ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ნანობს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მან "რეზონანსს" განუცხადა.

ამასთან, ბედუკაძე ამბობს, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი, მეგის ქარდავა ჩავიდა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელშივე იმყოფება ბედუკაძეც. ამავე ინფორმაციის თანახმად, მეგის ქარდავა ბრიუსელში ბედუკაძის მეგობართან, დაზვერვის ყოფილ ოფიცერ ვიქტორ ჭელიძესთან შესახვედრად ჩავიდა.

ბედუკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვიქტორ ჭელიძეს უკვე წლებია იცნობს, ის მისი მეგობარია და გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბელგიაში წასული მეგის ქარდავა ჭელიძეს უნდა შეხვდეს, მხოლოდ სიცრუეა და ემსახურება იმას, რომ იგი საკუთარ მეგობარს ჩამოაშორონ.

ბედუკაძის თქმით, მისი ოჯახის წევრები ამჟამად სტამბულში იმყოფებიან და როდესაც ისინი უკვე ბრიუსელში იქნებიან, საზოგადოება სიმართლეს მაშინ გაიგებს. "ჩემი ოჯახის უსაფრთხოება არის პირობა ყველაფრის გამხელისა", - უთხრა მან "რეზონანსს".

"ინტერპოლის" მიერ ძებნილი ბედუკაძე თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მეგის ქარდავა ბელგიაში შესვლას ვერ შეძლებდა...

"იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ბელგიის ხელისუფლება და მოვითხოვე ქარდავას დაკავება - ეს ერთი. მეორეც - ქარდავა იმდენად კურდღელია, აქ ვერ გაბედავს ჩამოსვლას. მესამე და მთავარი - ეს ინფორმაცია არის სიცრუე, გამიზნულია ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად და ჩემი მეგობრის, ვიქტორ ჭელიძის ჩამოსაშორებლად. იცით, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს? ის ძალები, ვისაც არ აწყობს სიმართლის ბოლომდე დადგენა", - ამბობს ბედუკაძე.

მოგვიანებით თავის ბელგიელ ადვოკატ ამრანისთან, რომლის სახელიც ვერ გაიხსენა, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვითხრა, რომ "მეგის ქარდავა ბრიუსელში 4 ოქტომბერს ჩამოსულა". ამასთან, იგი გამორიცხავს ჭელიძესა და ქარდავას შორის რამე ურთიერთობას. "არანაირი ურთიერთობა არ აქვთ, რა სისულელეა. ქარდავა არის მკვლელი და ჯალათი. ქარდავასთან ჭელიძის სახელის ხსენება მკრეხელობაა", - ამბობს იგი.

"ათასნაირ სიბინძურეს ვკითხულობ და ვიგებ. დამიჯერეთ, სიმართლე გასარკვევია კიდევ. ამიტომაც ვითხოვდი ბ-ნ ბიძინასთან შეხვედრას. აბა სააკაშვილთან შეხვედრას ხომ არ მოვითხოვდი? გასარკვევია, ვინ გასცა ინფორმაცია, ხო? ეს რომ შიდა წრიდან იყო, ფაქტია. გასარკვევია, რატომ ჭიანურდებოდა ჩემი ოჯახის გამოყვანა საქართველოდან.

ფაქტები მაქვს და ეს იცის ადვოკატმა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი გარკვეულ პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გადაამოწმებს და ა.შ. არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩანს.

ხმამაღალი განცხადებების დრო ჯერ არაა. ყველაფერი უნდა დალაგდეს ქვეყანაში. არ მინდა, კიდევ რამე ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ისიც ვიცი, რატომ გაურბიან ჩემთან შეხვედრას. მე ვთქვი, ჩემი ოჯახი მძევლადაა-მეთქი. მძევლად ყოფნა არ ნიშნავდა იარაღით თავზე დგომას. მძევლად ყოფნაა ჩემთვის, როცა ვერ ვამბობ სიმართლეს. მძევლად არიან ჩემი მეგობრები - ფარულავა და აკობია ციხეში, ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა გვემხილებინა რეჟიმი. ამიტომ ვამბობდი, მომისმინეთ-მეთქი. არავის მივცემ უფლებას ქართველი ერის ტრაგედიით იმანიპულირონ და ქულები დაიწერონ".

ბედუკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ნანობს.

- მეზიზღება საკუთარი თავი. ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი. ვნანობ. ეკლათ და ეხოცათ. სიზმარში მგონია თავი. არანაირად არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. მეც სისტემის ნაწილი ვიყავი, როგორც ყველა 4 500 თანამშრომელი. არაა აქ ყველა ჯალათი, მაგრამ ის 20 პროცენტი, ვისაც ბრალი ედება ბიჭების წამებაში, უნდა გასამართლდეს სამაგალითოდ. საკუთარ დედას გამოჭრიდნენ ყელს, ოღონდ სააკოვის ქება დაემსახურებინათ. ავადმყოფობაა ეს. ჯერ კიდევ აგონიაში ვარ.

- სააკოვის?

- აბა რაა. ვინ შექმნა სისტემა? ვინ დანიშნა ახალაია? როცა თინა ქეიდენაუ (ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ევროპისა და აზიის საკითხებში) 2009 წელს შეშფოთებული იყო ჯალათის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, რა პასუხი გასცა სააკოვმა? არ ესმოდა თურმე შეშფოთების მიზეზი. ახლა ხომ იხილა ერმა "მიზეზი".

და კიდევ ერთი. როცა ბაჩოს ნიშნავდა პოლიციის მინისტრად, ნახეთ ის კადრები, იქაა სიმართლე, ნახეთ სააკოვის სიტყვები. რას ამბობს არ გაინტერესებთ? – "აბა, ნახეთ ქურდები როგორ გვიან საკნებს ცოცხით. ამ კაცმა გააკეთა ის, რაც მე ვერ გავაკეთე", - ხოდა, ეს ცოცხი დამთხვევა იყო? როგორ გგონიათ? არ იცოდა, ხო?

- თქვენი უსაფრთხოების ზომები დაცულია?

- მე მიცავს ბელგიის პოლიცია ისე, როგორც ყველა თავის მოქალაქეს. განსაკუთრებული არაფერი.

თეონა გიგაური

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა