მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"

მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"

ფილოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ მუმლაძე ქართველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება:

- საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ემიგრირების პროცესი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, ბოლო წლებში კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ადამიანები უცხოეთში, ძირითადად, თავის გადასარჩენად მიდიან. ამჟამად მილიონ-ნახევარზე მეტი ქართველია ემიგრირებული. თუ საბჭოთა პერიოდში რუსეთში 60 000 ქართველი ცხოვ­რობდა, ახლა მათი რიცხვი 600 ათასზე მეტია. 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ასეული ქართველი თუ ცხოვრობდა, დღეს კი იქ ემიგრანტთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია. და თუ ცხოვრება ასე გაგრძელდა, ემიგრაციის ტალღა არ შენელდება.

ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: ჩემი მეუღლე, ქეთევან იაკობიძე 13 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. საქართველოში მცირე ხნით ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. როცა ჩემი მეუღლე ამერიკაში წავიდა, ყველას გაუკვირდა, რადგან იმხანად იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი. ემიგრაციაშია ჩემი ორივე ძმა: ნუკრი მუმლაძე რუსთავის მთავარი არქიტექტორი იყო, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მეორე ძმა ივანე ესპანეთშია, ბარსელონაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უამრავი ჩემი ახლობელ-მეგობარია წასული უცხოეთში. ჩემი აზრით, ქართველი ემიგრანტების, დიასპორის პოტენციალს ქვეყანა სრულად ვერ იყენებს, ამიტომ უნდა შეიქმნას ემიგრანტთა კავშირები.

- რა უნდა იყოს ამ კავშირების დანიშნულება?

- ეს კავშირები აპოლიტიკური გაერთიანებები უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. უნდა შეიქმნას ამერიკის ქართველთა კავშირი, იტალიის ქართველთა კავშირი, რუსეთისა და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე არაკვალიფიციური შრომის ანაზღაურება 3000 დოლარია! თუმცა, ამგვარი ანაზღაურება ყველგან, ცხადია, არ არის. თურქეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე, ძირითადად, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის სოფლებიდან წასულები, თვეში 150 დოლარს იღებენ. ქართული საქმისთვის, პირველ ეტაპზე, ემიგრანტთა დახმარებით, შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი მცირე საწარმოების შექმნა, ისინი მზა პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე რეალიზებასაც უკეთ შეძლებენ. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ქვეყნიდან მასობრივი ემიგრაციის მასშტაბის შემცირებას.

რაც შეეხება ემიგრანტებს, მათი საკმაო ნაწილი სამშობლოში, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება და შეუძლიათ უცხოეთში შექმნან ძლიერი სათვისტომოები. ადრე ამგვარი სათვისტომოები მხოლოდ საფრანგეთსა და რუსეთში იყო. თუმცა, ახლა რამდენიმე ბიზნესმენმა რუსეთში ქართული სკოლები და საბავშვო ბაღები გახსნა. ჩემი ძმა ამერიკაში გამოსცემდა გაზეთ "ერთობას", სამწუხაროდ, დღეს ამ გაზეთის გამოცემა შეჩერებულია. საბერძნეთში მოქმედებს "ქართული ცენტრი". ემიგრანტებმა ჯერ ადგილზე, იქაური ქართველების პრობლემები უნდა მოაგვარონ და შემდეგ აქაურ ქართველობასაც დაეხმარონ. ემიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად, მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და დღევანდელ ურთიერთობას სხვადასხვა სახელმწიფოსთან.

როგორ გაიცა ბათუმში დაბა აზიზიეში მეჩეთის მშენებლობის ნებართვა?

"იერუსალიმში ქართველთა­ სალოცავები სომხებმა და ფრანგებმა მიიტაცეს"

- თურქეთში ქართული ტაძრების რეს­ტავრირების საკითხმა საზოგადოებას ქართულ-თურქული ურთიერთობების არაერთ ასპექტზე მიაპყრობინა ყურადღება. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა წარმოშობით ქართველის, ამჟამად სტამბოლის ვიცე-მერის მრჩევლის ალი რიზა ალთუნელის ნაშრომი "საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში", რომელიც სტამბოლში ახლახან, 2012 წელს გამოიცა. აქ მეტად საინტერესო მასალაა ბათუმში, დაბა აზიზიეში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე; ეს ის მეჩეთია, რომლის ირგვლივაც განვითარებული მოვლენები ახლახან ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. აქ წარმოდგენილია დოკუმენტი "ბათუმში, დაბა აზიზიეში ახალდაარსებულ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ", რომელშიც ნათქვამია: "ბათუმში ახალ დაარსებულ დაბაში, ფადიშაჰის ბრძანებით, 81000 ყურუშის ღირებულების მეჩეთის მშენებლობის უზრუნველყოფისთვის ხალხის მიერ შეგროვებული 6000 ყურუშის გარდა მშენებლობის დასაწყებად 85 ათასი ყურუში დაიხარჯა... ამავე დროს, ფინანსური თვალსაზრისით საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორიც იქნება უმაღლესი ნება, იმის მიხედვით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას". წერილი 1867 წლის 1-ლი მაისით არის დათარიღებული. ჩანს, რომ ამ მეჩეთის მშენებლობა თურქეთის ტრაპიზონის ვალის (რწმუნებულის), სხვა მაღალი თანამდებობის პირების აქტიური ჩარევით განხორციელდა... ამავე გამოცემაში წარმოდგენილია მეტად საინტერესო დოკუმენტი - "სულთანთან წარდგენილი საჩივარი ფრანგებისა და სომხების მიერ იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავების მიტაცებასთან დაკავშირებით". აქ საუბარია, რომ "გურიისა და იმერეთის მთავრების, ელჩების ცნობით, იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავები, რომლებიც უძველესი დროიდან მათ საკუთრებაში იყო, ფრანგებმა და სომხებმა მიიტაცეს". ბრძანებაში ნათქვამია, რომ მხო­ლოდ თავდაპირველ მფლობელებს უნდა მი­ეცეთ საშუალება, მოილოცონ ეს ადგილები.

"მცხეთის არმაზი სომხების მთავარი არსენალი ყოფილა?"

- სომეხი მეცნიერის, სურენ აივაზიანის ნაშრომს "სომხეთის ისტორიული რუკები" მიმოიხილავს ისტორიკოსი თედო დონდუა ("საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი მეორე"). აივაზიანი ამტკიცებს, რომ "არმენია" თავისი დიდების დღეებში აკონტროლებდა ირანს, პონტოს, კაბადოკიას, სომხურ არმიებს ალყაში ჰყავდათ ათენი, მათი გემები სერავდნენ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებს... სწორედ ამგვარი ისტორიისთვის შეადგინა რუკები მეცნიერმა.

თურმე, სომხები თავდაპირველად ისტორიული კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (რატომღაც ავტორი არაფრად მიიჩნევს ძველბერძნულ და რომაულ წყაროებს, რუკებს). მაშ, საიდან მოვიდნენ ქართველები? ისინი, თურმე, სომხეთის მეფეს, ტიგრან პირველს გადმოუსახლებია ესპანეთიდან სომხურ პროვინცია ვირქში დედაქალაქით "ტეპლიცე"(ალბათ, თბილისი იგულისხმება). ქართველებს შეუქმნიათ ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ქალაქ შორაპნიდან იმართებოდა დადიანების მიერ.

და კიდევ - ჰიქსოსებიც და არიელებიც სომხურად საუბრობდნენ. სომხებს მსოფლიო ცივილიზაციისთვის უჩუქებიათ ცხენი და ანბანი. ურარტუული ლურსმნული წარწერები სომხურია. ურარტუს დიდი მეფეები სომეხ-რუსები არიან (ალბათ, სომხეთიდან რომ გადასახლდნენ ჩრდილოეთში რუსები, მას შემდეგ გაუღიავდათ თმისა და კანის ფერი). მცხეთის არმაზი თურმე სომხების მთავარი არსენალი ყოფილა. მოკლედ, ლამის მთელი მსოფლიო სომხეთი ყოფილა! ცხადია, ამგვარი თემებით მანიპულირების, სპეკულაციის წინააღმდეგ მთელმა საზოგადოებამ და არა მარტო სპეციალისტებმა უნდა აღიმაღლონ ხმა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"