რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი კატეგორიულად უარყოფს, რომ რუსეთში საპროტესტო მოძრაობა საზღვარგარეთიდან ფინანსდება, ის ხვდება შუამავლებს საქართველოდან და ოპოზიცია ძალისმიერი სცენარისთვის ემზადება.
"ყველაფერი, რისი თავსმოხვევაც "ენ-ტე-ვეს" სურს, ბოდვაა. "ენ-ტე-ვე" ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამტკიცებდა, რომ პროტესტი საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა. ახლა გამოჩნდნენ რაღაც ქართული სამსახურები, ბანკირი ბოროდინი და ასე შემდეგ. პირდაპირ გეტყვით: ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია არ დამიტოვებია, არანაირ ოლიგარქებთან და სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ურთიერთობა არ მქონია, გვარი თარგამაძე პირველად მესმის", - განუცხადა რუსულ მედიას უდალცოვმა.
რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
ვიდეოჩანაწერი ნაჩვენებია ფილმში - "ანატომია 2", რომელიც მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებს ეძღვნება.
რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. მისი მიხედვით, რევოლუცია შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს.
ფილმის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციის მხარდასაჭერად და რევოლუციის მოსაწყობად ფინანსების გაღებისთვის მზად არის "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი. "ანატომია 2"-ის ავტორებმა საქართველოსთან ბოროდინიც დააკავშირეს - მათი მტკიცებით, ბოროდინი მზად არის, საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.