როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დავით გოგიშვილი, ანუ ციყვი და თემო მჟავია ვაკეში მოტოციკლით ავტოავარიაში მოყვნენ. ორივე მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუკლიკო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და საავადმყოფოდან გამოწერილ დათოს შეეხმიანა.

- მე და თემო მჟავია მოტოციკლით მივდიოდით ვაკეში ჭავჭავაძის პროსპექტზე. ძალიან დასაშვები, მოკრძალებული და არაექსტრემალური სიჩქარით გადავაადგილდებოდით. არაყიშვილის კუთხეში შუქნიშანზე რომ დავიძარით, სრულიად მოულოდნელად მანქანამ შემოუხვია, გადმოკვეთა ღერძულა ხაზი და შეუხვია, ხილიანისკენ რომ ახალი გზა გაჭრეს. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მუხრუჭის გამოყენების მიუხედავად, მოხდა შეჯახება. მე რომ შევატყვე, ვეჯახებოდი, თემოს ხელი გავუშვი, რომ მისთვის მანევრირების საშუალება მიმეცა და მეც გადავხტი. შევეცადე, თავი არ დამერტყა. თემომ მარჯვენა ხელი და ფეხი მოიტეხა, მე - მარცხენა ხელი. სასწრაფო დახმარების მანქანამ მიგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ ჩატარდა დაზიანებების პირველადი დამუშავება და გაგვიკეთეს ოპერაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მედპერსონალს მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის. საკმაოდ მძიმედ ვიყავით. ახლა ყველაფერი კარგადაა, ორივე უკეთ ვართ. სარეაბილიტაციო პერიოდი გვაქვს.

- როგორ შეიტყვე ეგზიტპოლების შედეგები?

- 2003 წელს 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დღეს, მთავრობის სახლთან ბრმანაწლავის მწვავე შეტევა განმივითარდა. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს და ოპერაცია რომ დაიწყო, ჯერ კიდევ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, რომ გავიღვიძე, ოპერაციის შემდეგ უკვე სააკაშვილი იყო მოსული ქვეყნის სათავეში. ამჯერადაც ასე განმეორდა, ახალ საქართველოს ახალგაღვიძებული და ნაოპერაციები შევხვდი. ეს უმძიმესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ამხელა ტრავმა მივიღეთ და პრაქტიკულად ორივემ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, მინდოდა, იმ დიდი ეპოპეის გამარჯვებით დაგვირგვინების სიტკბო პირადად მეგრძნო, რასაც "ქართული ოცნების" ტრიუმფალური გამარჯვება ჰქვია. ჩემს ტელეფონზე მოსალოცი ზარები ისეთი ინტენსივობით შემოდიოდა, როგორც 1945 წლის 9 მაისს მისალოცი ზარები სტალინთან კრემლში (იცინის), ანუ "რასკლადი" ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1) თუ მოტეხილი ხელი გტკივა, ესე იგი ამინდი იცვლება; 2) თუ დათო გოგიშვილს ფათერაკი შეემთხვა, ესე იგი ხელისუფლება იცვლება.

- თემო მჟავიას მდგომარეობაც გვაინტერესებს, რჩება საავადმყოფოში?

- თემო შედარებით მძიმედ იყო, ის 2 დღით გვიან გამოწერეს. სარეაბილიტაციო კურსს სახლში გადის. სანამ ოპერაციაზე შეგვიყვანდნენ, ერთმანეთს ვამხნევებდით. მე საუკეთესო სახაშეების ზუსტი კოორდინატები მივუთითე. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა იმასაც და მეც, ვცდილობდი, მოტივაცია და მხიარული განწყობა არ დამეკარგა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შეშინებული მოვარდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კობა კოპალეიშვილი იყო. გაფითრებულმა მკითხა, ავარია სად მოგივიდაო. მე ვუპასუხე: რა შეკითხვებს სვამ, სოფლელი კისერს სად იტეხს? - რა თქმა უნდა, ვაკეში!.. გაოგნებული მიყურებდა, იფიქრა, გავიდა "გაღმაო". კამიკაძეების რჩეული სარძლოსავით ვიყავი გადაფურჩქნილი. საერთოდ, თერაპიული პროცესების ეფექტურად წარმართვისას განწყობილებასა და სიმხნევეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მორალურად არ უნდა გატყდე.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელების შემდეგ პირობა დავდეთ, რომ ეკლესიაში წავიდეთ და მადლობა შევწიროთ უფალს გადარჩენისათვის.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"