40 წუთში მოგვარებული 9 წლის ამბავი

40 წუთში მოგვარებული 9 წლის ამბავი

40 წუთში მოგვარდა ის, რასაც ოპოზიცია 9 წლის განმავლობაში ცდილობდა - "ნაციონალური მოძრაობა" სრულად გადააბარებს ხელისუფლებას "ქართულ ოცნებას" ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით.

ეს ამბავი დარბაზში მოგვარდა და ამისთვის ქვემეხების სროლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტში შევარდნა ან "გადადექი-გადადექის" ყვირილი არ გახდა საჭირო. ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდნენ "გადამბარებლები" "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი არიან, მოქმედი ხელისუფლებიდან "ჩამბარებლები" კი - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი.

ალბათ, ყველას გვახსოვს 2003 წელს გადაღებული ფოტო, რომელიც ასახავს ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც შევარდნაძემ მაშინდელი "ვარდების რევოლუციის" ლიდერებს უთხრა, რომ "სახლში მიდიოდა". შესაბამისად, ერთ ნახვად ღირს, როგორ აბარებს უგულავა-ბოკერია სუბარ-უსუფაშვილს ხელისუფლებას. თუმცა თავიდან მხარეებს შეხვედრის დარბაზში პროტოკოლური ვიდეო და ფოტოგადაღების დაშვებაც არ სურდათ, თუმცა ბოლოს და ბოლოს მაინც დაუშვეს ერთ ქართული, ერთიც უცხოური მედიასაშუალების კამერა და ერთიც ფოტორეპორტიორი.

ამ 40 წუთში, როდესაც მხარეებმა სამინისტროების გადაბარების პროცესის დაწყებაზე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ოფიციალურად გაფორმდა ოპოზიციად, "ქართული ოცნება" კი მმართველ ძალად. ვინმეს ასეთი პროგნოზი თუნდაც 2009 წელს რომ გაეკეთებინა, როდესაც რამდენიმეთვიანი აქციები მიმდინარეობდა, გიჟად მონათლავდნენ.

ასე იყო თუ ისე, შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ბაქრაძემ და მმართველი ძალის წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილმა და ირაკლი ალასანიამ ზოგადი, ისეთი კონსტრუქციული და ზოგჯერ კეთილგანწყობილი კომენტარებიც გააკეთეს, თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს "სისხლიან რეჟიმს" ან "რუსულ ოცნებას" არ უწოდებდნენ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შეხვედრის მონაწილეები ლიფტებმა "გაჰყარეს". "ქართული ოცნება" პირველ სართულზე ცალკე ლიფტით დაეშვა, "ნაციონალები" კი სხვა ლიფტით. ჯერ ისეთი კონსტრუქციულიც არ გამხდარა ქართული პოლიტიკა, რომ ოპონენტები ერთ ლიფტში "დაეტიონ".

ისე, "ქართულმა ოცნებამ" კანცელარიის ლიფტები, ბუფეტები თუ კაბინეტები კარგად უნდა შეისწავლოს, რადგან მასპინძელი უკვე თვითონ იქნება. აი, "ნაციონალებს" კი კიდევ როდის მოუწევთ "ქაჯეთის ციხის" ლიფტებით "კატაობა", არავინ იცის.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა