შესაძლოა, მავანს მაინც გადამეტებულად მოეჩვენოს სათაურში გამოტანილი განსაზღვრება, მაგრამ თუ ფაქტებს თვალის ერთი გადავლებით მაინც შევაფასებთ და მიღწეულ შედეგსაც სათანადოდ გავაანალიზებთ, ეჭვი გაიფანტება. მთელი ცხოვრების განმავლობაში "დამალული", ყოველგვარ პოლიტიკურ გამოცდილებას მოკლებული ბიზნესმენის ეროვნულ ლიდერად გადაქცევა განა ტრიუმფს არ ნიშნავს?..
ჰოდა, მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ, ისიც - არასრულ ნუსხას, თორემ სრული, მთელი ჟურნალის ფართობს წაიღებდა...
"შეხედეთ ერთმანეთს და დარწმუნდებით, რომ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, როგორც დაგპირდით 27 მაისს, დაგპირდით აქ, თბილისში. და როგორც თქვენთვის მოცემული ეს სიტყვა შევასრულე, ზუსტად ასევე შეგისრულებთ ყველა დაპირებას, იცოდეთ...
პირი შევკრათ, რომ ქართულმა პოლიტიკამ ადამიანური სახე მიიღოს და სახელმწიფოს მთავარი ღირებულება გახდეს - ადამიანი", - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს 2012 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ბოლო მანიფესტაციაზე. მანამდე კი იყო 11 დაძაბული თვე - 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილით, რომლითაც მან საზოგადოებას პოლიტიკაში მოსვლა ამცნო...
ახლა კი უკან დავბრუნდეთ და გავიხსენოთ პირველი განცხადება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო ქვეყანას:
2011 წელი
"მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის ალბათობას. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისუფალს ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებებისგან, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა. მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახვა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა. დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ მე აღარ მქონდა არჩევანი. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ოპოზიციის ფინანსური დახმარებით არ იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პროცესების კორექტული მართვა და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღება. გარწმუნებთ, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო.
ვაღიარებ, რომ ჩემი ოპონენტებისთვის ეს განმარტება საკმარისი არ იქნება და კარგად ვაცნობიერებ იმასაც, რომ დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება, რათა საზოგადოებას ჩემი გულწრფელობა დავუმტკიცო".
როგორ ვითარდებოდა მოვლენები თვეების განმავლობაში მას შემდეგ, რაც უკლებლივ ყველამ - მტერმა თუ მოყვარემ, იდუმალი ფიგურის პოლიტიკაში მოსვლით მოგვრილი უდიდესი შოკი განიცადა?
12 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ძალების შემოკრება დაიწყო.
ამ დღეს გაიმართა პირველი კონსულტაცია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან. ივანიშვილი შეხვდა აგრეთვე დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს.
17 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ბიზნესმენის 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, რომ 2004 წლის შემდეგ, როდესაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, მას საფრანგეთის მოქალაქეობაც მიუღია. ვაშაძის ცნობით, ამის გამო ივანიშვილს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდა. ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი აღებული ჰქონდა 2010 წელს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი - 2011 წელს.
18 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: "საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, დღის 17 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა "ბანკ ქართუზე", რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის.
"საქართველოს ბანკის" სათავო ოფისიდან გამოსული "ბანკ ქართუს" ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები. იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს "ბანკ ქართუს" 6 თანამშრომელი, წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა "ბანკ ქართუს" საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა".
20 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელიც საათ-ნახევარს გაგრძელდა.
1-ლი ნოემბერი
ბიზნესმენის რეზიდენციაში გაიმართა პირველი პრესკონფერენცია, რომელსაც ყველა ტელე და რადიოკომპანიისა და პრესის ათობით წარმომადგენელი დაესწრო და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
11 ნოემბერი
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლიდან გასული პირველი თვე შეაჯამა და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრ
შეკითხვას გასცა პასუხი:
"ყველაზე პოზიტიური, რაც დავინახე ამ ერთი თვის განმავლობაში, იყო ის, რაც ხდებოდა რამდენიმე დღის წინ "ქართუ" ბანკის წინ... მე ვიცოდი ხალხის განწყობა და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა ბევრ სკეპტიკოსს, დაანახვა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვიღაცები ფიქრობენ და გეგმავენ... ცოტას წავიტრაბახებ, 95%-ით ხორცი შეესხა იმ გეგმას, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვაანალიზებდი. სწორად დავინახე ყველაფერი და ამან კიდევ მეტი სიმტკიცე და სითამამე შემმატა; დამავიწყდა, როგორ ვმერყეობდი გადაწყვეტილების მიღებისას.
ბედნიერი ვარ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სხვა გზა არც მქონდა. დღეს ვხედავ, რომ ამისთვის ვარ დაბადებული.
ჩემი საქმე ყოფილა, რომ ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას გავამარჯვებინო".
11 დეკემბერი
გაიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია, რომლის დამფუძნებლებსაც ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი სიტყვით მიმართა:
"ქართული ოცნება" იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე. ძლიერმა, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და აკონტროლებდეს არჩეულ ხელისუფლებას... ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა მმართველ პოლიტიკურ ელიტას... დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე..."
24 დეკემბერი
ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. მისმა უწმინდესობამ ბრძანა: "ცხოვრება სირთულეებისგან შედგება და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება". შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ხატი - "საქართველოს იმედი" აჩვენა. ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ხატის - "საქართველოს იმედის" შექმნის იდეა დიდი ხანია, ჰქონდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.
2012 წელი 9 თებერვალი
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო: "შპს "იგრიკას" კუთვნილი სატელევიზიო სადგური, რომლის ღირებულებაც 450 ათასი ევროა, საბაჟო კონტროლის ზონის გავლის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა. ლიტვური ტელესაკომუნიკაციო კომპანიის მიერ გამოგზავნილი ტექნიკა ბათუმის პორტში 9 თებერვალს, დილის 12 საათზე შევიდა, სადაც 5 საათის განმავლობაში იყო დაკავებული..."
27 თებერვალი
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" წარადგინა. კოალიციაში გაწევრდნენ პარტიები: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი" და პერსონალურად - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.
27 მაისი
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თბილისში, თავისუფლების მოედანზე პირველი მასობრივი მანიფესტაცია მოაწყო, რომლითაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მანიფესტაციაში 110 ათასი კაცი მონაწილეობდა. 27 მაისის აქციით კოალიციამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. "ქართული ოცნების" აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, სტუდენტებმა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციებმა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია და 7 თვის განმავლობაში ოპოზიციური სპექტრის ერთ მუჭად შეკვრა მოხერხდა.
"პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი. ჩემი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს წელგამართული, დაცული იყოს მათი უფლებები, ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლოს თავისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.
"ჩვენ დღეს ვიწყებთ, რომ საქარ|თველოს მოსახლეობის ცხოვრება ხვალ უკეთესობისკენ შევცვალოთ, ეს ჩვენი ღირსების საქმეა", - თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა და წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.
18 ივნისი
კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ოქმების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო მოტივით მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგების ბრალდებით, 126.220.190 ლარით, თავისი კომპანიების მეშვეობით "ქართული ოცნებისთვის" ავტომობილებით შეღავათიან ფასად მომსახურებისთვის კი 22.429.941 ლარით დააჯარიმა. თანხამ სულ 148.650.131 ლარი შეადგინა. ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ ანტენების გამო ჯარიმა 63.110.095 ლარამდე, ავტომობილებთან დაკავშირებით კი 11.214.970 ლარამდე შეამცირა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სანქციებს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის დაჯარიმების კანონიერებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს და ეს უფრო პოლიტიკურ ოპონენტზე შეტევას ჰგავს.
ივნისიდან სექტემბრამდე
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გამართა მასობრივი წინასაარჩევნო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.
3 სექტემბერი
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივიც გაყიდა. აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივა" 180 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ გარიგებით დასრულდა რუსეთში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების გაყიდვის პროცესი. თავისი გადაწყვეტილება ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ არ სურს, საქართველოს მოსახლეობას რაიმე კითხვები დარჩეს რუსეთში არსებულ მის ქონებასთან დაკავშირებით.
29 სექტემბერი
კოალიციამ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" ერთდროულად, თბილისსა და ქუთაისში მრავალათასიანი მანიფესტაციებით დაასრულა წინასაარჩევნო კამპანია. საინტერესოა, რომ მესიჯები, რომელიც მან ზემოთ ხსენებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ("კვირის პალიტრა", 2011 წ. 11 ნოემბერი) საზოგადოებას გაუგზავნა, პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ამიტომ მოგვყავს რამდენიმე საგულისხმო ამონარიდი ამ და კიდევ ერთი - ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"...სიცრუის მანქანა თითქმის აღარ მუშაობს (ჩვენში რომ დარჩეს, ამისაც მჯეროდა), ხალხმა დაინახა, რომ სამ ეროვნულ ტელევიზიას, რომლებიც ძველებურ რეჟიმში მუშაობენ, გავლენა აღარ აქვს, მათი აღარავის სჯერა. სიცრუის მანქანამ ეფექტურობა დაკარგა და დარჩა მხოლოდ ძალადობის მანქანა, რის გამოყენებასაც სააკაშვილი თავგამოდებით ცდილობს. თაგვის შიშის მსგავსი სინდრომი დაგვრჩა კიდევ დასაძლევი და ყველაფერი კარგად იქნება".
"სიტყვის კაცი ვარ. ჩემგან ვერ გაიგონებთ ტყუილს. პოლიტიკოსისთვის შესაძლოა, ეს გარკვეულწილად, სისუსტედაც მივიჩნიოთ. გამოცდილ პოლიტიკოსებსაც ხშირად უწევთ უარის თქმა საკუთარ ნათქვამზე, კურსის შეცვლა. ჩემი ცხოვრების ეს წესი დამაბრკოლებელი იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის, რადგან პოლიტიკოსს მანევრირება უნდა შეეძლოს. თუმცა, მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ლავირებას. ვნახოთ, როგორ გამომივა".
"არ მრცხვენია არც პირველად ნაშოვნი მილიონისა და არც ბოლოსი. არასდროს სინდისისთვის არ მიღალატია და ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. სხვის უბედურებაზე ერთი კაპიკიც არ გამიკეთებია. ასე აღმზარდეს ჩემმა მშობლებმა. შვილებსაც სულ ვეუბნები, არ შეიძლება სხვის უბედურებაზე ფულის გაკეთება-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ სუფთა წარსული მაქვს და გარწმუნებთ, ხელისუფლების იდეოლოგებს თავიანთი მცდელობანი სიკეთეს ვერ მოუტანს".
"ქართველები სხარტი და ნიჭიერი ხალხი ვართ. იმედი მაქვს, კარგად გავაცნობიერეთ, რა არის ხელისუფლება და ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, საზოგადოებას ვასწავლით, როგორ გააკონტროლოს ხელისუფლება. დემოკრატიის დამყარება არ არის იოლი საქმე. ევროპელებმა ამას ასწლეულები მოანდომეს".
"პრაგმატიზმი არ მაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მეოცნებე ვარ. ოცნებამ დიდი როლი შეასრულა პოლიტიკაში ჩემს მოსვლაში. ვფიქრობ, უახლოეს დროში, ერთ-ორ წელიწადში მოვახერხებთ სახელმწიფო სტრუქტურების სწორად აწყობას. საძირკველს სწორად ჩავყრით და განვითარების სწორ გზას მივცემთ, რომ ეს პროცესი უკან აღარ შემობრუნდეს. ქართველების ნიჭიერებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ შევძლებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებას".
"...სექტემბერი იმაზე მუშაობას მოხმარდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის გარდატეხა და აქ საშიში არაფერია. მხედველობაში არა მაქვს არც ქუჩა, არც შეჯახებები და არც ძალადობაზე გადასვლა. პირიქით, პროცესი გეგმაზომიერად და მშვიდად უნდა წარიმართოს".
"..სხვანაირი ცხოვრება და მომავალი გვინდა, გვინდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული ქვეყანა. ხომ არ არის ეს რთული? ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში საქართველოს არ ეყოლება კორუმპირებული ხელისუფლება და ვიგრძნობთ, რომ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა დაბრუნდა. იქნება რეალური სასამართლო, ზეწოლისაგან გათავისუფლდება მედია, გათავისუფლდება ბიზნესი და ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ საქართველო სწორი გზით განვითარდეს".
(გამოდის ხუთშაბათობით)