თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

შს მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თამაზაშვილმა გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება

რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ უდანაშაულოა და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში.

მისივე თქმით, აღშფოთებულია წინასაარჩევნოდ ტელევიზიებით გადაცემული რგოლებით იმის შესახებ, თითქოს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან.

საპატიმროსთან თამაზაშვილს ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 9 ოქტომბერს დაამტკიცა.

სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან. განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეების მიერ შემოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამაზ თამაზაშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. "იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად ერთი წლის ვადა. შესაბამისად, თამაზაშვილს აღნიშნული ვადა გასდის 11 ოქტომბერს, თუმცა პატრიარქის კურთხევით, პატიმრებს ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე ათავისუფლებენ", - აღნიშნა თადუმაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა