ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"

ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"

პატიმართა სასტიკი წამებისა და ადამიანების ღირსებაშემლახავი კადრების ხილვის შემდეგ, მიმდინარე დღეებში არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ნანახით შეძრწუნებული არ ყოფილიყო. გამონაკლისი არც ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი გახლდათ, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ოფისში შევხვდით...

- რამდენი ხანია გვესმის, რომ ბაჩო ახალაია შედიოდა ციხეში და ხალხს ურტყამდა, აწამებდა და ამას თვალს ადევნებდა, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ არ გვჯეროდა. ახალგაზრდა კაცი ხარ, სად გაიზარდე?! ვინ გაგზარდა ასეთი სადისტი და მანიაკი?! ასე მოქცევა ხომ მხოლოდ ავადმყოფ კაცს შეუძლია და ვერ ვხვდები, რატომ არიან დაკომპლექსებულები. შეიძლება, ასე მოექცე 14 წლის ბიჭს?! იმ პატარა ბიჭის ხმა დღესაც ყურში მაქვს. ქურდებს აგინებინებდნენ, რომელმაც შეიძლება, სულაც არ იცის ვინ არიან კანონიერი ქურდები. არ ვიცი, რით გამოვხატო ჩემი აღშფოთება. ამდენი ტრაგედია გადავიტანე, არ მეგონა, კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში. სამი ბიჭი წამივიდა იმ ქვეყნად, სამი ყველაზე საყვარელი ადამიანი: ერთი დის შვილიშვილი, მეორე დუდუ დადიანი და პირველი იყო გეგა...

ახალგაზრდებს ვენაცვალე. გაოცებული ვარ მათი საქციელით. მაოცებენ, როგორ ლოგიკურად და კანონებით მსჯელობენ. ამათმა საქციელმა და კადრებმა, რაც ვნახეთ, ეტყობა, ჭკუაზე გადაიყვანათ. მიხარია, რომ ასეთი თაობა მოდის, თორემ მე დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები.

- ყველა მიხვდა, რომ არავინაა დაზღვეული ამგვარი ძალადობისგან...

- თუ ხმა არ ამოვიღეთ და ყველა ფეხზე თუ არ დადგა, არავინ იცის ვის რა მოელის. ეს გაითვალისწინონ იმ დედებმაც, ვისი შვილებიც ჯერ არ უწამებიათ. არ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება?! ან რას ჰქვია არ ვიცოდით? როცა სასჯელაღსრულების მინისტრი ხარ, უნდა იცოდე, შენს ქვეყანაში და საპატიმროებში რა ხდება. ნუთუ ვერ ხედავ ნაცემ-ნაბეგვ პატიმრებს?! ეს ყველაფერი ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან დაიწყო, მაგრამ ამაში ყველა დამნაშავეა - პრეზიდენტიდან დაწყებული - ბადრაგით დამთავრებული.

- პატიმრები მათზე ძალადობის შესახებ წერილებს გზავნიდნენ ოჯახში, სახალხო დამცველთან, პარტიებში. თქვენთან თუ მოდიოდა მსგავსი შინაარსის წერილები?

- სიმართლე გითხრათ, ასეთი წერილი არასოდეს მიმიღია. რამდენიმე წლის წინ, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, ჩვენ გვქონდა აქცია საპატიმროსთან. ეს პატიმართა დედების მოთხოვნა იყო, მაგრამ ისე დააშინეს პატიმრების მშობლები, რომ 20 ადამიანიდან მხოლოდ 3 თუ 4 დედა მოვიდა. ახლაც, ამ უბედურების მერე, გამოდის ქალი და ამბობს, რომ ციხეში წამება აღარ ხდება, ლეიბები შეუტანეს პატიმრებს. ლეიბია საქმე?! ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა გირგვლიანის დროს ხმა არ ამოვიღეთ, არც მაშინ, როცა ბიჭები დახვრიტეს კორტებთან. ამათ ყველაფერი ხახვივით შერჩათ. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება თუ დარჩა, უარეს დღეში ჩავცვივდებით.

- ამ დღეების განმავლობაში ბევრი ითქვა და დაიწერა ციხეებში უწინ არსებულ ვითარებაზე. თქვენ რა იცით, მაშინ როგორ სჯიდნენ, როგორ უსწორდებოდნენ მსჯავრდადებულებს?

- როგორც ვიცი, მაშინ იყო მხოლოდ ცემა. 73 წლის ვარ და ეს საზიზღრობა, ცოცხებითა და ხელკეტებით გაუპატიურება არ მსმენია. ცემა შევარდნაძის დროსაც ხდებოდა. მან არაფერზე აგო პასუხი. შევარდნაძეს მხოლოდ თვითმფრინავის ბიჭები არ დაუხვრეტია. იცით, რომ მან 2000 მანეთის გამო კობახიძე დახვრიტა. მისი დაქცეულია ეს ქვეყანა და სწორედ შევარდნაძის მოყვანილია სააკაშვილი. მახსოვს, როგორ დაჰყავდა ვაკეში და ამბობდა, ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო. ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რომ აღშფოთებულია. საინტერესოა, მაშინ არ აღშფოთდა, როცა თვითმფრინავის ბიჭების შეწყალების მოთხოვნაზე ხელი მოაწერა - აპატიეთო და მერე თავისი თხოვნა უკან წაიღო. ნაძირალა, ბიძინა ივნიშვილის ფულს კარგად იღებდა და ბოლოს თქვა, არ მინდაო. აი, ასეთი მედროვეებითაა სავსე ქვეყანა. ან კიდევ მისნაირი დაქირავებული მომღერლებით, რომლებიც პრეზიდენტს უკან დასდევენ.

იცით რაზე ვგიჟდები? ბადრაგები ახალგაზრდა ბიჭები არიან. ან დედა არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი?.. როგორ არიან ასე გამოშიგნულები, სახლში რომ ბრუნდებიან, შვილებს თვალებში როგორ უყურებენ. თან ხალხის წამება სიამოვნებთ, იცინიან და უყურებენ გადაღებულ კადრებს. ერთმა ახლობელმა მითხრა, რომლის ძმაც თავდაცვის სისტემაში მუშაობს, ახალაია რომ დათვრება, დაგვაყენებს და გვეუბნება, პირი დააღეთო და პირში გვაფურთხებსო. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ხმა გამოვიდა. არ ვიცი, ხმას რატომ არ იღებენ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები. ბოროტი ადამიანი არ ვარ. არ გავბოროტებულვარ ჩემი ტრაგედიებით, მაგრამ ამ ყველაფრის მერე კალმახელიძეს დავიჭერდი.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ მინისტრებმა თანამდებობა დატოვეს, დაი­საჯნენ მოძალადეებიც....

- მოხსნა უშველის?! მე ბევრი მინახავს მოხსნილი, რომელიც ცოტა ხანში რომელიმე უწყებაში ამოჰყოფს თავს. კალმახელიძე უნდა დაიჭირო. მგონი, იმ პატიმრებს არ აქვთ იმდენი დანაშაული ჩადენილი, როგორც ამათ. მახსოვს, გირგვლიანის მკვლელები რომ დაიჭირეს, ლუქსებში ჰყავდათ მოთავსებული. მერე შეიწყალეს და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ამბები. გამოდის ეს დაკულულებული და თურმე არ იცოდა. არ უნდა იცოდე, შენს ოჯახში რა ხდება?! მისთვის ციხეები ოჯახივით უნდა ყოფილიყო. სასჯელაღსრულების მინისტრმა გარემონტებული შენობა კი არ უნდა მაჩვენო, პატიმრებს უნდა მიხედო... პატიმრებს ციხეში სუპერმარკეტი გაუხსნეს. ციხეში ის უნდა მოისპოს, სადაც საკვებზე ორმაგი ფასია. სასამართლო პროცესამდე, სანამ გეგა "კაპეზეში" იჯდა, ჩემი გაკეთებული საჭმელი მიმქონდა. ვიცოდი მაინც, რომ ჩემს გაკეთებულ საჭმელს ჭამდა. ყველას ხომ არ აქვს 100-150 ლარი, რომ თავის პატიმარს ციხეში შეუგზავნოს. ალბათ იქ ვადაგასული პროდუქტიც მიაქვთ და იმიტომაა საკვებისგან ამდენი მოწამვლა, დაავადებები...

- მიუხედავად ყველაფრისა, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს მხარდამჭერები...

- კი, ჰყავს, მაგრამ ნუთუ არ ფიქრობენ, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, მათ შვილებს იგივე დაემართოს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"