ლევან ბერძენიშვილი: "თუ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შედგება, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ"

ლევან ბერძენიშვილი: "თუ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შედგება, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ"

თითქმის მთელი ქვეყნისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დღესვე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი დამარცხდა კოალიცია "ქართულ ოცნებასთან". 2 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის." "საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთავრობის დაკომპლექტება. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის ამ კოალიციის შეხედულებები. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ", - განაცხადა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას. გვესაუბრება "რესპუბლიკური პარტიისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ლევან ბერძენიშვილი.

- ბატონო ლევან, გილოცავთ გამარჯვებას! ელოდით ასეთ შედეგს ან პრეზიდენტის მიერ დამარცხების ასეთ მყისიერ აღიარებას?

- დიდი მადლობა. დიახ, მე პირადად ველოდი ასეთ შედეგს, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მიმაჩნდა, რომ 60/40-ზე შეფარდებით გავიმარჯვებდით, საბოლოოდ, ალბათ, ამ მონაცემისგან ხუთიოდე პროცენტით განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ. ასევე ვვარაუდობდი, რომ ბარიერს ვერ გადალახავდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, გადაელახა, მაგრამ ახლა ამაზე ხალხთან კამათს არ ვაპირებ. პრეზიდენტი სააკაშვილი რომ შეეცდებოდა ვითარებიდან მშრალად გამოსვლას, ამას ველოდები მას შემდეგ, რაც მან ბაჩო ახალაია გადააყენა, ანუ როცა მან გამოამჟღავნა გარკვეული პოლიტიკური მოქნილობა. გეთანხმებით, რომ არჩევნების საღამოსვე დამარცხების აღიარებას მისგან ბევრი არ ელოდა, მათ შორის მეც, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სამოქალაქო ომი და დაპირისპირება არ იქნებოდა. ამას ვეუბნებოდი ყველას, ვინც ამის თაობაზე მეკითხებოდა, თუმცა პასუხად თითქმის ყველა ამბობდა, ეგ ისე არ იზამს, კუდი არ მოიქნიოსო. კუდის მოქნევის ელემენტები აშკარად ჩანდა, თუმცა არ ჩანდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სამოქალაქო დაპირისპირებას სჭირდება ორი მხარე, რაც ქვეყანაში არ ყოფილა. სააკაშვილს, შექმნილ ვითარე­ბაში გარკვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან დაეხმარნენ ქვეყნის გარედან, რისთვისაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მადლობა უნდა ვუთხრათ.

- ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას, მან საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მიიღო მომავალი არჩევნების თაობაზე.

- დიდი ალბათობით, ეს მართლაც ასე იყო. ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებთან შედარებით, ჩვენ გაცილებით მეტი პროცენტით მოვიგეთ, თუმცა გაყალბება იყო, მაგრამ ეს ვერ აისახება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაზე.

- როგორ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტ სააკაშვილთან თანამ­­შრომლობა?

- ჯერ ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ეს თანამშრომლობა, ამას ვითარება გვაჩვენებს. სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობისკენ საკმაოდ მოქნილი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ეს მაინც ვერ იქნება ფეხაწყობილი ურთიერთობა და, ალბათ, გარკვეულ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თუ პარლამენტში შედგება კონსტიტუციური უმრავლესობა, შეიძლება გადაიხედოს რაღაც-რაღაცები და პრეზიდენტსაც მაშინ მივხედავთ. მაგალითად, დაზუსტდეს, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და დაინიშნოს, მაგალითად, 2013 წლის 5 იანვარს. ახლა არ გვყავს ამგვარი უმრავლესობა...

- ანუ, ფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა ნაწილი შესაძლოა მალე თქვენს პოზიციაზე გადმოვიდეს?

- დიახ, ასეთი რამ აქამდეც მომხდარა და ალბათ მომავალშიც მოხდება.

- როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ახალი პარლამენტი ქუთაისში შეიკრიბება, რა იქნება შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში განაგრძობს მუშაობას?

- ეს საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია და ამასაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. ახლა ამ ცვლილების უნარი არ გვაქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შევიკრიბებით ქუთაისში, მაგრამ როდესაც გვეყოლება კონსტიტუციური უმრავლესობა, მაშინ შეიძლება გადაიხედოს ეს საკითხი. მიმაჩნია, რომ თბილისი უნდა იყოს სრულფასოვანი დედაქალაქი და სწორედ აქ უნდა იყოს პარლამენტი, მაგრამ ამ საკითხზე კოალიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა მსჯელობა.

- საარჩევნო ხმების დათ­ვლის პროცესში ყველაზე მეტად ვითარება ხაშურში გართულდა, სადაც საარჩევნო უბნებში გამოჩნდა სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლმდენი აირი და რეზინის ტყვიები.

- მოგეხსენებათ, ხაშურის მაჟორიტარობის ჩვენი კანდიდატი არის ვალერი გელაშვილი, ეს არის კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების გარიჟრაჟზე, პრეზიდენტის ბრძანებით, ისე სცემეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია, თუმცა ყველამ იცის, ვინ ჩაიდინა. ეს იყო პრეზიდენტის პირადი შურისძიება და რაც ხაშურში ხდებოდა, ესეც სააკაშვილის პირადი შურისძიებაა. ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა ხაშურში, სპეცრაზმი შევიდა საარჩევნო უბნებზე, რაც კანონით დაუშვებელია. ამ ფაქტმა ასევე აჩვენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უხერხემლობა. კომისიის თავმჯდომარე, იმის მაგივრად, რომ პრინციპულობა გამოეჩინა, გამოვიდა და განაცხადა, არ ვიცი, ხაშურში რა ხდებაო.

- სოციალურ ქსელში გია ნოდიამ ასეთი რამ განაცხადა: "ამჯერად, ფულმა დემოკრატია დაამარცხა. მისი გადარჩენისთვის აუცილებელია, არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დე­მორალიზაცია და დაშლა. ივანიშვილის ავტორიტარიზმის საფრთხე სერიოზულია და ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, მას ხელი შეუშალოს, "ნაციონალური მოძრაობაა".

- მესმის, რომ ნოდიას ფულის მიმართ აქვს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ტიპს, რომელმაც თავის დროზე სააკაშვილს გაუყალბა ექსიტპოლი, მერე ცოტა ხანს მისი მინისტრიც იყო და ა.შ. მასზე ვერ ვიტყვი, რომ გაუნათლებელი კაცია, ის არის ერთ-ერთი ძლიერი ინტელექტუალი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობამ გია ნოდიას სინდის-ნამუსი გაუწყვიტა. მისი მოსაზრება საინტერესოა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ვიმეორებ, მაგას თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ცოცხებით დემოკრატი ჰგონია, ნიშნავს­, რომ ვერ არის მთლად კარგად ზნეობასა და მორალთან.

- სააკაშვილის მიერ დამარცხების აღიარების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი გარიგდნენ, შედეგად კი სააკაშვილმა ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

- და ამ გარიგების შემდეგ შეიყვანა სპეცრაზმი ხაშურის საარჩევნო უბნებში? რა გარიგებაზეა ლაპარაკი? არჩევნების დასრულების შემდეგ ორივე თავის ადგილზე იმყოფებოდა - პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ბანდიტებთან ერთად იყო, გივი თარგამაძესა და მისნაირებს ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილი კი იყო ხალხთან. არანაირი შეხვედრა არ გამართულა, არავითარი გარიგება არ გვჭირდება, ეს ხელისუფლება ამის გარეშეც მოვიშორეთ. სხვათა შორის, არჩევნების დღეს სააკაშვილის განცხადება იყო უფრო მისიანების შეგუების მცდ­ელობა დამარცხებასთან, თანაც ცო­ტა შეაგულიანა იმით, რომ უთხრა, მაჟორიტარულ ოლქებს ვიგებთო...

- რა ელით სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს? ისინი შიშით უყურებენ ხელისუფლების შეცვლას.

- არც ერთი პროფესიონალი არ დაკარგავს სამსახურს პოლიტიკური თვალსაზრისის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას, კანონის მიხედვით, პარლამენტი რომ შეიკრიბება, მთავრობა უნდა გადადგეს, შესაბამისად, დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი. ახალი მთავრობა პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს. თუ ახალ მთავრობაში ისევ იქნებიან ეს მინისტრები, ბუნებრივია, არ დავამტკიცებთ, თუმცა ეს ასე არ მოხდება, ამიტომ ეს ხალხი ნამდვილად დაკარგავს სამსახურს. ახლა შაშკინმა რომ დაკარგოს მინისტრის სავარძელი, ამაში არაფერი იქნება ცუდი. ეს არის უვიცი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაზე არაფერი იცის. არადა, სამი სამინისტროს მინისტრი იყო, განსაკუთრებით სასაცილო კი მაგის განათლების მინისტრობა იყო. თუმცა მინისტრების მოადგილეებს, დეპარტამენტის უფროსებს, რიგით თანამშრომლებს ნუ შეეშინდებათ, მათ გარდა, ვისაც რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ საქმეზე დამოუკიდებელი სასამართლო იმსჯელებს.

- ალბათ კოალიციას უკვე აქვს ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო მონახაზი.

- არა, ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია. ჩვენ არ გვიმუშავია 2 და 3 ოქტომბრისთვის, როგორც ამას გვაბრალებდნენ. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული იყო არჩევნების მოგებისკენ. ახლა დავსხდებით, მოვილაპარაკებთ, შევთ­ანხმდებით... მოკლედ, ეს უახლოესი მომავლის საქმეა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა