ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"

ჯაბა ჯიშკარიანი: "ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ"

ადამიანის უფლებათა დამცველს, იურისტ ჯაბა ჯიშკარიანს 29 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" აქციაზე შევხვდით და რუბრიკა "ფსიქოსთვის" ინტერვიუც იქვე ჩავიწერეთ:

- საერთაშორისო საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ტესტი, რომ ჩვენ არ ვართ პაპუასები, ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება და გვსურს ნათელი მომავალი. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც იქნება გარანტი და დამცველი ადამიანის უფლებებისა, და არა იმ ხელისუფლების შენარჩუნება, რომელიც პატივს ხდის და ლახავს ადამიანის ღირსებას.

- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გახსენებს?

- ზვიად გამსახურდიას ლექსს:

"ეს საქართველო დიდჭირნახული, გამოფხიზლდება ყველა იოგით,

ჩვენ ღვთისმშობელი გვფარავს ხახულის და გვფარავს მუდამ თეთრი გიორგი".

- სააკაშვილი რომელ პერსონაჟს ჰგავს?

- გასულ საუკუნეებში არც ერთ მწერალს, ალბათ, ფანტაზია არ ეყო, სააკაშვილის მსგავსი პერსონაჟი რომ შეექმნა. ყვარყვარე და ჯავახიშვილის დამპატიჟე მასთან მონაგონია. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მწერლობა შექმნის სააკაშვილის ფარდ "გმირს" და ისტორიაში ასეთად დარჩება.

- სერენადა თუ გიმღერია როდისმე?

- ალმოდებული ფიალებით ხელში "შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია" არასდროს მიმღერია, მაგრამ ნასვამს საყვარელ ქალთან პირისპირ ყოფნისას კი წამიღიღინებია (იცინის).

- წარმოიდგინე, შენს საყვარელ ქალს სერენადას უმღერის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, როგორი რეაქცია გექნება?

- მერწმუნეთ, ასეთ რამეს გოგა ხაჩიძე ვერასდროს გაბედავს. თუ გაბედავს და, რაც მოუვა, თავისთავს დააბრალოს...

- მაინც რას უზამ?

- გააჩნია, რას უმღერებს, თუ "მიშა მაგარია" უმღერა, "გავუტარებ" (იცინის).

- რომ არა იურისტი, ვინ იქნებოდა პროფესიით ჯაბა ჯიშკარიანი?

- სხვა სფეროში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი საყვარელი საქმე ადამიანის უფლებათა დაცვაა, ანუ ის, რასაც დღეს ვემსახურები. როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის დავიცავ ქართველი ხალხის ინტერესებს და ყოველთვის სააშკარაოზე გამოვიტან ისეთ სიბინძურეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

- სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობა შენთვის რომ შემოეთავაზებინათ, რას გააკეთებდი?

- გავაღებდი ციხეების კარებს და ყველა უკანონო პატიმარს გარეთ გამოვუშვებდი. შევქმნიდი საზოგადოებრივ კომისიას და იმ პატიმრებს, რომლებსაც ნარკოტიკი ჩაუდეს ან სიმართლის თქმისთვის დაიჭირეს, გავათავისუფლებდი. ციხეში დავტოვებდი მკვლელობის, გაუპატიურების, ყაჩაღობის და ნარკოტიკების რეალიზების მუხლით გასამართლებულებს. ისე, სიმართლე გითხრათ, გიორგი ტუღუშის ადგილზე ამ პოსტს არ დავთანხმდებოდი და სააკაშვილის სისტემის ნაწილი არ გავხდებოდი.

- წარმოიდგინე, აქციაზე ჩამოიარა უმშვენიერესმა მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ, გამომწვევად გაგიღიმა და გვერდით დაგიდგა, როგორ რეაქცია გექნება?

- (იცინის) აუჰ... მაგარი ქალია მონიკა ბელუჩი!

- მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო შენი ბავშვობის მეგობარი, რას ეტყოდი?

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არ ჰყავს ისეთი ძმაკაცები, მის გამო რომ თავს გადადებენ. მიკვირს სააკაშვილის იმ მეგობრების, რომლებიც თავისუფლების ინსტიტუტიდან მოჰყვებიან. მათ ადგილზე სააკაშვილს ვეტყოდი, რომ მცდარ პოზიციაზე დგას, ბოკერიასავით გვერდით კი არ დავუდგებოდი. ძალიან სამარცხვინოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები იყვნენ და დღეს ხელისუფლებაში არიან: მიშა მაჭავარიანი, გია ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი და ა.შ. ეს ადამიანები არიან ჟვანიას სიყრმის მეგობრები და ხელისუფლებაში ერთად მოვიდნენ. ჟვანიას მკვლელობის შედეგ კი სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები გახდნენ. მათ ნაცვლად მართლა მრცხვენია, რადგან ისინი ჟვანიამ მოიყვანა პოლიტიკაში, მათ კი მის ყველა პრინციპს უღალატეს, მის მკვლელობაზე თვალი დახუჭეს და სააკაშვილს მწვანე შუქი აუნთეს. მათ ნამუსის ნატამალი არ გააჩნიათ. საერთოდ, ნაცმოძრაობაში არ მეგულება ვინმე, ადამიანობის მსგავსი რომ ჰქონდეს შერჩენილი. არავის ეგონოს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბრძოლას დავასრულებთ. მე და ჩემი მეგობრები, დაჩი ცაგურიადან დაწყებული, პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძით დასრულებული, ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ. ჩვენი მოთხოვნა კვლავ იქნება, რომ ყველა დამნაშავე გასამართლდეს. სასამართლოზე უნდა წარდგნენ სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრებიც, რომლებიც დღეს მის ოპოზიციაში არიან. არაერთ მათგანთან ვმეგობრობ, მაგრამ თუ ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი, უნდა გასამართლდნენ და სათანადოდ დაისაჯონ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას საქართველოში პრეცედენტი, რომ დამნაშავე დაისაჯოს. შეიძლება აქეთა მხარს ბოკერია და მერაბიშვილიც გადმოხტნენ და რა, ტაში დავუკრათ?

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- ბორკილს, რომ თვითონვე დაიდოს ხელზე და თავისივე ნებით ჩაბარდეს ქართველ ხალხს. ამასვე ვუსახსოვრებდი არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მთელ ხელისუფლებას და თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარვადგენდი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ პირდაპირი და ემოციური ადამიანია. ყოველთვის იცის, რა სურს და მიზნის მისაღწევად უკან არასდროს იხევს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა