საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში მდგომარეობს.
"ახალი, რასაც "ქართული ოცნება" საგარეო პოლიტიკურ კურსში შეიტანს, არის ერთი - დარეგულირდეს ურთიერთობა რუსეთთან და ამის საშუალებით აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კონკრეტული მონახაზი არსებობს, თუმცა სრულყოფილი გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საგარეო უწყებაში გადაინაცვლებს.