მოქმედი ხელისუფლებისა და "ქართულ ოცნების" დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ, მთავრობის კანცელარიაში გაიმართება

 მოქმედი ხელისუფლებისა და "ქართულ ოცნების" დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ, მთავრობის კანცელარიაში გაიმართება

მოქმედი ხელისუფლებისა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართულ ოცნების" წარმომადგენლები პირველ შეხვედრას ხვალ, 13.00 საათზე გამართავენ , - ამის შესახებ, "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართება და კოალიციის მხრიდან მას ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან.

ირაკლი ალასანიამ კი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია. "წარმავალი ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ხვდება ახალ მთავრობას. ჩვენ ბუნებრივია გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ასეთი სამუშაო ურთიერთობებისთვის მზად ვართ. დღეს როგორც შემატყობინეს, სწორედ ასეთი შეხვედრა დაიგეგმა. აქამდე ასეთ საკითხებზე არანაირი სამუშაო შეხვედრა ან კონსულტაციები არ ყოფილა. ხვალ იქნება პირველი შეხვედრა და ჩვენ დავიწყებთ სამთავრობო კონსულტაციებს ხელისუფლების გადმობარების პროცესზე. მე იმედს ვიქონიებ, რომ ეს პროცესი იქნება მშვიდობიანი და სწრაფი, რადგან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი ახალ მთავრობას. სწრაფად უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიამ კომენტარი გააკეთა მომავალი მთავრობის დაკომპლექტების შესახებაც. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დასრულდება შიდა კონსულტაციები და ბიძინა ივანიშვილი თავად გააცნობს საზოგადოებას სავარაუდო მინისტრთა კაბინეტს.

მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის წარმოების ჯგუფში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი შედიან. "ქართული ოცნების" ჯგუფში კი, რომელიც სამკაციანია, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა