ანდრეი ნეკრასოვი: "მე მიშა კი არა, საქართველო მიყვარს!"

ანდრეი ნეკრასოვი: "მე მიშა კი არა, საქართველო მიყვარს!"

რამდენიმე დღის წინ რესტორანში, გვერდით მაგიდასთან, უცხოელმა ახალგაზრდა მამაკაცმა ოფიციანტს რამდენიმე ქართული კერძი შეუკვეთა. ეტყობოდა, კარგად ერკვეოდა ქართულ სამზარეულოში. პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და გულდასმით შევათვალიერე. ქართული სამზარეულოს მოყვარული ცნობილი რუსი დოკუმენტალისტი, აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმ "რუსულის გაკვეთილების" ავტორი ანდრეი ნეკრასოვი აღმოჩნდა. ბევრი არც მიფიქრია, დიქტოფონით შევიარაღდი და მის მაგიდასთან დაჯდომის ნებართვა ვითხოვე.

- დიდი ხანია საქართველოში ხართ?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი, ძალიან მაინტერესებდა მოვლენები, საქართველოში რომ ვითარდებოდა. ჩემი აზრი ჯერ კიდევ პატიმართა წამების შემზარავი ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ გამოვხატე. ეს ფაქტები უკავშირდება ერთ კაცს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც უნდა სწრაფად მოახდინოს ქვეყნის მოდერნიზაცია და მოქმედებს ლოგიკით "მიზანი ამართლებს საშუალებას". ფაქტია, რომ

სააკაშვილის პოლიტიკა იყო ასეთი - ყველაფერი დასაშვებია, ოღონდაც მიზანი იყოს მიღწეული.

- მათ შორის ძალადობაც?

- ასეა... ეს არის უნივერსალური ისტორია, რომელიც იმსახურებს ფილმად გადაღებას. ეს შეიძლება იყოს "მონანიება 2". არ იფიქროთ, რომ სააკაშვილს სტალინს ვადარებ. ის, რაც სტალინის მმართველობისას ხდებოდა, უფრო მასშტაბური დანაშაული იყო. მაგრამ ის, რაც ქართულ ციხეებში მოხდა, ასევე დანაშაულია. ჩემი ქართველი მეგობრები მეუბნებიან, ამ შემზარავი ფაქტების შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ზოგს ეშინოდა ხმის ამოღება, ზოგს კი არავინ უსმენდაო.

ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ სააკაშვილს მეგობარიც კი ვუწოდე, არასწორია. ჩემს გამოჩენას "ქართული ოცნების" აქციებზე სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. არასდროს დამავიწყდება ერთი ლამაზი გოგონა, რომელიც მოვიდა, ჯერ თავაზიანად მომესალმა, შემდეგ კი მითხრა, თქვენ კი ძალიან გიყვართ მიშა, მაგრამ ნახეთ, ვისთან დგას ხალხიო! ისე გაიქცა, პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი.

- ახლა შეგიძლიათ უპასუხოთ ჩვენი გაზეთის მეშვეობით.

- ჩემი პასუხი მარტივია. მიშა კი არა, მე საქართველო მიყვარს! მე აქ ვიყავი აგვისტოს ომის დროს და სიმართლეს ვაშუქებდი. ეს არ ნიშნავს, რომ მიშა მიყვარს და მის პოლიტიკას ვეთანხმები. რა დასამალია, ჩვენ მართლაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, მის ოჯახშიც ვარ ნამყოფი. პოლარიზება ძალიან მტკივნეული პროცესია. ჩემი პატივისცემის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ხალხი ძალიან ტემპერამენტიანი და ემოციურია, ჩემთვის, როგორც ჩრდილოელი კაცისთვის, ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცხო და უხერხულია.

- ითქვა, რომ ივანიშვილის გამარჯვება პუტინის შეთქმულების ნაწილია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი პუტინის პროექტია, სრული უაზრობაა. როგორც ვიცი, ივანიშვილი პუტინს საერთოდ არ შეხვედრია. ამიტომ ამით აპელირება სისულელე და ბოდვაა. ახლა საქართველოში დაიწყება ისტორიული პროცესი - მომხდარის დეტალურად გაანალიზება. იმედია, "კუდიანებზე ნადირობას" არ დაიწყებენ, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ეს არ მოხდება. თუმცა, ბევრი განაწყენებულია იმით, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. შესაბამისად, ბევრი კითხვა გაჩნდება. ის, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიული იყო, კარგია! ჩვენთვის, რუსებისთვის, ეს შესანიშნავი მაგალითია. საქართველოში იქნება ორპარტიული საკანონმდებლო სისტემა - ნორმალური, ბრძოლისთვის მომართული ოპოზიცია და ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულად გაკონტროლების ბერკეტი.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა