ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დსთ-ში დაბრუნების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ლუკაშენკომ ტელეკომპანია "მირ"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სამიტი მომავალ წელს სავარაუდოდ მინსკში გაიმართება და ამ შემთხვევაში შეთავაზებას საქართველოს მისამართით თავად გააკეთებს.
მისივე თქმით, არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" რომ გაემარჯვა, "მიხეილ სააკაშვილი მომავალ წელს დსთ-ს წევრი იქნებოდა".
"ბელორუსი ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ჩვენ საქართველო არ უნდა დავკარგოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა 1991 წელს შეიქმნა და მასში პოსტსაბჭოთა სივრცის 12 სახელმწიფო შევიდა - ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის გარდა. საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დსთ-დან გამოსვლას მხარი დაუჭირა. დსთ-დან გამოსვლის მიუხედავად საქართველო კვლავ რჩება 70-მდე შეთანხმების მონაწილედ, რომლებსაც ხელი დსთ-ს ფარგლებში მოეწერა.