მთავრობის გადახალისების პროცესში ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობების დატოვება არ მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ამ თემასთან დაკავშირებით კითვის ნიშნები არ არსებობს. მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად გადაეცემა "ქართულ ოცნებას", მაგრამ არსებობენ თანამდებობები, რომლებიც არა მთავრობას, არამედ პრეზიდენტს, პარლამენტს და ა.შ ეხება. მათ შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი და გენერალური აუდიტორის თანამდებობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიცვათ კანონს და ეს ადამიანები არ იქნებიან იმ ცვლილების ნაწილი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დღეს განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალი მოწვევის პარლამენტის სპიკერობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმაც. მისი განცხადებით, კოალიციის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს, რომ მთავრობის წევრებთან ერთად პოსტებს ისინიც დატოვებენ.
"ეს ორი თანამდებობა არ არის სამთავრობო ნომენკლატურა. შესაბამისად, ისინი მინისტრებთან ერთად არ დატოვებენ თანამდებობებს. "ქართული ოცნების" მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურების დასახელება არ ნიშნავს, რომ ისინიც იმ სტატუსით ისარგებლებენ, როგორითაც მთავრობის წევრები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილის, გენერალურ აუდიტორად კი რევაზ შავიშვილის კანდიდატურები დაასახელა.