პიროვნება, რომელიც სააგენტო "ინფო 9"-მ გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დოკუმენტების დაწვის დროს გადაიღო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ადასტურებს.
"წლების განმავლობაში მე ვაშუქებდი ოპოზიციის აქციებს, სადაც კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ხშირად მინახავს ეს ადამიანი, თუმცა მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. იგი აქციებზე ხშირად უთვალთვალებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის ნამდვილად კუდ-ის თანამშრომელია. ამ თემასთან დაკავშირებით სტუდია GNS ამზადებს მასალას, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს", - აცხადებს ambebi.ge-სთან საუბარში ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე.
ზაქაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღნიშნული პიროვნების ფოტოს აქვეყნებს და ვარაუდობს, რომ დოკუმენტები, რომლებიც წუხელ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწვეს, კუდ-ის თანამშრომლების დანაშაულებათა დამამტკიცებელი იყო.
"ასე სასწრაფოდ საინტერესოა, რა დოკუმენტები დაწვეს. გუშინ ხუდადოვზეც დაუწვავთ. ანადგურებენ დოკუმენტებს, რომელიც, სავარაუდოდ, მათ დანაშაულს ამტკიცებს", - წერს ზაქაიძე.
ტელეკომპანია "ობიექტივის" ერთ-ერთი წამყვანი მამუკა ბაკურია ვარაუდობს, რომ დამწვარი დოკუმენტები მიტინგებზე იდენტიფიცირებული ადამიანების მონაცემები იყო.
"ეს ჩემი აზრით, მიტინგებზე იდენტიფიცირებული ადამიანების დოსიეებია - ანუ, ვინ ვინ არის! ამის გამოჩენა შსს-ს არ აწყობს, იმიტომ რომ მაშინვე გახდება ცნობილი, რომ შსს კი არა, ეს გესტაპო იყო! ასეთი დოსიეები ჰქონდა მარტო გესტაპოს, НКВД-ს და ჩვენ სახელოვან შსს-ს. "ინფო 9"-ის ჟურნალისტი, რომელიც ლისის ტბაზე ამ დოკუმენტების გადაღებას ცდილობდა, ამბობს, რომ სწორედ მსგავსი შინაარსის ტექსტებს მოჰკრა თვალი, ვიდრე დოკუმენტებს დაწვავდნენ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ კუდ-ის თანამშრომლების მუშაობის სტილს და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დოკუმენტები ოპოზიციის აქტივისტების შესახებ პირადი სახის ინფორმაციას შეიცავდა, რასაც მათი დევნისთვის იყენებდნენ", - აცხადებს ambebi.ge-სთან საუბარში ბაკურია.
ბელა ზაქაიძის "ფეისბუქზე" განთავსებულ ფოტოზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი ირაკლი კორძაიაც, რომელიც აცხადებს, რომ ყველა მონაცემი აქვს "ინფო 9"-ის კადრებში გადაღებულ პიროვნებაზე და უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
წუხელ სააგენტო "ინფო 9"-ის ჟურნალისტმა რამდენიმე უცნობი პირი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს გადაიღო, როდესაც ისინი დიდი რაოდენობით სხვადასხვა დოკუმენტს წვავდნენ. თუმცა დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არცერთმა მათგანმა ისურვა. ჟურნალისტს არ მისცეს დოკუმენტების გადაღების საშუალებაც.
"ქაღალდებია, არაფერი მნიშვნელოვანი, ცარიელი მაკულატურაა", - განუცხადა "ინფო 9"-ს ერთ-ერთმა პიროვნებამ.
P.S იმ პიროვნების ფოტოები, რომელიც ლისის ტბაზე დოკუმენტების დაწვისას გადაიღეს, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" არქივშიც აღმოჩნდა. ფოტოები ერთ-ერთ აქციაზეა გადაღებული და ადასტურებს, რომ ეს პირი მართლაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია.
სოფო მინაშვილი