საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე კონტროლის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის (სდსს) გადაბარებით, პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება გაზარდა, მთავრობის კი შეამცირა.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" ჩვენ გვაქვს კანონი და ის ნათლად განსაზღვრავს, რა არის ამ სამსახურის მიზანი. მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისად ის ფუნქცია რა ფუნქციაც პრეზიდენტმა მას ახალი ბრძანებულებით გადასცა, წინააღმდეგობაში მოდის კანონის მიზნებთან. ამასთან, ადრე სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნაში ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობდა და სააგენტო მის წინაშე ანგარიშვალდებულიც იყო. ახლა ეს ანგარიშვალდებულება იცვლება და გადადის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტს ემორჩილება ანუ ერთგვარად პრეზიდენტის ძალაუფლება და გავლენა გაიზარდა, მთავრობის კი შემცირდა, რადგან მან ნაკლები ინფორმაცია ექნება ამ სააგენტოს მუშაობის შესახებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საია-ს იურისტმა სულხან სალაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჩააბარა.
საუბარია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომლიც ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურას წარმოადგენს და რომლის მიზნებსა და ამოცანებს ჯერ კიდევ მოქმედი წესდების თანახმად განეკუთვნება: - სამთავრობო რეზიდენციებში პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით; ასევე, გადაცემული ქონების (მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების) მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება; საინვესტიციო პროგრამებისა და მშენებლობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; საზღვარგარეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების მომსახურება საჭიროების შემთხვევაში; სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე, სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება.
პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებით, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ" ბრძანებულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის საფუძველზეც, სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.