საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს 2006 წელს მომხდარი არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძის საქმე. ამ შემთხვევამ იმ დროს დიდი ყურადღება მიიქცია და გიორგის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ მისი ოჯახის წევრები, ადამიანთა უფლებების დამცველები, მეგობრები. გვახსოვს თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების პროტესტიც, თუმცა, როგორც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება, ამ გამოხმაურებას შედეგი არ მოჰყოლია.
14 წლის გიორგი ზერეკიძე პირველად 2006 წლის 6 იანვარს დააკავეს. გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. თავიდან ითქვა 10 წელი, შემდეგ კი სასამართლომ მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. ამ დროს დაიწყო ოჯახზე ზეწოლა - დაკავებულის მშობლებს სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ოჯახმა საქმის გამოთხოვნაზე განაცხადი დაწერა და ზერეკიძეები სტრასბურგში საბუთების გამოსატანად ჩაფრინდნენ. გიორგის მამა - მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინეს. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 16 აგვისტოს, რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებული ჰქონდა თავისა და კისრის არე. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობის 142 შემთხვევა დაფიქსირდა, 2011 წლის პირველ ნახევარში კი 38 კაცი იყო დაღუპული. მათ უმეტესობას სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა. ამგვარი შემზარავი სტატისტიკის შემდეგ, სიკვდილის დასახელებული მიზეზის არ სჯერა მამუკა ზერეკიძის მეუღლე ლიკა ზერეკიძეს და ამის დასამტკიცებელად მეუღლის ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარა.
2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გაათავისუფლეს. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი, მაგრამ, როგორც დედამისმა გვითხრა, ორ თვეში პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდებით ისევ შეაბრუნეს ციხეში - ამჯერად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დღეს გიორგი 21 წლისაა და როგორც დედამისი აცხადებს, არც ახლა და არც მანამდე მის შვილზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა იქვე ამბობს: "ჩემს შვილს თმიდან ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს, ყველას ვაჩვენებ, ვინ არის ქართველი დედა. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, რადგან აღარაფერი დამიტოვეს..."
ლიკა ქიტოშვილი-ზერეკიძე:
- გიორგი თავიდანვე არასწორი მუხლებით გაასამართლეს. მომხდარი იყო წვრილმანი ხულიგნობა, მაგრამ მას სამი უმძიმესი მუხლი წაუყენეს. პირველმა სასამართლომ ის ყაჩაღობის მუხლში გაამართლა, მეორემ - ხულიგნობაში, შემდგომ ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შეუცვალეს და 7 წელი მიუსაჯეს. კი, მომხდარი იყო დანაშაული, დაზარალებულს სამედიცინო დასკვნის შედეგად 2-სანტიმეტრ-ნახევარი განაკაწრი ჰქონდა მიყენებული, მაგრამ ის მუხლი, რომლითაც გიორგი გაასამართლეს, ამ საქმეს არ შეესაბამებოდა.
- მახსოვს, გიორგი თავად მიიყვანეთ პოლიციაში...
- დიახ, მამამისმა მიიყვანა. სხვათა შორის, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. შემთხვევა ჩვენ თვალწინ, ვერაზე, ეზოში მოხდა და დეტალურად ვიცოდით ეს ამბავი. თუმცა მოვლენები ისე საშინლად განვითარდა, რომ გიორგი მაშინვე დააკავეს და მუხლები დაუმძიმეს. გიორგი არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს, შემდეგ სამი თვე ქსნის კოლონიაში გაატარა და 2010 წლის 15 დეკემბერს გათავისუფლდა. გათავისუფლებამდე სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა გიორგი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. მაშინ ცხრა მსჯავრდადებული ბავშვი აბარებდა და განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს უთხრა, ცხრავემ რომ ჩააბაროს, ცხრავეს გავათავისუფლებთო. ამის დამადასტურებელი სატელევიზიო კადრები არსებობს. გიორგიმ შავი ზღვის უნივერსიტეტში სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ დარჩენილი სამი თვის მიუხედავად, არ გამოუშვეს. გამიხარდა, რომ იმ წელს შვიდი ბავშვი გაათავისუფლეს და ამ ფაქტის გამო მაშინ ხმა არ ამოვიღე. გიორგი ციხიდან 15 დეკემბერს გამოვიდა. იმ დროს ჩემი მეუღლე უკვე დაკავებული იყო. გიორგის გამუდმებით უკან დასდევდნენ, პოლიცია ფოტოებს უღებდა, ხანაც ჩხრეკდნენ, მაგრამ სასურველ "შედეგს" ვერ აღწევდნენ. ამის შემდეგ მოხდა ასეთი რამ: ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გარეწარი შაურშაძეების ოჯახი და ძალიან გთხოვთ, ასევე დაწერეთ. ბრალმდებლები გიორგის საქმეში იყვნენ ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ეზოში კამათი მოხდა. გიორგი ამ დროს ეზოში იყო და დავუძახე ამოსულიყო. გაცოფებული ირაკლი შაურშაძე აქეთ-იქით დარბოდა, ქვევიდან იგინებოდა და ჩემი შვილი ზევიდან - მესამე სართულის ბინიდან.
- ვერ მივხვდი, ოჯახის წევრები ერთმანეთში ჩხუბობდნენ?
- ჯერ მამა-შვილი კამათობდა, შემდეგ ირაკლი შაურშაძემ ჩემს შვილს დაუწყო ჩხუბი. მთელმა ვერამ იცის მათი ამბავი და დადგება დრო, იმ ოჯახის საქმიანობას საზოგადოება გაიგებს. ეს ინციდენტი რომ მოხდა, პატრული გამოიძახეს, მაგრამ არც იმ დღეს და არც შემდგომ დღეებში არავინ მოსულა. თურმე საქმე 20 იანვარს აღძრეს. თუ ეს ბავშვი კრიმინალი და დამნაშავე იყო, იმ დღეების განმავლობაში რატომ არ დააკავეს?! გიორგი ინსტიტუტში გავიდა, სწავლაში მეორე სემესტრიდან ჩაერთო და 10 თებერვალს დააკავეს. ირაკლი შაურშაძეს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა პროკურორზე, რომ გიორგის ახლა რვა წელი აქვს მისჯილი. ის და პროკურორი ერთმანეთს გადაკოცნით ხვდებოდნენ. წარმოიდგინეთ, სასამართლო პროცესი დახურეს და არგუმენტად მოიტანეს ის, რომ ეს დაზარალებულის უსაფრთხოების გამო ხდებოდა. სასამართლოს მე და ჩემი მეგობარი ქალბატონები უნდა დავსწრებოდით, მეუღლე უკვე ციხეში იჯდა და რა საფრთხეზეა ლაპარაკი. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყენა ირაკლი შაურშაძემ იმისთვის, რომ მისი შვილი არ დაეჭირათ, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული ჩხუბსა და მსგავს შემთხვევებში.
- ახლა გიორგი სად იხდის სასჯელს? როგორია მისი მდგომარეობა?
- რუსთავის N2 კოლონიაში. ამ დღეების განმავლობაში ის მისმა ადვოკატმა, გიორგი ტუღუშმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მეც მოვინახულეთ. გიორგი ქსნის კოლონიიდან რომ გამოვიდა, ფსიქოლოგიურად ცუდი მდგომარეობა არ ჰქონდა, უბრალოდ, დათრგუნვილი იყო მამამისის დაპატიმრების გამო. ვუხსნიდი, რომ კაცია და გაუძლებს, შენ შეძელი, ყველაფერი გადაიტანე და ისიც გადაიტანს-მეთქი. როგორც ჩანს, გიორგი მაინც ძლიერი ფსიქიკის ბავშვია, მამამისი დაჭერილი იყო, როცა გამოცდები ჩააბარა. ყოველდღიურად გვაქვს სატელეფონო საუბარი. ყოველ მონახულებაზე ვუმეორებ, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველაფერი რომ მორჩება, ჩემი შვილი ამ ქვეყანაში თავის კეთილ სიტყვას იტყვის. და ანი, თქვენ იქნებით პირველი, ვინც გიორგისგან აიღებს ინტერვიუს.
- სიამოვნებით... ქალბატონო ლიკა, მინდა თქვენს მეუღლეზეც ვისაუბროთ. სად მუშაობდა?
- 15 წლის განმავლობაში აეროპორტში მუშაობდა. კარგად იცნობდა ამ სისტემას და როგორ ფიქრობთ, ის სუბუტექსს წამოიღებდა?! დავიწყოთ თავიდან: კალმახელიძის მოადგილემ, მამუკას ბავშვობის მეგობარმა პაატა სულაბერიძემ გვითხრა, თუ სტრასბურგიდან საჩივარს გამოვიტანდით, გიორგის აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. მაშინ გიორგის მოსახდელი ათი თვე ჰქონდა დარჩენილი. სტრასბურგში საჩივარი გიორგის დაკავებიდან ორი წლის შემდეგ გავგზავნეთ. იმავე პერიოდში შალვა შავგულიძემ გირგვლიანის საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. მაშინ განიხილავდნენ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესაც. ეს ამბები გახმაურდა. როგორც ჩანს, უკვე იცოდნენ, რომ სტრასბურგში საქმეს მოვიგებდით და დაიწყო ზეწოლა. ეს არ შეეხებოდა ჩემს შვილს. გიორგის ცემის ფაქტსაც ვერ დავადასტურებ. არასრულწლოვანთა მონახულება თვეში ოთხჯერ იყო შესაძლებელი და არ არსებობს, ის ეცემათ და მე ამაზე ხმა არ ამომეღო. არასრულწლოვანთა კოლონიის დირექტორი ყველანაირად ცდილობდა ბავშვებისთვის იქ ყოფნა და სასჯელი შეემსუბუქებინა. სტრასბურგიდან საქმის გამოთხოვაზე წერილობითი განცხადება გავგზავნეთ, მერე გიორგიმაც დაწერა საქმის გამოთხოვაზე განცხადება, ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ევროსასამართლოში საქმე შეწყვეტილიყო, მაგრამ სტრასბურგიდან საქმის გამოტანა იქ ჩასვლით მოგვთხოვეს. უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ განაცხადი ნამდვილად გავაკეთეთ. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ ათი თვე ციხისთვის ცოტა არ არის. ვიფიქრე, საქმეს შევწყვეტდით თუ არა, გიორგის გამოუშვებდნენ. თბილისში რომ ჩამოვედით, სპეცოპერაცია მოეწყო და დაგვაკავეს. ბარგი ჩემი ხელით მქონდა ჩალაგებული და ვიცი, იქ რა იდო, მაგრამ ჩვენ მიცემული გვაქვს აღიარებითი ჩვენებები და ამაზე ლაპარაკი არ ღირს. იმისთვის, რომ მე გარეთ დავრჩენილიყავი, ყველანაირ აღიარებით ჩვენებაზე მოვაწერე ხელი.
- ანუ ჩვენებაში ადასტურებდით, რომ სუბუტექსი ჩამოიტანეთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, დამაკავებდნენ და ბავშვი გაგიჟდებოდა. ორივე მშობელი დაჭერილი, ეს უკვე კატასტროფაა. ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, რადგან აღიარებითი ჩვენება მაქვს მიცემული, მაგრამ დღეს საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ და რა ფასად იწერება ასეთი ჩვენებები. ჩემს მეუღლეს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ასეთი განაჩენი ისედაც სიკვდილის ტოლფასია. 5 აგვისტოს ჩემი მამუკა ციხეში ვნახე, 15-ში ვესაუბრე და 16-ში უკვე გარდაცვლილი მომისვენეს. თქვეს, რომ მოხდა უბედური შემთხვევა და მას დენმა დაარტყა. ეს ვერსია თავიდანვე დაუჯერებელი იყო. არ მქონდა სამედიცინო დასკვნა და ამიტომ პირველივე დღეებში არაფერი ვთქვი. ალტერნატიული ექსპერტიზა მოვითხოვე, რომელსაც თავად ვესწრებოდი. მაინტერესებდა სიმართლე და მინდოდა, ჩემი თვალით დამენახა დენის ნაკვალევი ჩემი მეუღლის სხეულზე. რა თქმა უნდა, ვერც მე და ვერც ექსპერტმა ასეთი კვალი ვერ დავინახეთ. ჩვენ 25 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი ვიყავით და მამუკას სხეულის აბსოლუტურად ყველა წერტილი ვიცოდი. ექსპერტიზაზე მხოლოდ გარეგანი დათვალიერება მოხდა, რადგან მიცვალებული რომ მომიყვანეს, რუსთავის ციხეში უკვე ჰქონდა ექსპერტიზა ჩატარებული და მისი სხეული, ფაქტობრივად, დაჩეხილი იყო. გვამი გაკვეთილი იყო და თავის ტრეპანაცია ჩატარებული. ამ საქმეში კიდევ ერთი საშინელებაა. მამუკა რუსთავში იჯდა. ექსპერტიზა იქვე ჩატარდა, შემდეგ გვამი გლდანის საპყრობილეში გადაიტანეს. ეს იმით ახსნეს, რომ რუსთავში თურმე მორგი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ გლდანის N8 საპყრობილეში არის ერთი პატიმარი, მეტსახელად "სომეხა", რომელიც ისე ასახიჩრებს გვამს და შინაგან ორგანოებს ერთმანეთში ისე ურევს, რომ ექსპერტიზას გზა-კვალს უბნევს. არ ვიცი, რა განათლება აქვს, მაგრამ კვალის გაქრობის მიზნით, ყველა პატიმრის ცხედარი "სომეხას" ხელში გადის. ეს ყველამ იცის, უბრალოდ, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ამ საქმის გამოძიებას ვითხოვდი, დაზარალებულად ცნობას, მაგრამ უშედეგოდ. ამ ყველაფერში ბრალს ვდებ ციხის რუსთავის N6 განყოფილების მაშინდელ უფროს დავით მარგებაძეს, რომელიც ადრე ბადრაგი იყო და როგორც ჩანს, შემდეგ დააწინაურეს. მამუკასთან ერთად საკანში კიდევ სამი ადამიანი იჯდა. იმ დილას ერთი პატიმარი კარცერში აღმოჩნდა, ორი სეირნობდა, მამუკამ კი თურმე გარეთ გაყვანაზე უარი განაცხადა. არადა, ციხის შინაგანაწესის მიხედვით, უვადო პატიმარი არასოდეს რჩება მარტო, არ შეიძლება. იმ მცირე პერიოდში, როცა პატიმრებს სასეირნოდ აქვთ გამოყოფილი, მამუკამ გაიღვიძა, დასაბანად წყალს აცხელებდა, ამ დროს დენმა დაარტყა და როცა დაბრუნდნენ, ცოცხალი აღარ დახვდათ. ეს აბსურდია. რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიის თანამონაწილეები ის პატიმრებიც არიან.
- სატელეფონო საუბრებისას თქვენი მეუღლე რამე მუქარაზე ან ზეწოლაზე ხომ არ საუბრობდა?
- უვადო პატიმრებთან სატელეფონო ურთიერთობა ყოველდღიურად შეიძლება და მამუკა მსგავსს არაფერს ამბობდა. იმ დროს გიორგი მეორედ დააკავეს, ორ ციხეში ერთდროულად დავდიოდი, ჯერ ერთი ციხე რა არის და ახლა ორში ერთდროულად სიარული. ზეწოლა რომც ყოფილიყო, მამუკა მაინც არ მეტყოდა, გამიფრთხილდებოდა. გიორგიმ მამის გარდაცვალება ციხეში გაიგო. მოძღვარი შევუგზავნეთ და მან უთხრა. მერე ბავშვი დაკრძალვაზე მოიყვანეს, მაშინ თქვა, 8 კი არა, 28 წელი ჩავჯდებოდი, ოღონდ მამიკო ცოცხალი მყოლოდაო. გასვენებამდე გიორგიმ ბადრაგებს სთხოვა, ოთახში დედაჩემთან ერთად დამტოვეთო. თქვენ რომ გენახათ, მამამისის ცხედარს როგორ ეფერებოდა (ტირის - ავტ). ეს იყო კოშმარი. ერთი მხრივ, საყვარელ ადამიანს ვასაფლავებდი, იქით კი გიორგი... რომ მიჰყავდათ, გამოვეკიდე, ჩავეხუტე, ჩემს ხორცს მგლეჯდნენ და მიჰყავდათ. ახლა რა ვქნა-მეთქი, მხოლოდ ესღა ვთქვი (ტირის - ავტ). ხალხო, ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს! რამდენ დედას და მეუღლეს უნდა ჩააცვან შავები?! მერჩივნა, მეუღლე უვადო პატიმარი ყოფილიყო, ვიდრე ეს მომხდარიყო. 2006 წლის შემდეგ იმდენი გადავიტანე, არ ვიცი, ფეხზე როგორ ვდგავარ. არასოდეს პოლიტიკაში არ ვყოფილვართ გარეული და არც თანამდებობები გვქონია. ერთი ჩვეულებრივი ლამაზი ოჯახი ვიყავით. ეტყობა, მოვყევით იმ ტალღაში, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა, გაიფიცნენ ბავშვები, ჩვენც არ გავჩერდით, განაჩენს შევეწინააღმდეგეთ და ეს იყო მიზეზი. დააშავა ჩემმა შვილმა?! - დასაჯე, მაგრამ ჩვენ ადეკვატურ დასჯას და საქმის ხელახლა გამოძიებას ვითხოვდით. გიორგის მეორე სასამართლო ხომ საერთოდ ფარსი იყო და ის უკანონო პატიმარი გამოდის. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და როგორც სასჯელაღსრულების სისტემა დაინგრა, მალე იგივე მოხდება სასამართლო სისტემაშიც.
- ნანობთ, რომ გიორგის საქმე სტრასბურგში გაასაჩივრეთ?
- გასაჩივრებას არა, იმას ვნანობ, რომ საქმე გამოვიტანეთ. დღეს მეყოლებოდა მეუღლე და გიორგი რომ გამოვიდოდა, სამივე ქვეყნის დატოვებას ვგეგმავდით...
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)