გიგა ბოკერია - უფლებამოსილების დელეგირება ახლა არ ხდება და, შესაბამისად, არც ერთ უწყებაში არავინ არ "ჯდება"

გიგა ბოკერია - უფლებამოსილების დელეგირება ახლა არ ხდება და, შესაბამისად, არც ერთ უწყებაში არავინ არ "ჯდება"

ერთი მთავრობიდან მეორეზე უფლებამოსილების დელეგირება ახლა არ ხდება და, შესაბამისად, არც ერთ უწყებაში არავინ არ "ჯდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ სახელმწიფო კანცელარიაში, მოქმედ ხელისუფლებასა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დღეს არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ ახალი მთავრობის შემადგენლობის გარკვეული ნაწილი დასახელდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დღეს შედგება კონსულტაცია ჯერ კიდევ მოქმედი აღმასრულებელი მთავრობის შესაბამის პირებსა და წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა მომავალ მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა ჰქონდეს და მუშაობას უკვე ინფორმირებული შეუდგეს. თუმცა, გარკვეული სახის განმარტება უნდა გავაკეთო, რადგან რიგმა მედიასაშუალებამ ამ პროცესს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. არავინ არსად არ ჯდება, როგორც წარმომადგენელი. დელეგირების უფლებამოსილება ახლა არ ხდება და ეს არის მხოლოდ კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ერთი მთავრობის მიერ, რომელიც წასასვლელად ემზადება ახალი მთავრობისთვის", - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, მოქმედი მთავრობა მუშაობას აგრძელებს იქამდე, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დამტკიცებული არ იქნება.

"არანაირი შერეული უფლებამოსილება, არანაირი შერეული პასუხისმგებლობა და არანაირი შერეული ხელმძღვანელობა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს არის ერთი მთავრობის მიერ ახალი მთავრობის მიმართ ურთიერთობის ცივილური ფორმა", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მოქმედი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაიწყო, ასევე კონსტიტუციის შესაბამისად დასრულდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა