ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აბანოთუბანში, ახალი რეკრეაციული ზონის, ლეღვთახევის დათვალიერებისას განაცხადა .
მისივე თქმით, სულ ჰქონდა განცდა, რომ მის მთავრობას ყველაფერი არჩევნებამდე უნდა მოესწრო. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ მოსასწრები.
"მთავრობის გადაბარებამდე ყველა გამგეობა, ყველა გუბერნატორი არ ჩერდება, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროექტები. ერთი დღითაც არ ჩერდება მუშაობა. მუდმივად ვურეკავ ყველას და ვეუბნები - სადაც გვაქვს პროექტები, არ გააჩეროთ, ვიდრე ამის უფლებამოსილება გაქვთ. რაც არ გაუკეთებია ამდენ მთავრობას ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ეს 8 წელიწადში, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წელიწადში შევძელით. არ მინდა, ეს აღმშენებლობა გაჩერდეს. არასოდეს ამ ტემპით არ აშენებულა თბილისი, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში და ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. ვუსურვებ საქართველოს ცენტრალურ მთავრობას, რომ ერთი წუთით არა თუ არ დააგდოს ეს ტემპი, არამედ ბევრად მეტი გააკეთოს. ეს არის საერთო ეროვნული საქმე. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ეს გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინ გვაქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისობის სტუმრებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
იხილეთ ვიდეო