ფოთის პორტის სარეზერვო ბრიგადის გაფიცულ თანამშრომლებს ნავსადგურის გენერალური დირექტორის, ჯოზეფ ქროულის მიერ ხელმოწერილი წერილი დაურიგდათ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე ადამიანი.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, წერილში ასევე მითითებულია, რომ თუ გაფიცული მუშები დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათ წინააღმდეგ გატარებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები, მათ შორის ფინანსური სანქციები.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნავსადგურის მრავალმიზნობრივ ტერმინალებზე სამუშაოების წარმოებისას, ადგილი ქონდა მომუშავე პერსონალის მიერ თვითნებურად სამუშაო ადგილის მიტოვებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტებს. ჩვენი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება აფერხებს სამუშაო პროცესს და უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს კომპანიას. ანალოგიური დარღვევის გამო ჩვენს მიერ უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე თანამშრომელი.
გთხოვთ, მიიღოთ წინამდებარე წერილი, როგორც გაფრთხილება თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ისინი შეუდგნენ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას მათთვის განსაზღვრულ ცვლებში და შემდგომში არ მოხდეს ანალოგიური ფაქტების განმეორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კომპანია კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს სამსახურეობრივი მოვალეობის დამრღვევი პირების მიმართ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ჩათვლით", - ნათქვამია წერილში, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერაციების უფროსმა ჩარლზ კუურსტრამ გაავცრცელა.
წერილში, ასევე მითითებულია, რომ კომპანია მზად არის, განიხილოს ნებისმიერი საკითხი ბიზნეს-ეთიკისა და პროფესიული ნორმების დაცვით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი არ გამოიწვევს სამუშაოს შეფერხებას.