ლადო პაპავა: "სასიხარულოა, რომ ახალი პარლამენტი აღარ იქნება პრეზიდენტისა და მთავრობის ნოტარიუსი"

ლადო პაპავა: "სასიხარულოა, რომ ახალი პარლამენტი აღარ იქნება პრეზიდენტისა და მთავრობის ნოტარიუსი"

"მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." - დიდი ილიას ეს უკვდავი სტრიქონები 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. სწორედ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და "მყოობადზე" გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა, რომელმაც საუბარი მოლოცვით დაიწყო:

- პირველ რიგში, გამარჯვება უნდა მივულოცო ჩვენს ხალხს და ვუთხრა, რომ საქართველო ახლა გადის ისტორიულ ეტაპს, რომლის დროსაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოიჩინოს გონიერება, სიდინჯე და პრინციპულობა. არჩევანმა აჩვენა, რომ ხალხმა სიკეთის მხარე დაიჭირა, რომ მას შესანიშნავად ესმის, სად არის ბოროტება და სად - სიკეთე. ხალხმა არჩევანი ბოროტების წინააღმდეგ გააკეთა. ჩვენ მსოფლიოს დავანახვეთ, რომ ძველი გზით სიარული აღარ გვინდა, რომ უარს ვეუბნებით "ნაციონალურ მოძრაობას" და ქვეყანაში ცვლილებები გვსურს.

- ბატონო ლადო, დღეს ვითარება ძირეულად შეიცვალა: საქართველოს პარლამენტში იქნება ორი დაპირისპირებული ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", თქვენი აზრით, რას უნდა ველოდეთ ამ დაპირისპირებისაგან?

- დიახ, ჩვენ სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ: საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი კოალიცია "ქართული ოცნება" და დაიწყება ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეტაპი, რომლის მსგავსიც ჯერ ჩვენ არ გვქონია. ეს ეტაპი ნიშნავს დაპირისპირებას ქვეყნის პრეზიდენტთან იმიტომ, რომ კონსტიტუცია მოქმედებს და მასში ცვლილება მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. მეორე მხრივ, პრეზიდენტს ეყოლება დაპირისპირებული ძალა პარლამენტის სახით, ახალი პარლამენტი ბრმად აღარ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, ის აღარ იქნება პრეზიდენტისა და მთავრობის ნოტარიუსი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. პრეზიდენტს გაუჭირდება მთავრობის არჩევა თავისი სურვილისამებრ, შეექმნება სერიოზული პრობლემები ბიუჯეტის დამტკიცებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია: ქვეყანამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისწავლოს დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრება. ეს იყო სერიოზული სკოლა როგორც ქართველი პოლიტიკოსებისათვის, ასევე ქართველი ამომრჩევლისთვისაც. ჩვენ აღარ მოგვიწევს ისეთი სისულელეების მოსმენა და ატანა, როგორიც იყო "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე", ან "მეტი სარგებელი ხალხს". ეს იყო ლოზუნგები, რომლებიც პრაქტიკულად არაფერს ნიშნავდა და არც არაფერს ცვლიდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

- ბატონო ლადო, ძალაუნებურად მივადექით ხალხის პრობლემებს და სოციალურ საკითხებს. ყველამ იცის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე დიდძალი თანხა დახარჯა. ცარიელი ბიუჯეტი ხომ არ დახვდება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს?

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი კითხვაა: საქმე ის არის, რომ კონსტიტუციის მიხედვით სექტემბრის ბოლოს ქვეყნის მთავრობას პარლამენტში უნდა შეეტანა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი. ესე იგი, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარდგენილი უნდა იყოს. ჯერჯერობით ბიუჯეტის თაობაზე არაფერი გვსმენია, რადგანაც არჩევნებამდე ამისათვის არავის ეცალა. ახლა უკვე იწყება ასეთ პრობლემებზე ფიქრის დრო. ალბათ პარლამენტი ოქტომბრის ბოლოს შეიკრიბება და ძალიან მალე გადაწყდება საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო თანამდებობების საკითხიც. ამის შემდეგ ყველაზე მთავარი ნაბიჯი, რომელიც პარლამენტმა უნდა გადადგას, ეს არის მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება და ბიუჯეტის მიღება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

- არჩევნებამდე დახარჯული ფული ბუნებრივია, ინფლაციურ პროცესებსაც შეუწყობს ხელს. ამის შესახებ უკვე განაცხადეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა. როგორ შეიძლება ეს პროცესი მოწესრიგდეს?

- ინფლაციური პროცესის საფრთხის წინაშე ქვეყანა ისედაც იდგა. არც ისე დიდი ხნის წინ სწორედ "ყველა სიახლეს" მივეცი ინტერვიუ, სადაც ვამბობდი, რომ პურის ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, რომ ხელოვნურად აიძულებდნენ მეპურეებს, ფასები არ გაეზარდათ. მოგეხსენებათ, პურის გაძვირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. თვითონ მეპურეებიც ამბობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ პურს, სულ ცოტა, 10 პროცენტით მაინც გააძვირებდნენ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი მთელ მსოფლიოში ძვირდება, მისი ფასი აქაც ვერ დარჩება ძველ დონეზე, რადგან საქართველო პურის იმპორტიორი ქვეყანაა, თანაც აქ სერიოზულ როლს ასრულებს ღარიბი ქვეყნის ეფექტიც. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული საერთაშორისო დონის ინფლაციური პროცესისაგან, რასაც ემატება საქართველოში მიმდინარე პროცესებიც. ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული ქმედითი ინსტრუმენტები, რომ ინფლაცია მოთოკოს, თუმცა, არც ეს არის დიდი ნუგეში: შეიძლება ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაიზარდოს, მაგრამ არსებობისათვის საჭირო კვების პროდუქტები მაინც გაძვირდეს. ასეთია ვითარება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

- აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხვდება სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ქვეყანა. შეძლებენ ის და მისი გუნდი, რომ მოერიონ არსებულ სირთულეებს და ქვეყნისათვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან?

- გამოგიტყდებით - მე ნამდვილად არ ვარ პესიმისტურად განწყობილი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები დახვდება, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას სწორედ იმიტომ ირჩევენ, რომ პრობლემები მოაგვაროს. თუ ბატონი ბიძინა და მისი გუნდი შეძლებენ, მთავრობა პროფესიული ნიშნით დააკომპლექტონ და იქ ნამდვილი პროფესიონალები მოიზიდონ, რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა მოგვარდება. მჯერა, როგორი სირთულეებიც უნდა გვქონდეს, ჩვენი ქვეყანა ამ სირთულეებს გადალახავს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა