ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"

ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"

"ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი, რუსი გრიშა იყო. სულ რაღაც 18 წლისაა. იგი გუშინ გადაიცვალა. აქ სარკის ქურდობისთვის მოხვდა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და საჩუქარს ვერ ყიდულობდა. კიკეთში ერთ-ერთი სააგარაკო სახლიდან სარკე მოიპარა. მე მეუბნებოდა, ნინოჩკა ისეთი პრანჭიკელაა, სულ სარკეში იყურებოდა და მეც გადავწყვიტე, სანუკვარი ნივთი მეჩუქებინაო. გრიშას ქურდობისთვის 7 წელი მისცეს, მაგრამ ერთსაც ვერ გაუძლო... ყოველ საღამოს ციხის უფროსი აშიშვლებდა საწყალ ბიჭს, მერე ასე შიშვლად დერეფანში ატარებდა და თან "პუტინ სუკინ სინს" აყვირებდა. გრიშა ნელ-ნელა საკუთარ თავში ჩაიკეტა. ერთ-ერთ ასეთ გაყვანაზე გრიშამ საიდანღაც ბოლტი ამოიღო და ბადრაგს ყელში ჩაარჭო. ბიჭი ადგილზე დახვრიტეს".

ამ ამბავს ლალი მოროშკინას ბოლო წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" ერთ-ერთი პერსონაჟი ჰყვება. ჟურნალისტმა წიგნი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით რამდენიმე თვის წინ გამოსცა. თუმცა წიგნში მოყვანილ ფაქტებს პროტესტი არ მოჰყვა, სანამ საზოგადოებამ საზარელი კადრები საკუთარი თვალით არ იხილა. ლალისთან ინტერვიუ რუსთავის N6 საპყრობილესთან ჩავწერეთ.

- ლალი, შენს ბოლო წიგნში, რომელსაც "გისოსებს მიღმა საქართველოა" ჰქვია, თითქმის ყველა ის ამბავია გაცოცხლებული, რამაც დღეს მთელი საქართველო აღაშფოთა. როგორ და ვისგან აგროვებდი ამ ინფორმაციებს?

- დიდხანს ვმუშაობდი მასალებზე, რომელიც წიგნისთვის მჭირდებოდა. მქონდა ურთიერთობა პატიმრებთან. ისინი წერილებს მწერდნენ. ყველა ამბავი, რაც ჩემს წიგნშია, პატიმრების წერილების საფუძველზე დავწერე. როცა კალმახელიძემ ამ წიგნის შესახებ შეიტყო, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ მასზეც ვწერდი, თორემ დარწმუნებულ ვარ, თვითონ წიგნებს არ კითხულობს, წერილი შეუგზავნა ყველა იმ ბიჭს, რომლებიც მე წერილებს მწერდნენ. ყველა მათგანი კარცერში ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს.

- როგორ დაადგინეს იმ პატიმრების ვინაობა?

- ციხიდან წერილებს ისე ვინ გამოგატანს, თუ არ წაიკითხეს. მათ ზუსტად იციან ყველა წერილის შინაარსიც და ადრესატიც. ის კი არა, ციხიდან გამოსულ მოძღვრებს შეკრულ თმას უშლიან, იმის შესამოწმებლად, წერილი ხომ არ აქვთ თმაში. ამიტომ ბიჭებს ქარაგმებით, გარკვეული მინიშნებებით უხდებოდათ ამბის მოყოლა წერილებში. ჩვენ ჩვენი ენა გვქონდა, რომელზეც ვსაუბრობდით. ამიტომაც ბევრი ფაქტი გაძვრა. ამაში მეხმარებოდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც აღსარებაში გაუპატიურების ფაქტებსაც კი ისმენდა. და რა მერე? რა შედეგი მოჰყვა ამ წიგნს?! წაიკითხა საზოგადოებამ წიგნი და გადადო გვერდით. მაშინ მე ვერ ვნახე გაგიჟებული მშობლები, დღეს რომ ციხის კარს არ შორდებიან. მაინცდამაინც ფაქტები უნდა ენახათ, რომ დაეჯერებინათ?!

- წიგნის გამოცემის შემდეგ ხომ არ დაუშინებიხარ ან დაგმუქრებია ვინმე?

- ჩემზე პირდაპირ მუქარას ვერ გაბედავენ. კარგად იციან, რომ თავზე "სახურავი" მომძვრალი მაქვს და პირდაპირ თავდასხმაზე გადავალ. საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ ვინმე ხელს მახლებს, თუ ვიგრძნობ რაიმე სახის ზეწოლას ჩემზე ან ჩემს შვილებზე, მათ შვილებს გავუსწორდები. როგორც კი დამემუქრებიან, შვილებს ამოვუჟუჟავ სკოლებში და ბაღებში. იციან, რომ ამის გამკეთებელი ვარ და პირდაპირ ვერ მემუქრებიან. არის მხოლოდ მსუბუქი გაფრთხილებები. მაგალითად, კარგი რა, ლალიკო, შენ ახლა პოპულარული, ცნობილი ქალი ხარ, რად გინდა ეს მძიმე თემა. არ ჯობია უფრო პოზიტიური ემოციები? ჩვენ შეგვიძლია უცხოეთში ტრენინგებზე გაგიშვათ. ერთი სიტყვით, მთაფლავდნენ.

- მათ ვინობას არ გაამხელ?

- არა, რა თქმა უნდა. ესენი იყვნენ 5-6 საერთო ნაცნობი ჩემსა და ამ არაადამიანებს შორის. სწორედ მათგან ვისმენდი ამ "კეთილ" რჩევებს... სახალხო დამცველის, ტუღუშის ანგარიშში იმ საშინელების მხოლოდ 10% იყო ასახული, რაც რეალურად ციხეებში ხდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი ფანდი, ერთი ბარტყის გადაგდების პრინციპი. რაღაცებს წერდა, მაგრამ არა მთავარს. არადა, ზუსტად იცოდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. მეტსაც გეტყვი, გარდა იმისა, რომ იცოდა, როცა ამგვარ ფაქტებზე უყვებოდნენ, ისეთივე მკაცრი ტონით ეუბნებოდა პატიმრების მშობლებს, როგორიც ამ ბოლო დღეებში აქვს, - აბა, როგორ გინდათ, ეს ციხეაო.

- ლალი, შენ კადრების გავრცელებისთანავე აღმოჩნდი გლდანის ციხესთან. რა სიტუაცია დაგხვდა იქ?

- დიდი სახალხო პროტესტი იყო. თუმცა ღამით არავინ აპირებდა, დარჩენას. მაშინ მე ვთქვი, თუ ჩვენ ღამეს აქ არ გავათენებთ, ბავშვებს მოგვიკლავენ. მე ვიცი რა სპეციფიკაა ციხე. იმ ღამეს დავრჩით სამი ზრდასრული ადამიანი და სტუდენტობა. სანთლები გვენთო, ციხის ადმინისტრაციას ვაჩვენებდით, რომ აქ ვართ და რამე რომ მოხდეს, სათანადო ზომებს მივიღებთ. ასე გაგრძელდა სამი დღე. სამი დღე სახალხო დამცველი არ მოსულა ციხესთან. მეორე დღეს, როცა არასრულწლოვნების წამების კადრებიც გავრცელდა, არასრულწლოვნები დაიძრნენ გლდანის ციხისკენ. რამდენიმეკილომეტრიან კოლონაში მოვყევი, სადაც მხოლოდ 13-14 წლის ბავშვები იყვნენ. ვრეკავ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში და ჩართვას ვითხოვ, მე ამ გამწარებულ ბავშვებს ვერ მოვერევი, გადაცოცდებიან ციხის გისოსებზე და მათ ესვრიან-მეთქი. ამის ლეგიტიმური უფლება ციხის ადმინისტრაციას აქვს. მითხრეს, რომ ვერ ხერხდებოდა ჩართვა. ასეთი პასუხი მქონდა ყველა გამწვავებულ მომენტზე და ასეთი მომენტი იყო მინიმუმ სამი. ბოლოს მშობლებისგან შევქმენით რკალი და ბავშვები ციხის გისოსებს მოვაშორეთ. სასულიერო პირებიც იყვნენ ამ რკალში, მათ შორის დედა თამარი, რომელიც ავადმყოფი, მწოლიარე ადგა და მათ დასაცავად მოვიდა. მოვუწოდებდით ბავშვებს, არ გადამძვრალიყვნენ ღობეზე. მესამე დღეს უკვე მშობლებმა დაიწყეს ღობეებზე ასვლა. მათი გაკავება შეუძლებელი იყო. ამის მიზეზი ის მანქანები გახდა, რომლითაც ნაცემი პატიმრები გაჰყავდათ გარეთ. ისინი ახლა აქ, რუსთავის მეექვსე საპყრობილეში არიან. ამიტომ მაქვს ახლა აქ განგაში ატეხილი. ბოთლებს უშენდნენ მშობლები სასჯელაღსრულების დაწესებულების მანქანებს. კატეგორიულად მოვთხოვე ციხის ხელმძღვანელობას, რომ შევეშვი ციხეში. 500-მა მშობელმა ხელი მომიწერა მოთხოვნაზე. ამ მოთხოვნის მერე ოთხი საათი გავიდა და ვხედავ, ჩემკენ მორბის სამხედრო პირი და მეუბნება, ქალბატონო ლალი, სასწრაფოდ გეძახით ციხის ახალი დირექტორი გურამ დოლიძეო. ავედი. იქ დამხვდა ლალი აფციაური. პატიმრების სანახავად იყო შესული. ციხის უფროსი ყვირის, ბუნტიაო. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, რაც იქ ვნახე და გავიგონე. 4 ათასამდე პატიმარი გისოსებზე აბრახუნებდა და შველას ითხოვდა. მე და ლალიმ ყვირილი დავიწყეთ, აქ ვართ, ნუ გეშინიათ, ყველაფერი დამთავრდა. მივხვდი, რომ ეს არ შველოდა, დავუჩოქე პატიმრებს და ვუთხარი, მე ვარ, ლალი ვარ, მოროშკინა, ჩვენ ხომ დიდი ხანია ვმეგობრობთ, გაძლევთ სიტყვას, რომ ხვალვე შემოვიყვან ჟურნალისტებს და ყველა გაიგებს თქვენს ამბავს-მეთქი. მაშინვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ციხის ეზოში ხდებოდა. ამასობაში რუსთავის მეექვსე საპყრობილეში ირევა სიტუაცია და იქ გავრბივარ, სადაც ათასობით სტუდენტი, პატიმრების სარკმელთან ანთებული სანთლები და შეძახილები მხვდება, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, თქვენთან ვართ-მეთქი. გამოდის ციხის ახალი უფროსი ირაკლი აბაშიძე და მივყავარ აბობოქრებულ ციხესთან, სადაც ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც გლდანის ციხეში ვნახე. ვთხოვე პატიმრებს, რომ დამშვიდებულიყვნენ და მეორე დღეს მათთან მეც და ჟურნალისტებიც შევიდოდით. ეს პირობა ციხის უფროსმა მომცა, რომელიც შემდეგ ურცხვად დაარღვია.

მეორე დღეს, როცა პრესასთან ერთად მივედი ციხესთან, აღარ შემიშვა, მთლიანად ჩაკეტა ციხე. იმ დღეს ადვოკატებიც კი არ შეუშვა. იმ კორპუსის პატიმრები, საიდანაც კარგად ჩანდა მომიტინგეები და ის სიტუაცია, რაც ციხის კართან ხდებოდა, მთლიანად გააქრეს. ვიცი, რომ ისინი კარცერში ჰყავთ. თუ გურამ დოლიძემ მოშალა კარცერი მერვეში, შენ რატომ არ გააკეთე იგივე-მეთქი, ვკითხე ციხის უფროსს. ცინიკურად გამიღიმა და მითხრა, მე ეგ ბრძანება არ მქონიაო. პატიმრები სრულ უნდობლობას უცხადებენ ტუღუშს, იმიტომ, რომ მატყუარაა. ჩვენ გვყავს მოშიმშილე და პირამოკერილი პატიმრები რუსთავის ციხეში, პატიმრები, რომლებიც ნემსითა და ძაფით, ზედა კიდურებით საწოლებს მიეკერნენ. როცა მომაკვდავ კიკნაძესთან შევიდა ტუღუში, გამოვიდა და მის მოშიმშილე დედას, რომელთანაც ყოველდღე სასწრაფოს იძახებენ აქ მყოფები, ურცხვად მოატყუა, არაფერი სჭირსო. მერე მამა გრიგოლი შევაგზავნეთ კიკნაძესთან, რომელმაც ამბავი გამოიტანა, აღსარება ჩამაბარა და ზიარებაც კი მთხოვა, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ ამასო. ფერწასული იყო მამა გრიგოლი... მუხანათური გეგმა შეიმუშავეს ტუღუშმა და რუსთვის მეექვსე კოლონიის დირექტორმა, "ზაჩისტკა" უნდა მოხდეს. ტუღუშმა უნდა დაფაროს ყველაფერი, რაც ხდება და ხდებოდა წლების განმავლობაში. მე ღია ეთერში გამოვიწვიე ტუღუში, მაგრამ არ მიჯდება, იცის, რომ ფაქტებით მივალ და პასუხები არ აქვს. აქ, ამ ციხეში, დღემდე უთვლის მოკითხვებს დაშინების მიზნით ახალაია პატიმრებს, რომ არაფერი თქვან.

- ლალი, შენ გლდანის ციხეში იყავი შესული, საკნებში მოინახულე პატიმრები. გვიამბე, რა ნახე იქ.

- გლდანის ციხის დირექტორმა შეასრულა პირობა და ბუნტის მცდელობიდან მეორე დღეს მე, დიმა ლორთქიფანიძე და გელა კეტაშვილი შეგვიშვა ციხეში. იქ ისეთი რამ გადავიტანე, იმედი მაქვს, ცხოვრებაში არასდროს გადავიტან. თუმცა არ მქონია იმის შიში, რომ ამბოხებული პატიმრები მე შეურაცხყოფას მომაყენებდნენ. შეურაცხყოფა შეიძლება გარეთ დარჩენილმა საშუალო სქესის მამაკაცმა მოგაყენოს. ნამდვილი ვაჟკაცების არასდროს შემშინებია. საკნებში შევდიოდით, არასრულწლოვნები ვნახეთ. ვიყავით ე.წ. "რეზბალნიცაში", სადაც სისხლისგან იცლებიან პატიმრები. მე ვნახე გამწვანებული, დაავადმყოფებული ჩვენი თაობა. ბიჭები მოგვიყვნენ, როგორ ურტყამდნენ სათესლე ჯირკვლებში ბადრაგები, აუპატიურებდნენ, კაცობას ართმევდნენ, იმისთვის, რომ ჯიში დამთავრდეს. ეს სატანისტური გეგმაა, ხალხო, რომ ქართული ჯიში მოკლან! საზარელი ისტორიები მოვისმინე და იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები.

- ლალი თუ გაქვს ინფორმაცია, რა ხდება ქალთა კოლონიაში?

- იქაც დამძიმებულია სიტუაცია, კოლონია სავსეა პირადი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრებით, როგორიც არის, მაგალითად, კვიციანის და. ვიცი, რომ ზეწოლას ახორციელებენ ბევრზე, მაგრამ დღეს რუსთავის მეექვსე კოლონია უნდა გადავარჩინოთ. აქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"