევი, ფორმალობაც კი არის სისტემაში ამანათებისა და მაღაზიის არსებობა, რადგან მსჯავრდადებულები ყველაფრით არიან უზრუნველყოფილნიო. ეს მარაზმის ტოლფასია, რადგან როდესაც თავად აგემოვნებდა იქ საკვებს, საგანგებოდ სამი დღით ადრე იწყებოდა მომზადება, რა უნდა ეჭამა. როდესაც ცდილობდა, ჟურნალისტებისთვის დაენახვებინა სისტემაში არსებული სრული იდილია, ამის პარალელურად ხდებოდა ის, რაც კადრებში ნახა საზოგადოებამ. რაც შეეხება საკვებს, ნორმალური ადამიანისთვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელია იმ საკვებზე გაკარება. ძალიან ცოტა პატიმარია დამოკიდებული ამ საჭმელზე. ძირითადად ამანათებით ცხოვრობენ. რაც შეეხება განცხადებებს, რომ მან ეს არ იცოდა, ეს ყველაფერი მისთვის უცხო იყო, ეს არის აბსურდი.

- მამაკაცთა ციხეებში მომხდარ წამებებზე რამდენად ხშირად გესმოდათ?

- ეს ყველაფერი ვიცოდით და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცოდა, უბრალოდ, სიმართლისთვის თვალის გასწორება, როდესაც ასეთი რეალობაა, საკმაოდ რთულია. როდესაც ამ კადრებს ვუყურებდი, ის კი არ განვიცადე, რაც ვნახე, მაგაზე ბევრად უარესი მინახავს, გული მეტკინა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი დამეუფლა, იმიტომ რომ უსუსური ვიყავი, თითქოს არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ის განვიცადე, რომ ინფორმაცია ასეთი ფორმით გახდა ცნობილი. მაინცდამაინც ადამიანის ასეთი დამცირების, სადიზმის მსხვერპლთა ეკრანზე აღბეჭდვა უნდა ყოფილიყო საჭირო, რომ ეს სისასტიკე დასრულებულიყო?

ის საიდუმლო, რასაც მსჯავრდადებულები ერთმანეთს ვუნახავდით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. როგორ ტანჯვაშიც უნდა ყოფილიყო ადამიანი, ფიქრობდნენ, რომ როდესაც სასჯელის ვადა დაუმთავრდებოდათ, გარეთ ცხოვრებას შეძლებდნენ ახლა ეს ზღვარი დაირღვა. მათთვის ეს ტანჯვა, შეგრძნებები და მოგონებები ამ რეალობაშიც ყოველდღიური გახდა.

- ამბობენ, რომ კიდევ არსებობს ერთსაათიანი ვიდეო. მინდა, გკითხო, იღებდნენ თუ არა ამ სისასტიკეს ქალთა ციხეშიც?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. აღვნიშნე კიდეც, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი. ზონაში არ არის ისეთი ინტენსივობით კამერები, მხოლოდ ეზოშია, ამიტომ ძალადობის უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ. რაც შეეხება საპყრობილის რეჟიმს, იქაც ისევე იყო განთავსებული კამერები, როგორც გლდანის ციხეში და ყველაფერი ფიქსირდებოდა, თუ ვინმეს დააინტერესებდა და გადაიღებდა. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ იქ ვერავინ ვერაფერს ვერ შეიტანს და გამოიტანს, თუ მაღალჩინოსნები არ იქნებიან ამის შესახებ საქმის კურსში.

- გვანცა, დასასრულ გკითხავ, მას შემდეგ, რაც ციხე დატოვე, ის ადამიანი თუ ნახე, ვისი დაჭრაც დაგაბრალეს?

- არა, არ მომიძებნია. მე ვიცი ის, ეს საქმე სად უნდა იყოს, სტრასბურგშია გასაჩივრებული და პასუხს ველოდებით. ამ საქმეს სამართლებრივად დაერქმევა თავისი სახელი და სამართალი იქნება მისი დასჯის მთავარი გარანტი. ყველაფერი, რაც გადამხდა, მხოლოდ ნეგატიურ მოვლენათა ციკლი არ ყოფილა, მე მინდა, რომ ამ სფეროში ზოგადად არსებული სიტუაციის გამოსწორებაში ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ